ამ იდუმალ მოვლენას საუკუნეების განმავლობაში თითქმის მითოლოგიური სტატუსი ჰქონდა. უამრავ ადამიანს უნატრია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჰორიზონტზე ამ ნათებას მოჰკრავდა თვალს.

მწვანე სინათლე მზის ამოსვლის ან ჩასვლის დროს ჩნდება, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა ამინდი სრულად შესაბამისია. ამ იშვიათ მოვლენას ხშირად მწვანე გაელვებასაც ეძახიან. ამისდა მიუხედავად, დელავერის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი ბენეტ მარუკა განმარტავს, რომ ეს ამ ფენომენისთვის არც თუ ისე სწორი სახელია.

მაინც რა არის მწვანე სინათლე?

როგორც ვახსენეთ, ფენომენი შეიძლება როგორც აისის, ასევე დაისის დროს შენიშნოთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მასზე დაკვირვება დაისის დროს უფრო ადვილია. დედამიწის ატმოსფერული მზის სინათლის გადახრა უღრუბლო საღამოს უფრო გამოკვეთილია — მაშინ, როცა მზე ჰორიზონტის ხაზის ოდნავ ქვემოთაა. მწვანე სინათლე ძალიან მოკლეხნიანი მოვლენაა: ის მაქსიმუმ რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდება.

ამერიკული გამოცემა Farmer's Almanac მწვანე სინათლის ოთხ ტიპს გამოყოფს: არასრულფასოვანი მირაჟი, ყალბი მირაჟი, ქვედა გაელვება და მწვანე სხივი. ზოგი მათგანი ოვალური და ბრტყელი გაელვებაა, ზოგი — თხელი და წაწვეტებული ზოლი. ამ კატეგორიების ხანგრძლივობაც სხვადასხვაა: ზოგი 1-2 წამის განმავლობაში გრძელდება, ზოგი — 15. ყველაზე იშვიათი მწვანე სხივია. იგი მაშინ ჩნდება, როცა მზე უკვე ჩასულია.

რა იწვევს მწვანე სინათლეს?

სინათლის დისპერსია პრიზმაში

ფოტო: Vecton/Shutterstock

მწვანე სინათლეს რეფრაქცია და დისპერსია იწვევს. რეფრაქცია სინათლის გარდატეხას ნიშნავს, დისპერსია კი — გაბნევას.

"დედამიწის ატმოსფერო ერთგვაროვანი არ არის. იგი გამრუდებულია, თანაც მისი სიმკვრივე და ტემპერატურა სიმაღლისა და დროის მიხედვით იცვლება. სწორედ ამიტომ გამოსდის ატმოსფეროს სინათლის გარდატეხა ასე კარგად", — განმარტავს მარუკა.

შეიძლება შეგიმჩნევიათ, თუ როგორ ცვლის კამერა მიმართულებას მზის ჩასვლის დროს. სწორედ ასე გარდატეხს დედამიწის ატმოსფეროს ცვალებადი სისქე სინათლეს — ეს მწვანე გაელვების დანახვის საშუალებას გვაძლევს. სინათლე უფრო მკვრივ გარემოში გარდატყდება, მაგალითად, თბილი საღამოს ჰაერში. ატმოსფერო თითქოს ლინზასავით მოქმედებს.

დისპერსია რეფრაქციასთან დაკავშირებული ფენომენია.

"პრიზმაში ცისარტყელას დისპერსიით ვიღებთ. სინათლის სხვადასხვა ფერი სხვადასხვა კუთხით გარდატყდება ან იღუნება, ეს კი მათ სპექტრად შლის", — ამბობს მარუკა — "დედამიწის ატმოსფეროც პრიზმასავით მოქმედებს: ასტრონომიული წყაროდან (მაგალითად, მზისგან) მიღებულ სინათლეს გარდატეხს და აბნევს".

ასევე იხილეთ: საიდან ჩნდება ცისარტყელა და როგორ შევქმნათ იგი სახლის პირობებში

ატმოსფერო სინათლის მოკლე ტალღებს უფრო აბნევს — მაგალითად, ცისფერსა და იისფერს, ვიდრე წითელს. ამის გამო მზის ჩასვლის დროს ეს ფერები მანამდე გაიბნევა, ვიდრე ჩვენს თვალამდე მოაღწევს. სწორედ ამიტომაა მზის ჩასვლა მოწითალო ფერების.

მწვანე გაელვება მაშინ ჩანს, როცა მზე ჰორიზონტის ხაზის ქვემოთაა. ამ დროს დედამიწის ატმოსფერო სინათლეს გარდატეხს — მოკლეტალღიან სხივებს უფრო მეტად ღუნავს, ვიდრე გრძელტალღიანს, შემდეგ კი სინათლე გაიბნევა. ყველაზე მოკლე (იისფერი) და ყველაზე გრძელი (წითელი) ტალღები იფარება, შედეგად კი მხოლოდ შუალედური სიგრძის ტალღებს, მწვანე ტონალობებს, ვხედავთ.

ასევე იხილეთ: როგორ შეიძლება გამოჩნდეს ცაზე 7 მზე? — რას ამბობენ ფიზიკოსები

როგორ დავინახოთ მწვანე სინათლე?

ეს მოვლენა საქართველოშიც ჩანს. მის დასანახად იდეალური გარემო პირობებია საჭირო. ჰორიზონტი ცარიელი უნდა იყოს, დაკვირვების ზედაპირი — ბრტყელი; ღრუბლები და ნისლი ან საერთოდ არ უნდა იყოს ან — მხოლოდ მინიმალურად.

თავისთავად, ეს ყველაფერი იმის გარანტიას არ იძლევა, რომ მწვანე სინათლეს დავინახავთ — ეს უბრალოდ აუცილებელი წინაპირობებია საამისოდ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ნათება უმეტესად მხოლოდ 1-2 წამს გრძელდება. ამ მოვლენის ხილვის ყველაზე მეტი შანსი ზღვიდან ან მთის წვერიდან გაქვთ.

საინტერესოა, რომ მწვანე სინათლე სხვა პლანეტებიდანაც ჩანს.

შემდეგ ჯერზე, როცა კარგ ამინდში დაისით დატკბებით, ეცადეთ მზის უშუალოდ ჩასვლის შემდეგ განსაკუთრებით ყურადღებით იყოთ — შეიძლება გაგიმართლოთ და ამ საოცარ გაელვებას მოჰკრათ თვალი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.