უჩვეული ხმის მოსმენისას ადამიანი, მრავალი ცხოველის მსგავსად, ყურებს ცქვეტს
ძალიან ბევრი ცხოველი, მათ შორის ძაღლები, კატები და მაიმუნები, ახალი ხმების გაგების დროს უკეთესად ფოკუსირებისთვის ყურებს ამოძრავებენ. როგორც აღმოჩნდა, ეს უნარი ადამიანებსაც აქვთ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხმაზე კონცენტრირებისთვის ჩვენ გაუცნობიერებლად ყურებს ვამოძრავებთ.
მკვლევართა გუნდმა, რომელსაც პროფესორი დანიელ შტრაუსი ხელმძღვანელობდა, აჩვენა, რომ ყურის გარშემო არსებული კუნთები ახალი, უჩვეულო ხმის მოსმენის დროს აქტიურდებიან.
"ყურის კუნთების ელექტრული აქტივობა იმ მიმართულებას განსაზღვრავს, რომელშიც სუბიექტი თავის სმენით ყურადღებაზეა კონცენტრირებული. შესაძლოა, რომ ადამიანები ორიენტაციის ამ რუდიმენტულ სისტემას, რომელიც ყურის ნიჟარის მოძრაობის კონტროლს ცდილობს, კვლავ იყენებენ", — განაცხადა შტრაუსმა.
მკვლევრებმა იმ სიგნალების ჩაწერა, რომლებიც ყურის ნიჟარის მოძრაობებს აკონტროლებს, ზედაპირული ელექტრომიოგრაფიის, EMG-ის ტექნიკის გამოყენებით შეძლეს. მათ სუბიექტის კანზე დაამაგრეს სენსორები, რომლებიც ყურის ნიჟარის მოძრაობისა ან მისი ფორმის შეცვლაზე პასუხისმგებელი კუნთების ელექტრულ აქტივობას ავლენდა. მათ ყურადღების ორი ტიპი გამოააშკარავეს.
რეფლექსური ყურადღების გამოსავლენად, რომელიც ახალი ხმის გაგებისას აქტიურდება, ექსპერიმენტში მონაწილეები სიჩუმეში კითხვის დროს უეცარ ხმებს იგებდნენ, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებიდან მოდიოდა.
ხოლო იმისთვის, რომ მიზნობრივი ყურადღება გამოევლინათ, რომელსაც მაშინ ვამჟღავნებთ, როდესაც აქტიურად ვისმენთ, მონაწილეებს ერთ ადგილას მყოფი მოსაუბრის მოკლე ისტორიის მოსმენა სთხოვეს, ამავდროულად კი მათ საპირისპირო მხარეს მდგომი მოსაუბრის ნაამბობი უნდა დაეიგნორებინათ.
ორივე შემთხვევაში დადგინდა, რომ კუნთების მოძრაობა სუბიექტის სმენით ყურადღებას განსაზღვრავს.
"ჩვენმა შედეგებმა აჩვენა, რომ EMG-ის დახმარებით სმენითი ყურადღების განსაზღვრა შესაძლებელია. ამ ტენქიკის გამოყენება სხვა უამრავ საინტერესო კვლევაში შეიძლება", — განაცხადა პროფესორმა შტრაუსმა.
მკვლევართა გუნდი ნეირომეცნიერებისა და ნეიროტექნოლოგიების დანაყოფის მეცნიერებისგან შედგებოდა, რომლებიც როგორც სამედიცინო, ასევე საინჟინრო სფეროს წარმომადგენლები არიან.
კომენტარები