პანდემიებს ბუნების განადგურება იწვევს — გაერო და WHO
გაეროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საერთაშორისო ბუნების მსოფლიო ფონდის ლიდერების განცხადებით, კორონავირუსის მსგავს პანდემიებს ადამიანების მხრიდან ბუნების განადგურება იწვევს, მსოფლიო კი ამ საგანგაშო რეალობას ათწლეულებია, გაურბის.
მათივე თქმით, გარეული ცხოველებით უკანონო და მიზანშეუწონელი ვაჭრობა, ისევე, როგორც ტყეების და სხვა ბუნებრივი რესურსების განადგურება, იმგვარი დაავადებების მომატების უმთავრესი გამომწვევი ფაქტორია, რომლებიც ცხოველებიდან ადამიანზე გადადის.
COVID-19-ის პანდემიისგან ძალების აღსადგენად ორგანიზაციათა ლიდერები საზოგადოებას მწვანე და ჯანსაღი გზის არჩევისკენ — კერძოდ კი, საზიანო ფერმერული მეურნეობის და არაეკომეგობრული კვების რაციონის შეცვლისკენ მოუწოდებენ.
ბუნების მსოფლიო ფონდის ანგარიში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, იტყობინება: "ახალი (გარეული ცხოველიდან ადამიანზე გადაცემული) დაავადების წარმოშობის რისკი მომავალში იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რაც უდიდესი პოტენციური ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, ეკონომიკისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის".
გაერთიანებულ სამეფოში ბუნების მსოფლიო ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო გარიგებები, რომლებიც ბუნების წინააღმდეგაა მიმართული, ბრიტანეთს "მომდევნო პანდემიის რისკის გაზრდის თანამონაწილედ აქცევს".
ჯანდაცვასა და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაციების მესვეურები გაფრთხილებებს მარტიდან მოყოლებული ავრცელებენ. მათ შორისაა მსოფლიოს წამყვანი ბიომრავალფეროვნების ექსპერტების განცხადება, რომ მომავალში უფრო მომაკვდინებელი ვირუსების გავრცელებაა მოსალოდნელი, თუკი ბუნების დაუსრულებელი და მასშტაბური განადგურება უმალ არ შეწყდება.
ივნისის დასაწყისში კი გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის თავჯდომარემ და წამყვანმა ეკონომისტმა თქვა, რომ COVID-19 "გამაფრთხილებელი სიგნალია მსოფლიო ინდუსტრიისთვის" და ახლანდელი ეკონომიკური გათვლები არ ითვალისწინებს, რომ ადამიანების მატერიალური კეთილდღეობა ბუნების კეთილდღეობაზეა დამოკიდებული.
ვიდეო არგენტინაში გრან-ჩაკოს ტყის განადგურებას ასახავს:
"გასული წლების განმავლობაში არაერთი ისეთი დაავადების ფართოდ გავრცელება ვიხილეთ, როგორებიცაა ზიკა, შიდსი, Sars და ებოლა — ყველა მათგანი ცხოველთა პოპულაციიდან ადამიანზე გადავიდა გარემოზე მწვავე ზეწოლის არსებობის შედეგად", — წერენ სტატიაში ელიზაბეთ მარუმა მრემა, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ხელმძღვანელი, მარია ნეირა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოს და ჯანმრთელობის პროგრამის დირექტორი და მარკო ლამბერტინი, საერთაშორისო ბუნების მსოფლიო ფონდის ხელმძღვანელი.
კორონავირუსის ჩათვლით, "ამ დაავადებების გავრცელების შემთხვევები ჩვენსა და ბუნებას შორის სახიფათოდ დარღვეულ წონასწორობაზე მეტყველებს", — ამბობენ ისინი, — "ყოველი მათგანი მიუთითებს იმაზე, რომ ბუნებისადმი ჩვენი გამანადგურებელი ქცევა ჩვენსავე ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს — ეს ის მწარე რეალობაა, რასაც წლებია, კოლექტიურად უგულებელვყოფთ.
"შემაშფოთებელია ისიც, რომ მართალია, COVID-19-ის პანდემიამ კიდევ ერთი მიზეზი მოგვცა ბუნების დაცვისა და შენარჩუნებისთვის, ჩვენ მაინც ვხედავთ, როგორ ვდგამთ ნაბიჯებს სრულიად საპირისპირო მიმართულებით. დიდი მეკონგიდან, ამაზონიდან თუ მადაგასკარიდან წამოსული საგანგაშო ცნობები იტყობინებიან ბრაკონიერობის, ტყის უკანონო ჩეხვისა და ტყის ხანძრების შემთხვევებზე. ამასთანავე, ბევრ ქვეყანას ნაჩქარევად გადააქვს ყურადღება გარემოს აღდგენის საკითხებისგან და გარემოს დაცვის დაფინანსებას წყვეტს; და ეს მაშინ ხდება, როცა იგი ყველაზე მეტად გვჭირდება.
"ჩვენ უნდა დავადგეთ უბრალო, ჯანსაღ და მწვანე აღდგენის გზას, შემდგომში კი ნაბიჯი გადავდგათ უფრო ფართომასშტაბიანი ცვლილებისკენ იმ მოდელის შესაქმნელად, რომელიც დააფასებს ბუნებას როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნდამენტს. როცა ამას ასე არ ვაკეთებდით და ვცდილობდით, გარემოს დაცვაზე, ჯანდაცვის სისტემებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ქსელზე უარის თქმით ფული დაგვეზოგა, დამტკიცდა, რომ ეს მხოლოდ ყალბი ეკონომია იყო. ამ შეცდომის საფასურს კიდევ ბევრჯერ გადავიხდით".
ბუნების მსოფლიო ფონდის ანგარიშში დასკვნის სახით წერია, რომ გარეული ცხოველებიდან ადამიანებზე გავრცელებული დაავადებების გამომწვევი უმთავრესი მიზეზებია ბუნების განადგურება, აგრარული მეურნეობის გაფართოება და ფერმერული ინდუსტრია, ისევე, როგორც დაავადების გავრცელების მაღალი რისკის მქონე გარეული ცხოველებით ვაჭრობა და მათი სხვადასხვა მიზნით გამოყენება.
ანგარიში ყველა მთავრობას მოუწოდებს, შეიმუშაოს და გაამკაცროს კანონები, რათა აღკვეთოს ბუნების განადგურება საწარმოო ჯაჭვის მიერ, ხოლო საზოგადოების წევრებს სთხოვს, თავიანთი კვების რაციონი უფრო ჯანსაღი და რაციონალური გახადონ.
ძროხის ხორცი, პალმის ზეთი და სოიო ის პროდუქტებია, რომლებიც ყველაზე ხშირად უკავშირდება გაუტყევებას. მეცნიერები კი აცხადებენ, რომ ხორცის და რძის პროდუქტების მიღებაზე უარის თქმით თითოეულ ადამიანს შეუძლია, დიდად შეამციროს უარყოფითი ზემოქმედება გარემოსა და პლანეტაზე.
გაერთიანებულ სამეფოში ბუნების მსოფლიო ფონდის ხელმძღვანელის, ტანია სტილის თქმით კი, ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო გარიგებები ბუნების დაცვასაც უნდა მოიაზრებდეს: "არ შეიძლება, თანამონაწილეები ვიყოთ მომდევნო პანდემიის რისკის გაზრდაში. მკაცრი კანონი და ისეთი სავაჭრო გარიგებები გვჭირდება, რომლებიც გაუტყევების შედეგად დამზადებული საკვები პროდუქტების იმპორტირებას შეზღუდავს. ასევე უარი უნდა ვთქვათ იმ კომპანიების პროდუქციაზე, რომლებიც ელემენტარულ გარემო სტანდარტებსაც კი არ აქცევენ ყურადღებას მწარმოებელ ქვეყნებში. მთავრობას შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს, ისეთი გარდამტეხი ცვლილება მოახდინოს, რომელსაც სხვა სახელმწიფოებიც მიბაძავენ".
ბუნების მსოფლიო ფონდის ანგარიშში ასევე წერია, რომ 1990 წლის შემდეგ გაჩენილი დაავადებების 60-70% გარეული ცხოველებიდან გავრცელდა ადამიანზე. ამავე პერიოდში გაიჩეხა 178 მილიონი ჰექტარი ტყე, რაც საქართველოს ფართობს 25-ჯერ აღემატება.
კომენტარები