ასტრონომებმა აღმოაჩინეს კოსმოსური ობიექტი, რომელიც 44-წუთიანი ინტერვალით "პულსირებს"

ფოტო: Ziteng (Andy) Wang, ICRAR
ASKAP J1832-0911-ის სახელით ცნობილი უჩვეულო კოსმოსური ობიექტი რადიო და რენტგენულ ტალღებს 2 წუთის განმავლობაში, ყოველ 44 წუთში ერთხელ გამოყოფს. ეს სიგნალები ასტრონომებმა რადიოტელესკოპ ASKAP-ისა და NASA-ს ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიის მეშვეობით დააფიქსირეს.
"ამ ობიექტის მსგავსი აქამდე არაფერი გვინახავს. შესაძლოა, SKAP J1831-0911 მაგნეტარი იყოს [მკვდარი ვარსკვლავის ბირთვი მძლავრი მაგნიტური ველებით] ან ბინარულ სისტემაში არსებული ვარსკვლავთა წყვილი, რომელთაგანაც ერთი ძლიერ მაგნეტიზებული თეთრი ჯუჯაა [ვარსკვლავური ბირთვის ნარჩენი]. და მაინც, ეს ჰიპოთეზებიც კი ბოლომდე ვერ ხსნის იმას, რასაც ვაკვირდებით. უკანასკნელ აღმოჩენას შეუძლია, ახალ ფიზიკამდე ან მნათობთა ევოლუციის ახალ მოდელებამდე მიგვიყვანოს", — აცხადებენ მეცნიერები.
ASKAP J1832-0911 ხანგრძლივი პერიოდის მქონე ტრანზიენტია (LPT). ასე უწოდებენ იშვიათ და ექსტრემალურ ასტროფიზიკურ მოვლენებს, რომლებსაც ძლიერი რადიოგამოსხივება ახასიათებს. პირველად ასეთი რამ 2022 წელს დააფიქსირეს და მას შემდეგ სულ 10 ასეთი შემთხვევაა კატალოგიზებული.
მსგავს სიგნალებს პულსარებიც გზავნის — მბრუნავი, მაგნეტიზებული ნეიტრონული ვარსკვლავები. ამის მიუხედავად, ეს რამდენიმე წამში ერთხელ ან მილიწამების ინტერვალით ხდება. მათგან განსხვავებით, LPT ემისიას წუთების ან საათების შუალედში გამოყოფს, რაც აქამდე შეუძლებლად მიიჩნეოდა. ასეთი პერიოდულობის მიზეზი სპეციალისტებისთვის გაუგებარია.
ბოლო მიგნებას ის გამოარჩევს, რომ ASKAP J1832-0911 პირველი LPT-ია, რომელიც რენტგენულ გამოსხივებაშიც აღბეჭდეს. ეს ერთგვარი გამართლებაცაა, რადგან ჩანდრას ობსერვატორია მაშინ კოსმოსის სწორედ იმ არეალს აკვირდებოდა. ასეთი ორგვარი ემისია უფრო მეტ შანსს იძლევა, რომ მეცნიერებმა ამის უკან მდგარი პროცესები გააანალიზონ და გამომწვევი მიზეზი დაადგინონ.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები