ჩინეთმა ასტეროიდიდან ნიმუშების ჩამოსატანად მისია გაუშვა — ის კომეტასაც ეწვევა

ფოტო: CNSA
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩინეთმა კოსმოსში ახალი ზონდი გაუშვა, რომლის ფარგლებშიც დედამიწასთან ახლოს მოძრავი ასტეროიდიდან ნიმუშები უნდა ჩამოიტანონ. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ წინ მიიწევს ქვეყნის კოსმოსური პროგრამა, რომელიც მილიარდობით დოლარითაა დაფინანსებული. მისი მიზანი, პრეზიდენტ სი ძინპინის თქმით, სახელმწიფოს "კოსმოსური ოცნების" ახდენაა.
პროგრამის განმავლობაში ჩინეთმა პლანეტის ორბიტაზე საკუთარი კოსმოსური სადგური უკვე ააშენა და ამ დეკადაში მთვარეზე ეკიპაჟის გაშვებასაც გეგმავს. მომავალში იქ ბაზის დაარსებაც სურთ. მანამდე ისეთი მნიშვნელოვანი მისიები ხორციელდება, როგორიც ზემოხსენებული ზონდის გაშვებაა.
მას Tianwen-2 ეწოდება და ის სიჩანში მდებარე კოსმოდრომიდან რაკეტა Long March-3B-ით თბილისის დროით 28 მაისის 21:31 საათზე გაგზავნეს.
აფრენიდან დაახლოებით 18 წუთში ზონდი ე.წ. ტრანსფერულ ორბიტაზე შევიდა, საიდანაც ასტეროიდ 469219 კომოალევასკენ აიღო გეზი. ქვეყნის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, აპარატმა მზის პანელები წარმატებით გაშალა. იმედოვნებენ, რომ ეს მისია მნიშვნელოვან აღმოჩენებს დაედება საფუძვლად და კოსმოსის შესახებ კაცობრიობის ცოდნასაც გააფართოებს.
469219 კომოალევა 2016 წელს აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 40-დან 100 მეტრამდეა და იგი ჩვენს პლანეტასთან საკმაოდ ახლოს გადაადგილდება. მას ხშირად "ცოცხალ ნამარხს" უწოდებენ, რადგან უძველეს მატერიას შეიცავს, რომელიც მეცნიერებს მზის სისტემის ფორმირებისა თუ ევოლუციის შესახებ მეტის გაგებაში დაეხმარება.
ასტეროიდის გრუნტის ნიმუშების შეგროვების გარდა, ზონდი კომეტა 311P-საც ეწვევა. ის მარსსა და იუპიტერს შორის მოძრაობს და ასტრონომებისთვის საინტერესოა, რადგან ასტეროიდის მახასიათებლები აქვს.
მისია, სავარაუდოდ, დაახლოებით 10 წელი გაგრძელდება.
კომენტარები