ილუსტრაციებში გაცოცხლებული საქართველოს დავიწყებული კულტურა და ისტორია
გიფიქრიათ, როგორები იქნებოდნენ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურიდან, ისტორიიდან თუ მითოლოგიიდან ცნობილი სახეები ვიდეოთამაშის, ანიმაციის ან თუნდაც ზღაპრული სამყაროს გმირები რომ ყოფილიყვნენ?
შეიძლება, არც ისე მარტივი წარმოსადგენია, მაგრამ ქართველმა დიზაინერმა დათო სიმონიამ ჩვენს საერთო წარმოსახვაში ხშირად მეტისმეტად პირქუშად ან ბუნდოვნად წარმოდგენილი ფიგურები თავისი უნიკალური ფანტაზიით გააცოცხლა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მათ უფრო თვალსაჩინო ფერები, მკვეთრი ხასიათის ნიშნები შესძინა.
ერთი მხრივ, შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ეს უბრალო ჰობია, რომელსაც ავტორმა მხოლოდ თავშესაქცევად მიმართა, თუმცა გრაფიკულ დიზაინერ დათო სიმონიას უფრო შორს მიმავალი მიზნები ჰქონდა: მას სურდა, ერთი შეხედვით ყველა ქართველისთვის კარგად ნაცნობი ისტორიული პიროვნებების ნაკლებად ცნობილი მხარეები გამოეკვეთა, ამავდროულად კი მათი ღვაწლის შესახებ ყველასთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა.
როგორც თავად ილუსტრაციების ავტორი On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, ის ვერ ეგუება დროის უსამართლობას, რომელიც სხვადასხვა ნიშნით გამორჩეულ ადამიანებს დავიწყებისთვის იმეტებს. ამიტომაც უნდოდა ყველასთვის ხელახლა გაეხსენებინა მათი სახე ისე, როგორც თავად წარმოედგინა ისინი.
"ესაა ჩემი რეაქცია სამწუხარო ტენდენციაზე, დავივიწყოთ ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვანი, ღირებული პერსონაჟები ან გვახსოვდეს მათი მხოლოდ უმნიშვნელო მხარე. მეორე მხრივ, ასე ვცდილობ წინააღმდეგობა გავუწიო ისტორიის უსამართლო მონტაჟს, რაც განსაკუთრებული სიმძლავრით დაიწყო კომუნისტურმა რეჟიმმა და სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამ მონტაჟს ეწირება როგორც ძალიან საინტერესო ისტორიები, ისე ყველასთვის ნაცნობი მოღვაწეების ნამდვილი სახეები. სწორედ ამ მონტაჟის წყალობით ვაჟა არის ბუნების მგოსანი, ბარათაშვილი მეოცნებე რომანტიკოსი, ხოლო მედეა — მოღალატე", — ამბობს დათო ამ სერიის შექმნის მიზეზებზე საუბრისას.
ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახალგაზრდა თაობის პუბლიკაა, რადგან ისინი უფრო თანამედროვე ხელოვნების ფორმებს არიან მიჩვეულები და ეს ილუსტრაციებიც მეტ შესაძლებლობას აძლევს მათ, რომ მშობლიური კულტურითა და ისტორიით უფრო მეტად დაინტერესდნენ.
ფოტო: დათო სიმონია
დრო ყველას სასტიკად ეპყრობა, თუმცა განსაკუთრებულად ქალებს, რომელთა მნიშვნელობაც საუკუნეების განმავლობაში ისტორიკოსებისთვის, როგორც წესი, შეუმჩნეველი იყო, ხოლო იმ ქალებს, ვის შესახებაც დღემდე შემოგვრჩა ცნობები, სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ ან მათი ქმედებები ხშირად მხოლოდ უარყოფითად, სისუსტის გამოვლინებადაა წარმოჩენილი.
დათო სიმონიას ილუსტრაციების სერიაში კი სწორედ ამის გამო ქართულ კულტურასთან თუ ისტორიასთან დაკავშირებულ ქალ გმირებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ: მას სურდა, ყველასთვის შეეხსენებინა იმ ძლიერი ქალების შესახებ, რომლებიც უსამართლოდ მივივიწყეთ.
ფოტო: დათო სიმონია
ფოტო: დათო სიმონია
აღსანიშნავია, რომ შთამბეჭდავი ილუსტრაციების შექმნასთან ერთად, დათო სიმონია თითოეული დახატული პერსონაჟის შესახებ სპეციალურ ისტორიასაც აქვეყნებს, სადაც ხაზგასმულია ამ გმირი ქალების ღვაწლი და ის, თუ რატომ არიან ისინი მნიშვნელოვანი ქართული კულტურული იდენტობისთვის.
"ქალებს საქართველოს ისტორიაში და არა მხოლოდ, ხშირად არა თუ სასტიკად, სადისტურადაც კი ექცევიან. სხვათა შორის, ახლახანს, როცა პერსონაჟებს ვეძებდი, გადავაწყდი სიუჟეტს შარშან, 9 აპრილისთვის მიძღვნილ მუსიკალურ კომპოზიციაზე, სადაც კომპოზიტორი აცხადებს: "მე ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ, აი, ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას". ეს მაშინ, როცა 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მსხვერპლშეწირულთა სრული უმრავლესობა ქალი იყო. სამწუხაროდ, მსგავსი გაუკუღმართებული დამოკიდებულება დღეს იმაზე მეტ პრობლემას იწვევს, ვიდრე მხოლოდ ისტორიის გაყალბებაა და ის გამოიხატება მასობრივი ფემიციდის სახითაც. სერიის დასაწყისიდანვე, ჩემი ერთ-ერთი მიზანია, შევქმნა იმპულსი ამ დამოკიდებულების გადააზრებისთვის. ამიტომაც, სერიაში ბევრი ქალია. მალე კიდევ უფრო მეტი იქნება".
ფოტო: დათო სიმონია
ახალგაზრდა ქართველმა გრაფიკულმა დიზაინერმა თავდაპირველად ნახატების შექმნა უფრო მეტად თავისი ინტერესების მიხედვით დაიწყო: მას სურდა, ნაკლებად ცნობილი პიროვნებები გაეცოცხლებინა. თუმცა მალევე გადაწყვიტა, რომ სერიას მეტი საერთო უნდა ჰქონოდა მნახველთან და ყოველი შემდეგი ნამუშევრის შექმნისას ხალხის რეკომენდაციები გაითვალისწინა.
"მინდოდა, სერია ინტერაქციული ყოფილიყო და ხალხის თხოვნით შემოვიყვანე ცნობილი სახეები, თუმცა ამ შემთხვევაშიც ვცდილობ მათი ნაკლებად ცნობილ ასპექტები გამოვაჩინო. ახლა უკვე პერსონაჟებს ვაჯგუფებ ხაზებად: ანტიკური ქალები, პოეტები, არტისტები, შუა საუკუნეების ქალები და ა.შ.".
ალბათ, ეჭვიც არავის შეეპარება, რომ თუნდაც ერთი ილუსტრაციის ნახვის შემდეგ, უამრავ ადამიანს გაუჩნდა სურვილი, რომ მათი ფავორიტი ისტორიული ფიგურა გაცოცხლებლიყო დათო სიმონიას ხედვით.
ფოტო: დათო სიმონია
ფოტო: დათო სიმონია
რამდენადაც გრაფიკული სერია ქართული ხასიათების პანთეონი მისი ავტორის ფანტაზიის ნაყოფია, იმდენად დათო სამონია ცდილობს, რომ კონკრეტული პერსონაჟების ბიოგრაფია დეტალურად შეისწავლოს და ამ დეტალების მიხედვით შეასხას მათ ხორცი.
"სანამ პერსონაჟის ხატვას დავიწყებ, დიდი ხნის განმავლობაში ვაგროვებ ინფორმაციას. შემდეგ ვკრებ საკვანძო დეტალებს და ვცდილობ მათ ვიზუალიზაციას. მაგალითად, გალაკტიონს გრძელი ქურთუკი იმიტომ აცვია, რომ გიჟდებოდა პალტოებზე. იასამნისფერ ტონებში იმიტომაა გადაწყვეტილი, რომ ამ ფერს მის პოეზიაში განსაკუთრებული ნიშა უჭირავს. აბრამიშვილს დაესიზმრა ანგელოზი არაჩვეულებრივი ფერებით, თან ხშირად ხატავდა ქერუბიმებს. ამიტომაც აქვს ოთხი ფრთა. ტანსაცმელი, აქსესუარები და ფერები არის ძირითადი ინსტრუმენტები, რითიც ვქმნი ხასიათს", — ამბობს სიმონია.
ფოტო: დათო სიმონია
დათო სიმონია გეგმავს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაამდიდროს თავისი სერია ახალი ჯადოსნური გმირებით და ეს თვალისმომჭრელი პერსონაჟები სხვა ფორმატშიც შემოგვთავაზოს.
სამომავლო სიახლეების გასაცნობად და მისი სხვა ნამუშევრების დასათვალიერებლად, შეგიძლიათ, ფეისბუქგვერდზე ეწვიოთ.
კომენტარები