თეთრ ვეშაპებს ადამიანების მსგავსად დახვეწილი სოციალური ცხოვრება აქვთ
დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა, რომ თეთრ ვეშაპს ორკა ვეშაპების მსგავსი სოციალური ცხოვრება ჰქონდა. ანუ მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ თეთრი ვეშაპები, ძირითადად, მხოლოდ დედის ხაზის ნათესავებთან ურთიერთობდნენ. თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მათი სოციალური ქცევა ბევრად დახვეწილია.
მათემატიკური ქსელური ანალიზის და გენეტიკური დაკვირვების საფუძველზე გაირკვა, რომ თეთრი ვეშაპები, Delphinapterus leucas ბევრად მრავალფეროვან ურთიერთობებს ამჯობინებენ. როგორც აღმოჩნდა, სხვა მსგავსი ცხოველებისგან განსხვავებით, თეთრი ვეშაპი მამის ხაზის ნათესავებთანაც ურთიერთობს. ამას გარდა, ისინი არამონათესავე ცხოველებთანაც "მეგობრობენ".
კვლევის თანაავტორი გრეგ ო'კორი-კროვე მიიჩნევს, რომ თეთრი ვეშაპების სოციალური ქცევა და სახეობის სხვა წარმომადგენლებთან ინტერაქცია ადამიანის ქცევას უფრო ჰგავს. როგორც ჩანს, თეთრი ვეშაპები უზარმაზარ ჯგუფებს ქმნიან, სადაც ყველა ასაკის და სქესის ცხოველი ერთიანდება. ეს ჯგუფები ხშირად ასობით და სავარაუდოდ ათასობით ინდივიდისგანაც კი შედგება ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ თეთრი ვეშაპები ერთმანეთის მიმართ ალტრუიზმითაც გამოირჩევიან.
ევოლუციურ ბიოლოგიაში არსებობს ნათესაობრივი გადარჩევის (kin-selection) ცნება. ამ ჰიპოთეზის მიხედვით, ცხოველებში (მათ შორის ადამიანებში) ალტრუიზმი ნაწილობრივ ევოლუციური მიზეზებით არის განპირობებული.
ცხოველები, რომლებიც ნათესაურ კავშირებს უფრთხილდებიან, წარმატებული შთამომავლობის დატოვების შანსს ზრდიან. შესაბამისად, ნათესავებისთვის მსხვერპლის გაღებაც პოპულაციის გადარჩენის შანსებს ზრდის.
ალტრუიზმს გარკვეული დასწავლილი ქცევებიც განაპირობებს. შვილები მათ დედებისგან და დედის ნათესავებისგან სწავლობენ და ა.შ. ცხოველთა სამყაროში, ძირითადად, სწორედ ასეთ ნათესაობრივი ურთიერთობები აქვთ. თეთრ ვეშაპებში კი შვილიშვილების და ბებიების ურთიერთობაც კი გავრცელებულია.
მკვლევრების თქმით, ეს მიგნებება მათ ცხოველების სოციალური ქცევის და საზოგადოებების ფორმირების უკეთ გაგებაში დაეხმარებათ.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები