ლიტერატურული ჩაი
17 წლის გრაფიკოსმა ქართული მწერლობა შთამბეჭდავ ილუსტრაციებში ასახა
ნიკოლოზ ბარბაქაძე 17 წლის თვითნასწავლი გრაფიკული დიზაინერია. არც ისე დიდი ხანია, რაც ის ციფრულ უნარებს დამოუკიდებლად დაეუფლა და ილუსტრაციების შექმნა დაიწყო. თავდაპირველად მისი ნამუშევრებით მხოლოდ თავად და მეგობრები სარგებლობდნენ, თუმცა ყველაზე მეტს ხომ მაშინ ვსწავლობთ, როცა საქმეს ჰობის დატვირთვა აქვს და კეთების პროცესშიც სიამოვნებას ვიღებთ.
როგორც ის On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რამდენიმე თვის წინ ნახა პოსტერი Literary Coffee, რომელშიც გამოჩენილი მწერლების შემოქმედება საინტერესოდაა წარმოდგენილი. მისი სიტყვებით, პროექტი იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა, მსგავსი ქართველ ხელოვანებზეც შეექმნა და თან, პორტფოლიო გაემდიდრებინა.
პირველი ესკიზი ნიკოლოზმა იმავე დღეს დაასრულა:
"ვფიქრობ რომ ვაჟას შემოქმედება შეძლებისდაგვარად კარგად გადმოვეცი. მუშაობის პროცესმა ისეთი სიმშვიდე და კმაყოფილება მომგვარა, რომ გადავწყვიტე, მთლიან პროექტად გამოცემა".
ახალგაზრდა ილუსტრატორი ამბობს, რომ სრული ნამუშევრების შექმნის პროცესი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და პროექტს თავისუფალ დროს უთმობდა. პირველ ნაწილში სულ 14 ნამუშევარია შესული. მას არ სურდა, ცალკეული ილუსტრაცია იქამდე გამოექვეყნებინა, სანამ პირველი ნაწილი სრულად არ ექნებოდა მზად:
"ყველაზე რთული ალბათ მიხეილ ჯავახიშვილი იყო, რადგანაც მონახაზზე ფიქრმა ყველაზე დიდი დრო წაიღო".
17 წლის თვითნასწავლი გრაფიკოსი თავის ნამუშევრებში ცნობილი ლიტერატორების ხასიათების გადმოტანას იდეალურად ახერხებს — პარალელებს ვპოულობთ საყვარელ ლექსებთან და ნაწარმოებებთან, ბუმბერაზ ხელოვანებთან ასეთი ფორმით შეხება კი მოყვარული მკითხველისთვისაც სასიამოვნოა.
"ნამუშევრების დასრულების შემდეგ პოსტერზე მათი ასახვა გამოწვევა იყო. მინდოდა, ორიგინალური სახით წარმომედგინა ნამუშევრები. შედეგად მივიღეთ მაგიდაზე მდგარი ლიტერატურული ჩაი, ავტორების ხელმოწერების ჩემეული ასლით".
მართლაც, ყურადღებას იპყრობს, რომ თითოეულ ილუსტრაციაზე კონკრეტული შემოქმედისთვის დამახასიათებელი ხელწერაა დატანილი:
"ზოგი მათგანის მოპოვება გაჭირდა, თუმცა, უმეტესობაზე შენიშნავთ ზუსტ ანალოგს".
ნიკოლოზი სამომავლოდაც აპირებს პროექტის მეორე ნაწილზე მუშაობას, სადაც სხვა ისეთ ავტორებს ჩაუღრმავდება, რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში შედარებით იშვიათად ექცევიან.
ფოტო: ნიკა ბარბაქაძე
ფოტო: ნიკა ბარბაქაძე
ფოტო: ნიკა ბარბაქაძე
ფოტო: ნიკა ბარბაქაძე
კომენტარები