მომავლის სახეები — გაიცანით Magnum-ის ფოტოგრაფების ახალი თაობა
მოკლულის გვამებიდან ჭადრაკის დაძაბულ თამაშამდე — ფოტოგრაფიული ნიჭის ახალი ტალღის ხედვა
Magnum Photos ფოტოგრაფთა საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 1947 წელს ჩამოყალიბდა პარიზში. იდეა წარმოშობით უნგრელ ფოტორეპორტიორს, რობერტ კაპას, ეკუთვნოდა, თუმცა მის შექმნაში მონაწილეობა სხვა ფოტოგრაფებმაც მიიღეს.
ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფოტოგრაფთა გაერთიანებას თავად წევრები ხელმძღვანელობენ. თავდაპირველად, ახალი წევრების მიღება მხოლოდ რობერტ კაპას პირადი მიწვევით ხდებოდა, თუმცა მოგვიანებით ეს სისტემა შეიცვალა.
Magnum Photos ოთხ ქალაქში აქვს ოფისი გახსნილი: ტოკიოში, ლონდონში, ნიუ-იორკსა და პარიზში. მისი წევრები კი წელიწადში ერთხელ, როგორც წესი, ივნისში იკრიბებიან და აქ ხდება ახალი წევრების მიღების თხოვნების გადახედვა. წარმოდგენილი პორტფოლიოების განხილვის შემდეგ, კრება რამდენიმე მათგანს ანიჭებს "ნომინანტი წევრის" სტატუსს, ამ სტატუსის ორწლიანი ტარების შემდეგ კი, ახალი პორტფოლიოს წარმოდგენის და მისი მოწონების შემთხევაში, იგი "ასოცირებული წევრი" ხდება. ბოლოს, სრული წევრობის მისაღებად კიდევ ორწლიანი მოღვაწეობა და ახალი პორტფოლიოს წარმოდგენაა საჭირო, რის შემდეგაც ფოტოგრაფი გაერთიანების სრულუფლებიანი ნაწილი ხდება, ენიჭება ხმის მიცემის უფლება და ამ ტიტულს, სურვილის შემთხვევაში, ცხოვრების ბოლომდე ატარებს.
Magnum Photos-ის ახალი თაობის რამდენიმე წარმომადგენელს და მათ ფოტონამუშევრებს წინამდებარე სტატიაში გაეცნობით.
1. იელ მარტინეზი, მექსიკა
თანავარსკვლავედი, სერიიდან ციცინათელა, 2020 წელი
მარტინეზის ნამუშევარი მისი სამშობლოს, მექსიკის, დანაწევრებულ საზოგადოებას შეეხება. იგი ხშირად ცდილობს, საკუთარ ხელოვნებაში სიმბოლურად ასახოს ის სიცარიელე, არარსებობა და ტკივილი, რასაც რეგიონში მცხოვრებები განიცდიან.
დანაშაულის სცენა (ავტოპორტრეტი), ზაუტლა, მექსიკა, 2013 წელი
"მას შემდეგ, რაც ჩემი სიძე დავკარგე, ვცდილობდი, სიმბოლურად ამესახა მისი მკვლელობა, იმ ათასობით ადამიანის სიკვდილთან ერთად, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულს შეეწირა მექსიკაში", — ამბობს მარტინეზი.
ბლანკა გონსალესი უყურებს ტელევიზორს, 2015 წელი
ბლანკა გონსალესი, რომელიც გუერეროს ოლქის ქალაქ ტიქსტლას სკოლაში მზარეულად მუშაობს, გადაღებულია სამუშაო დღის შემდეგ. იგი ხოსე ანხელ კამპოსის ცოლი იყო, რომელიც 2014 წელს, აიოცინიპას მასობრივი გატაცების დროს გაუჩინარებული 43 სტუდენტიდან ერთ-ერთია.
2. ჰანა პრაისი, აშშ
კეილა და ზეინი, სერიიდან შუქნიშანი, 2018 წელი
ჰანა პრაისი, რომელიც კოლორადოს შტატში გაიზარდა, ფოტოგრაფი და კინორეჟისორია. იგი მეტწილად დოკუმენტური ურთიერთობების, რასის პოლიტიკის, აღქმისა და არასწორ აღქმის თემებითაა დაინტერესებული.
სარას ფეხები, სერიიდან შუქნიშანი, 2013 წელი
პრაისი მსოფლიოში ცნობილია თავისი პროექტით ძმური სიყვარულის ქალაქი. 2009 წლიდან 2012 წლამდე გამოქვეყნებულ ფოტოების სერიაში ის უცხო კაცები არიან ასახული, ვისაც ფოტოგრაფისთვის ფილადელფიის ქუჩებში სექსისტური გამონათქვამები წამოუძახებიათ.
3. კჰალიკ ალაჰი, აშშ
125-ე ქუჩისა და ლექსინგტონ ავენიუს კვეთა, ჰარლემი, 2018 წელი
კჰალიკ ალაჰი ნიუიორკელი ფოტოგრაფი და კინორეჟისორია. მისი ნამუშევრები შეფასდა, როგორც "ქუჩის ოპერა" და აღინიშნა მასში ასახული ადამიანურობის შინაგანი მშვენიერება.
რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემდეგ, სადაც ადამიანური პორტრეტებით ჩამოყალიბებული ურთიერთობებია ასახული, ალაჰმა 2015 წელს დოკუმენტური ფილმი, Field Niggas, შექმნა, რომელშიც ჰარლემის 125-ე ქუჩისა და ლექსინგტონ ავენიუს კუთხის ღამის ხედებია გადაღებული.
ამ კუთხის ნამუშევრები ალაჰის ფოტოგრაფიაზე შექმნილი პირველი წიგნის, Souls Against the Concrete, საფუძველი გახდა, რომელიც 2017 წელს გამოსცა ტეხასის უნივერსიტეტის გამომცემლობამ. კჰალიკი ამჟამად 125-ე ქუჩისა და ლეგსინგტონის სერიის მეორე ფოტოწიგნზე მუშაობს.
4. საბინა ჩიმენი, თურქეთი
შეიმა ზაფხულის ქარიან დღეს საუკეთესო მეგობრებთან ერთად მიდის ქალაქგარეთ პიკნიკის მოსაწყობად, სტამბოლი, 2017 წელი
ჩიმენი თვითნასწავლი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც ისლამურ კულტურას, აღმოსავლურ პორტრეტებსა და უმოძრაო, მშვიდ ცხოვრებას ასახავს. მისი სამაგისტრო დისერტაციის თემა ფოტოპროექტს მოიცავს, სათაურით თურქეთი, როგორც ქვეყნის სიმულაცია.
ყურანის მცველები, სერიიდან ჰაფიზი, 2018 წელი
თურქეთის ქალაქ რიზეს ყურანის სკოლის ცხრა წლის ახალი მოსწავლე, ელიფი, ჰიჯაბს პირველად ატარებს.
5. კოლბი დილი, აშშ
32-ე სურათი, 2017 წლის 31 აგვისტო
დილი ტეხასის შტატ ჰიუსტონში დაიბადა და გაიზარდა. მისი ნამუშევრებით იგი ცდილობს, აღმოაჩინოს როგორც ადამიანის ფსიქოლოგიური გამოცდილება, ასევე ფიზიკური.
კევინი, სერიიდან ჯერ კიდევ ლამაზი
დილი ოჯახის, თემის და ინდივიდის დინამიკურ ცვლილებას გვიჩვენებს. ცოცხალი საზოგადოების გამოსახატავად კი იგი ქუჩის ფოტოების და პორტრეტების გაერთიანებით ცდილობს. იმ კულტურული მახასიათებლების დასაცავად, რომლებიც იშლება, ფოტოგრაფი თანამშრომლობს სკულპტურისა და საზოგადოებრივი ხელოვნების კორპორაციასთან.
ძალდატანებითი ჭადრაკი, სერიიდან ჯერ კიდევ ლამაზი
კოლბის შთაგონების წყარო მისი ბავშვობის და ოჯახის ფოტოებია, რომელთა უმეტესობაც მამამისის გადაღებულია. ნელი მოქმედების და მის თვალწინ მომხდარის ასახვის დაფასებამ, ფოტოგრაფს უბიძგა, მეტად მიემართა გადაღების ძველებური საშუალებისთვის და ფირი გამოეყენებინა.
კომენტარები