სწავლა ცარიელ საკლასო ოთახებში — სამხრეთ კორეის გამოცდილება
სკოლაში ზარმა დარეკა, როდესაც ჰასთან, ინგლისურის გაკვეთილზე შევედი. მხიარული მელოდია იყო და ამას, წესით ახალი სასწავლო დღის დაწყება უნდა ეხარებინა მოსწავლეებისთვის.
შენიშვნა: სამხრეთ კორეაში აკადემიური წელი მარტის ბოლოს იწყება და პირველი სემესტრი ივლისის შუა რიცხვებში სრულდება.
ზარის ხმა არცერთ მოსწავლეს არ გაუგია. ჰა ცარიელ საკლასო ოთახში იჯდა და ლეპტოპში მოსწავლეების სახელებს ხმამაღლა კითხულობდა.
"საბინ, აქ ხარ?" — კითხულობს ის და 16 წლის საბინიც იქვე პასუხობს.
"არდადეგებზე ყველასგან დისტანცირებული ვიყავი. უკვე რამდენიმე კვირაა სახლში ვარ, მოდუნებული ცხოვრების სტილი მაქვს და გავზარმაცდი", — ეუბნება მასწავლებელს საბინი, რომელიც საკმაოდ გულწრფელი ჩანს, თუკი მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ მას პირველად შეხვდა და დამამთავრებელ კლასში მისი პირველი დღეა.
ჰა ინგლისური ენის დეპარტამენტის უფროსია ჰანკუკის აკადემიაში. ამბობს, რომ გაკვეთილის დაწყებამდე ძალიან ღელავს: "მეშინია, რადგან ასეთი ტექნოლოგია მანამდე არც კი გამომიყენებია, თუმცა ისეთი ცუდიც არაა, როგორიც მეგონა. სინამდვილეში, ეს მეთოდი ვერასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ჩვეულებრივი გაკვეთილი შეიძლება, იყოს, მაგრამ ამ სიტუაციაში, საუკეთესო გამოსავალია".
ქვედა სართულზე იო ინგლისურ კულტურას ასწავლის. ჰყვება, რომ ყველაფერი, რაც განათლების სისტემას თავს დაატყდა, მეტისმეტია: "ერთდროულად ამდენ ცვლილებას უნდა შევეგუოთ — ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, თითქოს ცუნამია".
მასწავლებლებისთვის უპირველესი გამოწვევა ტექნოლოგიებთან შეგუება აღმოჩნდა, მაშინ, როცა უკვე საგაკვეთილო გეგმა მზად ჰქონდათ. მოსწავლეებისთვის კი, სასწავლო წლის გადადებამ და გაურკვევლობაში ყოფნამ მათი მომავლის მიმართ შფოთვა გააძლიერა.
სამხრეთ კორეას მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი საგანმანათლებლო სისტემა აქვს. მოსწავლეები ხშირად, გვიან ღამით, სპეციალურ სკოლებში დადიან, რათა კოლეჯში მისაღები ურთულესი გამოცდებისთვის მოემზადონ. კოლეჯის სასტიპენდიო უნარების გამოცდა 8-საათიან მარათონს გავს, რომელიც მათთვის ცხოვრებისა და კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. განათლების სამინისტრომ ტესტის თარიღი გადაიტანა, თუმცა 18 წლის ჩოი იუნ ჯანგი მაინც ნერვიულობს:
"ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა სკოლის დაწყება ერთი კვირით გადაიდო. ამან ცოტა ნერვებიც დამიმშვიდა, რადგან წელს ვამთავრებ. რა მოხდება შუა სემესტრში და ფინალურებზე? ეს გამოცდები ბოლო ეტაპია იმისთვის, რომ კოლეჯის მისაღებისთვის მოვემზადო. რა მოხდება, თუკი ვერ ჩავაბარებთ?"
კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა. მათი მესიჯი იყო, ეფიქრათ ბავშვებსა და მათ განათლებაზე.
ამასობაში, ვირუსის პატარა კლასტერები ჯერ კიდევ ნელა, მაგრამ მაინც ვრცელდებოდა ქვეყნის მასშტაბით. ვირუსი გავრცელდა სეულის ერთ-ერთ ბარში, შემთხვევები დადასტურდა ქალაქ დაეგუს არაერთ საავადმყოფოში. მათ უმრავლესობას აშშ-ში ან ევროპაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
"ონლაინსკოლა ის გზაა, რომელზეც არასდროს გაგვივლია. რეალურად, უნდა გავხსნათ ეს ახალი გზა. სკოლების დახურვის გაგრძელება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, რაც კიდევ უფრო მეტ სირთულეს მოიტანს… ჩვენ ვირჩევთ ონლაინ სწავლებას, რამდენადაც ეს მეორე და საუკეთესო გეგმაა. ჩვენი მიზანია, დისტანციური სწავლების პროცესი სწორად წარიმართოს და ამასთან, ვეცდებით, ეპიდემია დავასტაბილუროთ", — ეს დაპირება სამხრეთ კორეის პრემიერმა ჩუნგ სი კიუნმა ბრიფინგზე გააჟღერა.
ლოჯისტიკურად, ტექნოლოგიურად გათვიცნობიერებულ სამხრეთ კორეაშიც კი, მთელი ქვეყნის ბავშვების ვირტუალურ სკოლაში გადაყვანა დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. მთავრობამ დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის ინტერნეტის გადასახადის დახმარება გასცა, თუმცა მაინც იდგა საკითხი, ჰქონდა თუ არა ყველა მოსწავლეს მოწყობილობა, რითაც დაუკავშირდებოდა მასწავლებელს. აღმოჩნდა, რომ 223 000 მოსწავლეს არ ჰქონდა რაიმე ტექნიკა ონლაინ სკოლისთვის, რის გამოც განათლების სამინისტრომ სესხების გაცემის პროგრამა წამოიწყო.
იყო რიგი საქველმოქმედო კამპანიებიც, რომლის ფარგლებშიც ტაბლეტები და პორტატული ინტერნეტ მოწყობილობები დაარიგეს. დაბალშემოსავლიან ოჯახებში საკვები პროდუქტებიც მიიტანეს, რათა სტუდენტებს სწავლისას კონცენტრაცია უკეთ შეძლებოდათ.
კიმ სუნ-ჰონგი, რომელიც საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში საკვების ამანათს ამზადებს დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის, ჰყვება, რომ მშობლები მათი შვილების მიმართ მასწავლებლების მეთვალყურეობის ნაკლებობაზე უფრო მეტად ღელავენ, ვიდრე კომპიუტერთან და სმარტფონებთან წვდომის ზრდაზე.
"ბევრი დაბალშემოსავლიანი, მარტოხელა მშობელი ღელავს იმაზეც, რომ შვილებს სახლში ტოვებენ, როცა თავად სამსახურში მიდიან. ასეთ ოჯახებს ვეხმარებით იმაში, რომ ბავშვებს ვურეკავთ სახლში, ვამოწმებთ მათ, ან ვუგზავნით საკვების პაკეტებს და ვეკითხებით, რით შეგვიძლია კიდევ მათი დახმარება".
მთავრობა აღიარებს, რომ ეს ყველაფერი ექსპერიმენტია. ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საზოგადოებას, დაიცვან სოციალური დისტანცია. თუკი ახალი შემთხვევების რაოდენობა 50 პროცენტზე ნაკლები იქნება, მაშინ ეცდებიან, გახსნან ზოგიერთი სკოლა, ან სულ მცირე, ზოგიერთი საკლასო ოთახი.
მრავალი თვალსაზრისით, და თავს დამნაშავედ ვგრძნობ ამის წერისას, სეულში ცხოვრება მაინც ნორმალურია, მაგრამ მე ამას ვუწოდებდი "ახალ ნორმალიზებას კოვიდ-19-ის წელს". ნიღბების ტარება ყოველდღიურობად იქცა, ხელის სადეზინფექციო საშუალება ყველა კუთხეშია. ჩემი ტელეფონი ყოველდღე "ფეთქდება" გამაფრთხილებელი შეტყობინებებით, რომ ვიყო ფხიზლად და არ მივეცე თვითკმაყოფილებას.
სტატია ითარგმნა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები