პოლიტიკური რეკლამის დამალვა — ფეისბუქი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება
კრიტიკოსების შეფასებით, ფეისბუქი ინტერნეტში პოლიტიკური დეზინფორმაციის გავრცელებას აქტიურად უწყობს ხელს, რასაც სოციალური ქსელი უჩვეულო გადაწყვეტილებით პასუხობს და პასუხისმგებლობას საზოგადოებას აკისრებს. ცვლილების მიხედვით, მომხმარებლებს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის სრულად "გათიშვის" საშუალება ექნებათ.
ფეისბუქი ახალი ფუნქციის დამატებას აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს. აღნიშნული ფუნქციის გარდა, სოციალური ქსელი "არჩევნების საინფორმაციო ცენტრს" ქმნის, რომელიც მოქალაქეებს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას მათი საარჩევნო უბნის, რეგისტრაციისა და ფოსტით ხმის მიცემის საკითხებთან დაკავშირებით. მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ გაააქტიურონ შეტყობინება, რომელიც არჩევნების დღეს მოქალაქეს საარჩევნო უბანზე მისვლას შეახსენებს.
USA Today-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ფეისბუქის გენერალური დირექტორი, მარკ ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ "ადამიანები სოციალური ქსელისგან პოლიტიკური შინაარსის მასალის წაშლასა და მის მკაცრ გაკონტროლებას ითხოვენ. პოლიტიკოსებისგან პასუხისმგებლობის მოთხოვნა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ჩვენ ვხედავთ, თუ რას გვეუბნებიან ისინი, ვისაც ჩვენი ხმის მოპოვება სურს". დეზინფორმაციის წაშლის ნაცვლად კომპანია საკუთარ ყურადღებას ამომრჩეველთა რეგისტრაციაზე გაამახვილებს.
"კენჭისყრა შენი ხმაა", — წერს ცუკერბერგი, — "ეს დემოკრატიის ყველაზე ძლიერი გამოხატულებაა და საუკეთესო გზაა ჩვენს ლიდერებში პასუხისმგებლობის შეგრძნების ასამაღლებლად. ასეთი სახით ჩვენ ვაგვარებთ მრავალ პრობლემას, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა".
ფეისბუქის მიდგომა პოლიტიკური შინაარსის მასალის მიმართ ხშირად იწვევს დისკუსიებს. სოციალური ქსელი პოლიტიკოსებს ფასიან რეკლამაში სიცრუის გავრცელების უფლებას აძლევს. ამასთანავე, ფეისბუქმა რეაგირების გარეშე დატოვა პრეზიდენტ ტრამპის მიერ მუქარის შემცველი პოსტები, რის გამოც სოციალური ქსელი საზოგადოების, მათ შორის დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტად იქცა.
ცუკერბერგის მიმართ მიწერილ წერილში ბაიდენი აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის დაშვება "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უქმნის საფრთხეს".
ფეისბუქისგან განსხვავებით, ტვიტერმა ტრამპის ტვიტი ძალადობის წახალისებისთვის დაბლოკა, ხოლო პოლიტიკური რეკლამა ჯერ კიდევ გასულ წელს აკრძალა.
ფეისბუქის განცხადებით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გათიშვის ახალი ფუნქცია აშშ-ის ტერიტორიაზე დღეიდან ამოქმედდება და რამდენიმე კვირაში ყველა ამერიკელისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მომხმარებელს საშუალება ექნება, დამალოს ყველა განცხადება, რომელიც უკავშირდება სოციალურ გამოკითხვას, საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამას. იმავე ფუნქციით ინსტაგრამის მომხმარებლებიც ისარგებლებენ.
კომენტარები