როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენი შვილი დეპრესიაშია — კორონავირუსი და ბავშვები
კარანტინის დროს ზოგიერთ ბავშვს პროფესიონალის დახმარება სჭირდება, მაგრამ არის რაღაც გზები, რისი გამოყენება მშობლებსაც შეუძლიათ.
რამდენიმე კვირის წინ ჩემს 9 წლის შვილს მოწყენილობა შევამჩნიე. მისი სულელური ხითხითი, დაუსრულებელი ცუდი ხუმრობები უეცრად გაქრა. გარეთ გასვლა აღარ უნდოდა და თქვა, რომ თამაშისთვის დაიღალა. საწოლის ქვეშ შეძვრა და ჩუმად იწვა ხოლმე — ამ სცენაზე გული ამიჩუყდა.
გასაკვირი არც არის, რომ ბავშვები დამწუხრებულები არიან ასეთ დროს — მათ ენატრებათ მეგობრები, მასწავლებლები, დაბადების დღის წვეულებები. ზოგიერთი მათგანი კორონავირუსით დაღუპულ საყვარელ ადამიანსაც გლოვობს.
"ეს უჩვეულო, უპრეცენდენტო, ექსტრაორდინალური ჯანდაცვის კრიზისი აბსოლუტურად ყველას მენტალურ ჯანმრთელობას ეხება", — ამბობს ექიმი ჰაროლს კოპლევიცი.
ნება მიეცით ბავშვს, იყოს მოწყენილი
დაიმახსოვრეთ, სრულებით გასაგებია, რომ ბავშვი ასეთ დროს მოწყენილი იყოს და მშობლის საქმე არაა იგი ამ გრძნობებისგან იხსნას. ის, რითაც ბავშვს ეხმარებით, ესაა ამ გრძნობების მართვა და არა მათი უარყოფა ან განადგურება", — ამბობს ფსიქოლოგი მადელაინ ლევინი.
მშობლები ზოგჯერ შვილების გადამრჩენებად აღიქვამენ საკუთარ თავს. მათ ჰგონიათ რომ ბავშვები გაჭირვებისგან უნდა იხსნან, მაგრამ ამ მიდგომამ შეიძლება ბავშვები უფრო ნაკლებად მედეგები გახადოს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ შვილებს ისწავლონ საკუთარ გრძნობებთან თანაცხოვრება და მიიღონ, გადალახონ ცხოვრების გარდაუვალი იმედგაცრუებები.
"თუკი ბავშვი სასოწარკვეთილია, ნუ ეცდები მისი ხასიათის გამოსწორებას. უბრალოდ ეცადე, იყო მხარდამჭერი და თანაგრძნობა გამოუცხადე, მიეცი საშუალება, თავად ისაუბროს საკუთარ გრძნობებზე", — ამბობს ექიმი ლივაინი.
რამდენიმე დღის წინ ჩემს შვილთან დავჯექი და ვუთხარი, რომ ვწუხდი შაბათ-კვირას სახლში რომ ვატარებდით. როგორც აღმოჩნდა, ისიც იმავეზე წუხდა, უბრალოდ არ იცოდა როგორ გამოეხატა. ჩვენ დავსხედით და წუხილები გავუზიარეთ ერთმანეთს
ესაუბრეთ ბავშვებს კორონავირუსზე — საუბარში ოპტიმიზმიც შეიტანეთ
ზოგჯერ ბავშვების დასაცავად მშობლები მათ ინფორმაციას უმალავენ. ჩვენ ვუშვებთ იმასაც, რომ ბავშვებს არ სჭირდებათ ყველაფრის ცოდნა.
"ეს ყოველთვის შეცდომაა, რადგან მაშინ ბავშვის შფოთვა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს ეს, ან რა შეიძლება იყოს საბოლოო შედეგი, თითქმის ყოველთვის უარესია, ვიდრე რეალობა. ვფიქრობ, კორონავირუსთან დაკავშირებით მშობელმა უნდა ახსნას სიტუაცია — რას ნიშნავს, როგორ მოხდა ეს? დაახლოებით როდის შეიძლება დასრულდეს? ასე ბავშვებს შეეძლებათ, რეალისტურად შეაფასონ სიტუაცია" — ამბობს ბავშვთა ფსიქიატრი ჯოან ლუბი.
მშობლები უნდა ეცადონ გარკვეული ოპტიმიზმი "შეურიონ" კორონავირუსზე საუბარს.
"ვფიქრობ, ამ პირობებში მნიშვნელოვანია იმაზე ფოკუსირება, რომ ვიპოვოთ ამის დადებითი მხარე, თუ როგორ შეგვიძლია ეს ყველაფერი ჩვენთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ", — ამბობს ლუბი.
დაგეგმეთ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა
ასეთ დროს რუტინა მნიშვნელოვანია. შეიძლება, ყოველი ხუთშაბათი მოეწყოს კინოს ღამედ და ყოველ შაბათს ოჯახურ ლაშქრობაზე წახვიდეთ.
სტრუქტურის შენარჩუნებასთან ერთად, ექსპერტები მშობლებს ურჩევენ ბავშვების მიმართ შეზღუდვები შეამსუბუქონ. შეიძლება, მოიხსნას ტელევიზორის ყურების შეზღუდვა, ან ბავშვს მიეცეს ლანჩის შემდეგ დესერტის ჭამის უფლებაც.
ასევე, რაც შეგიძლია ყველაფერი გააკეთე, რომ ბავშვები ფიზიკურად აქტიურები იყვნენ. ეს დაეხმარებათ როგორც მკურნალობის დროს, ისე პრევენციული ხასიათიც ექნება. საჭირო არაა ბავშვს "პელეტონი", იგივე სავარჯიშო ველოსიპედი უყიდოთ, უბრალოდ სეირნობა ან ველოსიპედის მართვა ან საბავშვო იოგაც საკმარისია.
მოძებნეთ დეპრესიის ნიშნები და საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ პროფესიონალს
როცა ჩემს შვილს მწუხარება შევნიშნე, ვერ ვხვდებოდი, როგორ გამესხვავებინა ნორმალური მოწყენა და დეპრესია. ექიმი ლუბის თქმით, როცა ბავშვებს კლინიკური დეპრესია აქვთ, ისინი საყვარელი ნივთების მიმართ ინტერესს კარგავენ. შეიძლება, საყვარელ საჭმელზე, სატელევიზიო შოუებზე ან თამაშებზეც კი უარი თქვან.
ექიმი ლუბი ამბობს, რომ საყვარელ აქტივობებზე უარის თქმა ბავშვისთვის არანორმალურია და შეიძლება, აშკარა სიმპტომად ჩაითვალოს. დეპრესიის სხვა ნიშნებად შესაძლოა განიხილებოდეს იმაზე მეტად ჭამა, ვიდრე ჩვეულებრივ ჭამდა ან პირიქით, მადის დაკარგვა. ასევე, ჩვეულებრივზე მეტი ძილი, ან ნაკლები. გარდა ამისა ბავშვი შეიძლება იყოს ზედმეტად მშვიდი ან პირიქით, გაღიზიანებული.
ჩემს 9 წლის შვილს ცალსახად აღენიშნებოდა ინტერესის დაკარგვისა და მოწყენილობის სიმპტომები. აღარ უნდოდა ფეხბურთის თამაში, რასაც აღმერთებს, მაგრამ ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა დამანახეს კიდევ ერთი განსხვავება მოწყენასა და დეპრესიას შორის:
"ყველაფერი დამოკიდებულია ხანგრძლივობაზე", — ამბობს ექიმი კოპლევიცი და ამატებს, რომ თუკი რაიმე 2 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა და ეს ყოველდღიურია, მაშინ ეს "წითელი ნიშანია".
თუკი მაინც შეშფოთებული ხართ, იფიქრეთ პროფესიონალის დახმარების მიღებაზე. ექსპერტებმა მითხრეს, რომ ბავშვთან დეპრესიის მაჩვენებელი კორონავირუსის პანდემიის გამო იზრდება, ასე რომ, მათ ნამდვილად სჭირდებათ დამატებითი მხარდაჭერა.
შეგიძლიათ პედიატრთან ვიზიტით დაიწყოთ და რჩევა სთხოვოთ. საბედნიეროდ, მენტალური ჯანმრთლობის თერაპიები ონლაინ ხელმისაწვდომია, ამიტომ ბავშვებს დახმარების უსაფრთხოდ მიღების შესაძლებლობა აქვთ.
რაც შეეხება ჩემს 9 წლის შვილს, მშვიდად შემიძლია ვთქვა, რომ მისი სიმპტომები 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ კი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მან პატარა დისთვის ფეხბურთის გაკვეთილების ჩატარებაც კი დაიწყო, რამაც უმცროსი შვილიც გააბედნიერა. ჩემს შვილს ზოგჯერ ისევ აქვს დამწუხრების მომენტები, მაგრამ ახლა ეს ხომ ყველას გვჭირს?
სტატია ითარგმნა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები