სამოქალაქო აქტივისტის, კახა კვეკვესკირის თქმით, მერს კახა კალაძეს "ჯიგრულ პონტში" მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოთი დაპრინტულ მაისურს თავადაც აჩუქებს. ეს კომენტარი მან TV პირველთან გააკეთა.

"ჯერ არ მომსვლია საჩუქარი ბატონო მერო, ველოდები და აუცილებლად რევერანსის სახით, მეც თქვენ მოგართმევთ მაისურს, დაპრინტულს მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ჯიგრულ პონტში მინდა გადმოქცეთ ეს მაისური მერიაში, ორშაბათს", — თქვა კახა კვეკვესკირმა.

თბილისის მერმა დღეს მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, აქტივისტმა მაისური თავად შემოიხია. მისი თქმით, მას და მთავარ არხს პრინტიან ზედას საჩუქრად გაუგზავნის.

კალაძემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ უარყო გუშინ, 5 ივნისის ვარკეთილში მას და აქტივისტებს შორის რაიმე ტიპის ძალადობა. მისი თქმით, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროდ ჩათვლის გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა ადგილზე რამდენიმე ადამიანი მხოლოდ პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა. კალაძემ აღნიშნა, რომ აქტივისტებს სურდათ არეულობა შეეტანათ და სკვერის გახსნის ღონისძიება ჩაეშალათ, რაც არ გამოუვიდათ.

ვარკეთილში კახა კალაძესა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მერი ვარკეთილში სკვერის გახსნაზე იყო მისული. ადგილზე ლაშა ჩხარტიშვილი და რამდენიმე აქტივისტი მივიდა.

მთავარი არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდაპირველად აქტივისტმა მერს პროექტებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა, დაპირისპირება კი მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილიდან აქტივისტების განრიდება სცადეს.

როგორც ადგილზე ერთ-ერთი პირი ყვება, დაპირისპირების დროს მას ხელი ჰკრეს და მაისური დაუხიეს.

თბილისის მერიის პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. დაპირისპირების შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პროვოკაცია სცადეს.