როგორ იქცა სოჭი პუტინის პირად კურორტად
ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირს სიყვარულით იხსენებს. მსგავსი გრძნობები აქვთ რუსეთის მოქალაქეებსაც — თუმცა მიზეზები განსხვავებულია
სოჭი — სტალინის ბიუსტს თვალმიშტერებული ახალგაზრდა ბიჭი უსიტყვოდ ისმენს ჩამუხლული დედის მონათხრობს საბჭოთა დიქტატორის ცხოვრებაზე. სოჭის ისტორიის მუზეუმში სტალინის კიდევ რამდენიმე სკულპუტურა დგას (როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი საკმარისი არაა). "სტალინმა ააშენა ეს ქალაქი" — ეუბნება დედა ბავშვს, რომელიც დიქტატორის ულვაშს თვალს ვერ აცილებს, — "ის მეფესავით იყო"
ეს გარკვეულწილად სიმართლეა. მიუხედავად იმისა, რომ რუსი ინტელექტუალები და პოეტები მრავალი წლის წინაც გაურბოდნენ მელანქოლიას სოჭში, სწორედ სტალინის ბრძანებით გადაიქცა ზღვისპირა დასახლება საკურორტო ქალაქად. სტალინს უნდოდა, საბჭოთა რივიერა შეექმნა, უზარმაზარი ბოტანიკური ბაღებითა და მდიდრული სასტუმროებით.
თუკი ჩავთვლით, რომ სოჭი სტალინმა ააშენა, ახლა ეს მისია ვლადიმერ პუტინს აქვს გადაბარებული. პუტინის ახალი ხედვით, სოჭი მილიტარიზაციის, საიდუმლოებებისა და აგენტების სადიდებელ მუზეუმად იქცა. ერთ დროს საჯარო ადგილები ახლა მოქალაქეებისთვის მიუწვდომელია და, სოჭის მაცხოვრებლების თქმით, მშვიდი ქალაქი თავდაყირა დადგა.
სტალინის მმართველობამდე ბევრად ადრე რუსული ელიტა სოჭს დასასვენებლად სტუმრობდა. აქაურობა მოსკოვისაგან გეოგრაფიულადაც დაშორებული იყო და კულტურულადაც. დოსტოევსკის ცოლი სწორედ სოჭში გადმოსახლდა, რათა რევოლუციასა და ძალადობას გამოქცეოდა, ქალაქის განაპირას პატარა მიწა შეიძინა და ბაღი გააშენა (დოსტოევსკაიას აქაურობის დატოვება მალევე მოუწია. ბოლშევიკებმა სახლი ჩამოართვეს და მუშათა კლასს გადასცეს. მას კიდევ ერთხელ მოუწია გაქცევა და ამ პროცესში მისი ქმრის არქივის ნაწილიც გაუჩინარდა. ძმები კარამაზოვების ხელნაწერი ვერსიები ჯერაც დაკარგულად ითვლება)
მმართველ პოზიციაზე მოსვლის შემდეგ სტალინმა 1926 წელს სოჭში ბოტანიკური ბაღების გაშენების ბრძანება გასცა. ბელადის საამებლად და საკუთარი წვლილის აღსანიშნავად კომისრებმა — კლიმენტ ვოროშილოვმა, გენრიხ იაგოდამ და სერგო ორჯონიკიძემ თავიანთ სახელებზე სასტუმროები ააშენეს. ნაგებობები აერთიანებდა უზარმაზარ ნეოკლასიკურ სვეტებს, მაღლა ატყორცნილ თაღებსა და გრანდიოზულ შადრევნებს. საბჭოთა გმირებს გვერდს შიშველი ბერძნული ღმერთები უმშვენებდნენ. სოჭის სასახლეებით გადავსებას ათწლეულზე ნაკლები დრო დასჭირდა. სამკურნალო წყლებთან და აბანოებთან ერთად, ეს შენობები სოჭის სავიზიტო ბარათად იქცა.
სტალინის სიკვდილის შემდეგ (როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა მისი კულტის ნგრევა დაიწყო) სოჭის მთავარ ხეივანს — სტალინის გამზირს, რომელიც შავი ზღვის ნაპირას იყო გადაჭიმული, სახელი შეუცვალეს და საკურორტო გამზირად გადააკეთეს.
დესტალინიზაციის შემდეგ ქალაქი მუშათა კლასის ადამიანებისთვის მთავარ დასასვენებელ წერტილად იქცა — სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ვაუჩერებით აქ მაღაროელები, ინჟინრები და მუშები ჩამოდიოდნენ. მათ იცოდნენ, რომ 11 თვე თავაუღებელი შრომით სოჭში ერთთვიან დასვენებას დაიმსახურებდნენ. ხრიოკ ინდუსტრიულ ქალაქებში მცხოვრები ადამიანები სოჭის თბილ ღამეებსა და ტროპიკულ ჰაერზე ოცნებობდნენ. აქ აღმოსავლეთ ევროპიდანაც ჩამოდიოდნენ უცხოელი სტუმრები და მოსკოვთან დამეგობრებული აფრიკული ქვეყნებიდანაც. ადგილობრივებისთვის კი სოჭი ჩუმი დასახლება იყო, პარკებში ჭადრაკით გართული მოხუცებითა და მდორე რიტმით.
მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინმა ქალაქის სანატორიუმები საავადმყოფოებად გადააკეთა, ათობით სასტუმროში 350 000-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცი მკურნალობდა. ერთ-ერთი ასეთი კურორტი იყო ისკრაც, რომელიც 1930-იანებში აშენდა და ვლადიმერ ლენინის გაზეთის სახელი ეწოდა. ახლა აქ მხოლოდ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისვენებენ. ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან მიახლოება აკრძალულია და, ყველა გალავანს საკუთარი დაცვა ჰყავს.
ასეთია სოჭის პორტრეტი: ის უფრო და უფრო ჩაკეტილი ხდება ყველასთვის, მათ შორის მაცხოვრებლებისთვისაც: "სადაც არ უნდა გაიხედო, ღობეებსა და ჭიშკრებს ხედავ", — ყვება მარია ნიპოვინი, პენსიაზე გასული ექიმი, რომელიც ისკრასთან ახლოს, საბჭოთა კორპუსში ცხოვრობს. მოსკოველების აპარტამენტებით დაკომპლექტებულმა ცათამბჯენებმა ქალაქი მთლიანად შეცვალა.
პუტინმა სოჭი თავის დე-ფაქტო საზაფხულო რეზიდენციად აქცია. პრეზიდენტის სტუმრობა სოჭში უზარმაზარ საცობებს იწვევს და ორი ათწლეულის მანძილზე პუტინს აქ ერთი საჯარო ტურიც კი არ მოუწყვია. მისი რეზიდენცია, ბოჩაროვ რუჩეი უზარმაზარი მწვანე ღობითაა შენიღბული.
ნახეთ პუტინის რეზიდენციის ღობე, 1:16-დან
სოჭი ის ადგილია, სადაც პუტინს დაუფარავად შეუძლია გამოამჟღავნოს საბჭოთა აგენტებითა და მათი ცხოვრების წესით აღფრთოვანება. მაგალითად, სოჭის მუზეუმმა ცოტა ხნის წინ უმასპინძლა გამოფენას "საბჭოთა ჯაშუშები", რომელიც ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების დაარსებიდან 95 წლის აღსანიშნავად მოეწყო. გამოფენის სანახავად მოქმედი აგენტებიც მოვიდნენ, რომლებიც საგულდაგულოდ იყვნენ შენიღბულები.
სტალინის კულტის რეაბილიტაცია რუსეთის სხვა წერტილებშიც მიმდინარეობს. რამდენიმე წლის წინ ციმბირის ქალაქ ტიუმენში, გულაგების რეგიონის ცენტრში, მოქალაქეებს საბჭოთა მსხვერპლების სახელზე ლოცვის აღვლენა აუკრძალეს. მოსკოვში სტალინის ძეგლების რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს. კურსკის სარკინიგზო სადგურის ჭერი კი რამდენიმე წლის წინ ამ ფრაზით გააფორმეს "სტალინმა გვასწავლა ხალხის ერთგულება და საგმირო საქმეების სურვილით აგვანთო". ეს საბჭოთა ლოზუნგი რკინიგზის სადგურის ჭერზე პუტინის მმართველობის ათი წლის თავზე გაჩნდა. მიუხედავად წინააღმდეგობის კერებისა, რუსების დიდ ნაწილს სტალინი ისევ უყვარს.
პუტინი თავადაც ბაძავს საბჭოთა დიქტატორს. მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე წელი კიდევ აშორებს სტალინის მმართველობის რეკორდის მოხსნასთან (ის 29 წელი ინარჩუნებდა ძალაუფლებას), რუსეთის ამჟამინდელი ლიდერი მის გზას მიჰყვება. სტალინს ხშირად ეცვა ხოლმე სამხედრო უნიფორმა, საკუთარ პირად ცხოვრებას მკაცრად ასაიდუმლოებდა და ავტორიტეტს ხასიათის სიმტკიცეზე აგებდა, კრიტიკას ვერ იტანდა და შიშობდა, რომ ახლო წრეებში არსებული მოღალატეები იმსხვერპლებდნენ. პუტინი ასევე ხშირად იცვამს სამხედრო ტანსაცმელს, საკუთარ ცხოვრებას ასაიდუმლოებს და საკუთარ იმიჯზე ბევრს ფიქრობს. მისი სასიყვარულო კავშრები, ქონება და მისი შვილების ცხოვრება საზოგადოებისთვის მკაცრადაა გასაიდუმლოებული.
პუტინისთვის და რიგითი ადგილობრივისათვის სოჭი სხვადასხვა რამეს წარმოადგენს. ძველი დრო შეიძლება ორივე მათგანს ენატრებოდეს, თუმცა პუტინისთვის აქაურობა აგენტის სახიფათო და გლამურულ ცხოვრებასთან ასოცირდება, სოჭის მაცხოვრებლებს კი ძველი დროის მოგონებისას ბაღები და ღია საჯარო სივრცეები ახსენდებათ.
რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ სოჭის ერთ-ერთი უძველესი სასტუმრო, ორჯონიკიძე დაკეტა. მოხატული ჭერი სინესტისგან ლპება, შენობის სვეტები კი ინგრევა. ძეგლების დიდი ნაწილი წაქცეულია. ერთ დროს მოწესრიგებულად გაკრეჭილ მწვანე კედლებს შორის გაჭრილი ბილიკები ნელ-ნელა სკდება. თუ ამ სანახაობის გადაღებას შეეცდებით, დაცვა მიგითითებთ, რომ აქაურობა "პრეზიდენტის ადმინისტრაციის განკარგულებაშია".
ძველი სოჭიდან მხოლოდ მოგონებებია დარჩენილი. შთამბეჭდავი არქიტექტურა და გრანდიოზული შადრევნები კი გალავნების მიღმაა მოქცეული.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
კომენტარები