რა ხდებოდა 20 ივნისს — სრული დღის ფოტოქრონიკა
2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით დილის 9:30-ზე, საქართველოს პარლამენტის პლენარული სესია რუსმა დეპუტატებმა დაიკავეს. ერთ-ერთი მათგანი, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი, სერგეი გავრილოვი კი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას სპიკერის სავარძელიდან გაუძღვა. სწორედ ამ სცენის ნახვამ განაპირობა მომდევნო 24 საათის მოვლენები.
გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას პროტესტი პლენარულ დარბაზშივე მოჰყვა — ევროპული საქართველოს დეპუტატები შეძახილებით იმ დროს შევიდნენ, როცა ასამბლეის სხდომაზე შესვენება იყო. ისინი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელთან დადგნენ და განაცხადეს, რომ გავრილოვი ამ სკამს ვეღარ დაიკავებდა. მათ პროტესტს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებიც შეუერთდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.
მათ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები დაუპირისპირნენ. ადა მარშანიამ ისინი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.
პარალელურად, რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტში ასამბლეის სხდომის წაყვანა სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს. ისინი პარლამენტის შენობაში და მის გარეთ იდგნენ პლაკატებით — "სირცხვილი მთავრობას".
მას შემდეგ, რაც პროტესტის გამო, ასამბლეის სხდომა ჩაიშალა, რუსი დეპუტატები და სხვა მონაწილეები რედისონ ბლუ ივერიაში გადავიდნენ, სადაც სერგეი გავრილოვის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებიც მივიდნენ. მათ ადგილზე დაგმეს რუსული ოკუპაცია და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურისა და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რუსულ დელეგაციას დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია.
აქციის მუხტი დღის ბოლოს კიდევ უფრო გაძლიერდა. საღამოს 19 საათზე პარლამენტთან დაიწყო ფართომასშტაბიანი პროტესტი სახელწოდებით: "სირცხვილია", ორგანიზატორები კი სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ — თავისუფლებისთვის • For Freedom და რუსეთი ოკუპანტია • Russia Is An Occupier. ანტისაოკუპაციო აქციაზე ათასობით მოქალაქე თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა.
პარლამენტის წინ ტერიტორია და რუსთაველის გამზირი პროტესტის მონაწილეებმა სრულად გადაკეტეს. მათ უმრავლესობას სათქმელი პლაკატის სახით ჰქონდა მიტანილი.
გავრილოვის გამო გაბრაზებულ აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები.
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
საღამოს, 21 საათისთვის, აქციის მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. საპროტესტო შეძახილებიც მეტად ინტენსიური ხდებოდა.
მაშინ, როდესაც რუსთაველზე მრავალათასიან აქციაზე პოლიტიკოსები სიტყვით გამოდიოდნენ, პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სპეც მანქანები და რობოკოპები ემზადებოდნენ.
თავდაპირველად, პარლამენტის შემაღლებული ადგილებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებისთვის წყლის დარიგება დაიწყეს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეების მცირე ნაწილსა და პარლამენტის შესასვლელთან განლაგებულ სპეცრაზმელებს შორის დაპირისპირება დაიწყო. შეკრებილი ადამიანების ნაწილმა წინა ხაზზე მდგომი ზოგიერი რობოკოპი განაიარაღა, მათ წაართვეს ფარები და ჩაფხუტები. ამის შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის ოდენობა ადგილზე კიდევ უფრო გაიზარდა.
აქციის მონაწილეებს შორის იყო მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელსაც მაშინ პარლამენტის წინ კარავი ჰქონდა გაშლილი, მისი გარდაცვლილი შვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით.
დაპირისპირება მანამ გაგრძელდა, სანამ პარლამენტის ფასადზე შემომდგარმა სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზი არ გაისროლეს. გასროლა იყო საავტომობილო გზის მიმართულებით, სადაც აქციის ყველაზე პასიური მონაწილეები იდგნენ. მათი ნაწილი გასროლისთანავე გაიქცა.
გასროლამდე არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება, რაც აქციის მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემდა, სურვილის შემთხვევაში, ტერიტორია დაეტოვებინათ. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, რომლითაც ათეულობით ადამიანი დაშავდა. მათ შორის, თვალი დაკარგა რამდენიმე მოქალაქემ. ერთ-ერთი დაშავებული 18 წლის მაკო გომურია.
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / რუსთავი 2
დაშავებულებს შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. აქციის დაშლის შედეგად, კლინიკაში 240-მდე ადამიანი გადაიყვანეს.
ფოტო: ტბელ აბუსერიძე
აქციის დაშლის დროს 10-ზე მეტი რეზინის ტყვია მოხვდა ზურგში Civil.ge-ს ფოტოგრაფს, გურამ მურადოვს.
აქციის მონაწილეების ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშლა 21 ივნისის დილამდე გაგრძელდა.
20 ივნისის შემდეგ იგივე მოთხოვნებით არაერთი აქცია გაიმართა. შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებზეც ძალა სახელმწიფომ არაერთხელ გამოიყენა, თუმცა, ამ შემთხვევებში, წყლის ჭავლით შემოიფარგლებოდნენ.
კომენტარები