აშშ-მ რემდესივირის მსოფლიო მარაგი თითქმის სრულად შეიძინა
აშშ-მ რემდესივირის შემდგომი 3 თვის მარაგი სრულად შეიძინა და მთელი მსოფლიო COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის გარეშე დატოვა. ექსპერტებისთვის აშშ-ს ცალმხრივი მოქმედებები საგანგაშოა, რადგანაც ვაქცინის შექმნის შემთხვევაშიც იგივეა მოსალოდნელი. ტრამპის ადმინისტრაციამ ცალსახად დაამტკიცა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში იგი ყველა მსურველზე წინ დადგება და თავისი მოქალაქეებისთვის საჭირო სამკურნალო საშუალებებს სრულად შეიძენს.
"მათ მედიკამენტის [რემდესივირის] მარაგზე სრული წვდომა აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპას არაფერი რჩება", — აღნიშნა დოქტორმა ენდრიუ ჰილმა, ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევარმა.
რემდესივირი პირველი მედიკამენტია, რომლის COVID-19-ის წინააღმდეგ გამოყენების ნებართვა აშშ-მ გასცა. პრეპარატს ფარმაკოლოგიური კომპანია Gilead აწარმოებს და მან საკუთარი კლინიკური ეფექტიანობა უკვე დაამტკიცა. პირველი 140 ათასი დოზა კლინიკური კვლევებისთვის იყო გამოყოფილი და უკვე გაიხარჯა. ტრამპის ადმინისტრაციამ კი 500 ათასი დოზა წინასწარ შეიძინა. ეს კომპანიის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის წარმოების 90%-ს შეადგენს.
"პრეზიდენტმა ტრამპმა საოცარი ხელშეკრულება გააფორმა, რის გამოც ამერიკელებს COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველ ეფექტიან პრეპარატზე ექნებათ წვდომა. ჩვენი მიზანია, რომ ნებისმიერ ამერიკელ პაციენტს, რომელსაც რემდესივირი სჭირდება, მისი მიღების საშუალება ჰქონდეს. ტრამპის ადმინსიტრაცია საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რათა სიცოცხლის გადამრჩენ, COVID-19-ის სამკურნალო საშუალებებზე უფრო მეტი შეიტყოს და მასზე ამერიკელი ხალხის წვდომა უზრუნველყოს", — განაცხადა აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მდივანმა, ალექს აზარმა
პანდემიამდე რემდესივირი ებოლას სამკურნალო კლინიკურ კვლევაში იყო ჩართული და მის დამზადებაზე ლიცენზია ფარმაკოლოგიურ კომპანიას Gilead ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სხვა კომპანიებს მისი წარმოების უფლება არ აქვთ. მკურნალობის 1 კურსის (ანუ მედიკამენტის 6 დოზის) ფასი $3,200 შეადგენს, როგორც ამას აშშ-ის სამთავრობო განცხადებიდან ვიგებთ.
რემდესივირის მთლიანი მსოფლიოს მარაგის შესყიდვა აშშ-ში ვირუსის გავრცელებასა და სიკვდილიანობის ზრდას დაემთხვა. თუმცა, ექსპერტთა აზრით, ეს შექმნილ სიტუაციაზე უბრალო სამთავრობო პასუხი არ გახლავთ. აღნიშნული გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში "ამერიკა უპირველ ყოვლისა" პოლიტიკის გაგრძელებაა.
მაისში ფრანგულმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ, Sanofi, განაცხადა, რომ თუ მისი ექსპერიმენტული ვაქცინა ეფექტიანობას დაამტკიცებდა, აშშ პირველი ქვეყანა გახდებოდა, ვისაც მასზე წვდომა ექნებოდა.
აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, საფრანგეთის მთავრობის ზეწოლის შემდეგ, ჰადსონმა საკუთარი სიტყვები უკან წაიღო.
ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე აამოქმედა წარმოების დამცველობითი აქტი, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში დამზადებული სამედიცინო პროდუქციის საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით შეჩერებულია. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რაც აშშ-ის მიერ რემდესივირის სრული მარაგის შესყიდვას ხელს შეუშლის.
მიუხედავად საზოგადო შეშფოთებისა, აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ფარმაკოლოგიური კომპანია Gilead ამერიკული ფირმაა, ხოლო აშშ მოცემულ მომენტში პანდემიასთან ყველაზე მწვავე ბრძოლაშია, რომელსაც უკვე 127,299 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ Gilead მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე მწარმოებელთან ნებაყოფლობით სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა. ეს ამ კომპანიებს საშუალებას აძლევთ, განვითარებადი ქვეყნებისთვის მედიკამენტი დამოუკიდებლად აწარმოონ.
რადიკალურ შემთხვევაში არსებობს იძულებით სალიცენზიო მექანიზმიც, რომელიც სხვა ქვეყნებს საშუალებას აძლევს, Gilead-ის ინტელექტუალური კუთვნილება უგულვებელყონ და მედიკამენტი თვითონ აწარმოონ.
მიუხედავად ყველაფრისა, აშშ-ის ამ ნაბიჯით ცხადი ხდება, რომ უახლოესი სამი თვის განმავლობაში დანარჩენ მსოფლიოში რემდესივირი დეფიციტური მედიკამენტი იქნება.
კომენტარები