იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, ევროპული საქართველოს წევრის, გიგა ბოკერიას კრიტიკა, ოდიოზურად ქცეული ადამიანის კივილი იყო.

მისივე თქმით, ბოკერიას კრიტიკაზე პრემიერმინისტრის პასუხი, რომ წულუკიანს დააწინაურებს, მხოლოდ ამ "კივილზე" პასუხი იყო და რაიმე ტიპის გეგმები არ არსებობს.

"მე ვფიქრობ, რომ პრემიერმინისტრის ეს რეპლიკა პასუხი იყო იმ აბსოლუტურად ოდიოზურად ქცეული ადამიანის კივილზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ პარლამენტში და არ მგონია, რომ ამის უკან რაიმე ტიპის რეალური გეგმები იდგეს", — განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა წულუკიანი ქართული ოცნების საარჩევნო სიის სათავაშე, მისი თქმით, მოვლენებს უნდა დაველოდოთ.

"სია თუ არა, პარლამენტი თუ არა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველანი დავინახავთ ვინ სად დადგება იმ საარჩევნო კამპანიაში, რომელი ჩვენ ყველას გვაქვს წინ", — განაცხადა წულუკიანმა.

გიგა ბოკერიამ, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე თეა წულუკიანის რეაგირების შეფასებისას, მას პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი უწოდა.

ასევე, ბოკერიამ, გიორგი გახარიას კითხვით მიმართა, მოხსნიდა თუ არა თეა წულუკიანს მინისტრის პოსტიდან იმის გამო, რომ პარტნიორების კრიტიკას მტრული სახელმწიფოს ოკუპაციას ადარებს, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ წულუკიანს "დააწინაურებს".