როგორ კარგავენ მეგობრები ერთმანეთს პანდემიისას
როცა ერთი მეგობარი უფრო მეტი სერიოზულობით ეკიდება საკარანტინო წესებს, ვიდრე მეორე, ეჭვის, შიშის და სირცხვილის შეგრძნებამ, შეიძლება, მათ დაშორებისკენაც კი უბიძგოს.
სახლში დარჩენა და იმ ადამიანებთან ახლო ურთიერთობების შეზღუდვა, რომელთან ერთადაც არ ვცხოვრობთ, COVID-19-ის გავრცელების შესანელებლად ნამდვილად სწორი ტაქტიკაა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ასე იქცევა. ადამიანები მსოფლიოს იმ წერტილებიდან, სადაც პანდემია მძვინვარებს, კვლავ აწყობენ წვეულებებს, დადიან საკარანტინო წესების მოხსნის მოთხოვნით გამართულ აქციებზე, ესწრებიან საჯარო ღონისძიებებს და ზოგჯერ ამას დაპატიმრების რისკის ქვეშაც კი აკეთებენ. ამიტომ, სამართლიანად, ამ ადამიანების მეგობრებს უჩნდებათ კითხვები მათი საქციელის სისწორის მიმართ.
ისედაც მაღალსტრესულ პერიოდში მეგობრისგან კრიტიკის მოსმენა განსაკუთრებით რთული შეიძლება აღმოჩნდეს. ბუნებრივია, რომ უმრავლესობა უმალვე თავდაცვით პოზიციაში დგება. შედეგად, ბოლო თვეებში ბევრი ადამიანი კარგავს მეგობრებს. მეგობრული ურთიერთობები იძაბება მაშინ, როცა ერთი მხარე მეორეზე სერიოზულად ეკიდება სოციალური დისტანცირების მოთხოვნებს. და იმ მნიშვნელოვანი რისკების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც კაცობრიობა ისტორიის ამ მომენტში დგას, ეს ბზარები მარტივად ვერ გამთელდება.
22 წლის ჯოუი ამაიამ თვალებს ვერ დაუჯერა, როცა რამდენიმე კვირის წინ მისმა მეგობარმა ჯგუფურ ჩატში დაახლოებით 10 ადამიანი დაპატიჟა ფეხბურთის სათამაშოდ. მაშინ, როცა მათ საცხოვრებელ ადგილას, ვირჯინიაში, სახლში დარჩენის ოფიციალური წესი იყო შემოღებული და ამაიას ბებია COVID-19-ის დიაგნოზით იწვა საავადმყოფოში, მისმა მეგობარმა ადამიანთა მოზრდილი ჯგუფის შეკრება კონტაქტური სპორტის სათამაშოდ გადაწყვიტა. ამან ამაიას თავი არაკომფორტულად აგრძნობინა. ჩატში მან მეგობრებს რისკების შესახებ მიუთითა, ბებიამისიც ახსენა და ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით გარდაცვალების სტატისტიკაც გააზიარა.
"მან კი მიპასუხა, შენგან ლექციის მოსმენა არ მითხოვია, უბრალოდ შეგეძლო, უარი გეთქვაო", — გვიყვება ამაია. მისივე თქმით, ამ ამბის მერე მეგობარს მისთვის ხმა აღარ გაუცია. ამაიამ მოგვიანებით Snapchat-იდან შეიტყო, რომ მეგობრებს მის გარეშე უთამაშიათ ფეხბურთი.
მირიამ კირმაიერმა, კლინიკურმა ფსიქოლოგმა და მეგობრული ურთიერთობების მკვლევარმა მონრეალიდან, ბოლო პერიოდში ბევრი მსგავსი ისტორია მოისმინა. "ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები მეგობრებისგან მიღებულ რჩევებსა თუ მითითებებს კრიტიკად და პირად შეურაცხყოფად იღებენ — მაშინაც კი, როცა მთქმელს მსგავსი განზრახვა არ ჰქონია", — ამბობს ის, — "ჩვენ, როგორც წესი, კრიტიკას აღვიქვამთ არა უბრალო მინიშნებად, რომ რამეს არასწორად ვაკეთებთ, არამედ თავდასხმად — თითქოს ჩვენს პატიოსნებაში შეჰქონდეთ ეჭვი". ამავდროულად, ამ კონკრეტულ სიტუაციაში იმის თქმა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, ქვეტექსტად მოიაზრებს ბრალდებასაც, რომ სხვა ადამიანებსაც ვაგდებთ საფრთხეში — რაც, შესაძლოა, ასეც იყოს (ტვიტერზე ცოტა ხნით ყოფნა საკმარისია იმ პოსტების მისაგნებად, რომლებშიც საუბრობენ, როგორია, როცა მეგობრისგან ან ნათესავისგან ისმენ, რომ სოციალურ დისტანცირებას საკმარისად სერიოზულად არ ეკიდები).
ინდიანაში სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, 17 წლის ქეითი სტენლის, COVID-19-ის გამო ჯერ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე მოუწია უარის თქმა, მერე კი ბავშვობისდროინდელ მეგობრებთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა. თავდაპირველად გამოსაშვები საღამო გაუქმდა, შემდეგ სკოლებიც დაიხურა და ახლა სტენლი იმაშიც არაა დარწმუნებული, რომ შემოდგომის სემესტრში ბატლერის უნივერსიტეტში პირველ კურსის ლექციებზე ფიზიკურად დასწრებას შეძლებს. ნაცვლად იმისა, რომ სკოლის უკანასკნელი წლის დასრულება უხაროდეს, ის სახლში ზის და უმწეოდ უყურებს, როგორ იშლება მისი სამეგობრო ჯგუფი.
ამ ჯგუფში, რომელიც 8 ახლო მეგობარს აერთიანებს, მხოლოდ სტენლი და მისი ერთი მეგობარი იცავდა სოციალური დისტანცირების წესებს. დანარჩენი ექვსი ხშირად იკრიბებოდა დანკინ დონატსში ყავის დასალევად, შემდეგ კი ერთმანეთის სახლებში ატარებდნენ დროს. სტენლი, რომლის მამა და დედინაცვალი საარსებო მნიშვნელობის სფეროებში არიან დასაქმებულები, ამ ამბის გაგებამ შეაძრწუნა. მისმა იმ მეგობარმა, რომელიც ასევე სახლში რჩებოდა, დანარჩენ ექვსს საყვედური მისწერა: "თქვენ რა, ყველას დაგავიწყდათ სოციალური დისტანცირების შესახებ?". ამ სიტყვებმა ყველა თავდაცვის მდგომარეობაში გადაიყვანა და, როგორც სტენლი ამბობს, მათ რეგულარულად დაიწყეს ინსტაგრამზე იმის აღნიშვნა, თუ როგორი გემრიელი იყო დანკინის ყავა, შემდეგ კი ცალკე, მათ გარეშე შექმნეს ჩატი.
პანდემიამდე ისინი სწორედ ის გოგოები იყვნენ, რომელთან ერთადაც სტენლი ყოველი შობის მოახლოებისას "საიდუმლო სანტას" თამაშობდა. ახლა კი იმაშიც არაა დარწმუნებული, რომ რომელიმე მათგანს ოდესმე კვლავ გასცემს ხმას. "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სკოლის ეს გამოსაშვები წელი ნახვრეტებითაა სავსე", — ამბობს ის.
ჩვეულებრივ დროს ურთიერთობებში გაჩენილი იმგვარი ბზარები, როგორსაც სტენლი აღწერს, მარტივად გამრთელდებოდა. წარმოიდგინეთ: ორი თინეიჯერი წესების მიმდევარია, დანარჩენი ექვსი მეგობარი კი — არა. რაღაც დაძაბულობა კი წარმოიქმნებოდა, მაგრამ დიდად ამისთვის ვერავინ მოიცლიდა: ეს ხომ მათი გამოსაშვები წლის გაზაფხულია. იმის ცოდნა, რომ ერთად ყოფნის დრო შეიძლება იწურებოდეს, უთანხმოებების გადალახვას ამარტივებს. მაგრამ როცა ადამიანები შიშით უყურებენ მომავალს და ახლობლებზე ღელავენ, რთულია, რაღაცების დავიწყება და პატიება.
ამ სიტუაციაში "ყველა სულ უფრო მეტად გაღიზიანებული, იმედგაცრუებული, მარტოსული, შეშინებული და მოწყენილია", — ამბობს კირმაიერი, — "ამიტომაც ჩვენ გარშემო ხალხი ნაკლებად მომთმენია. ეს ტენდენცია ყველაზე მძაფრად რომანტიკულ ურთიერთობებში შეიმჩნევა: ჩვენ ხშირად საკუთარი დაძაბულობისა თუ მღელვარების იმ ადამიანზე ამონთხევას ვცდილობთ, ვისთანაც ყველაზე ახლოს ვართ, რადგან მათთან ვგრძნობთ თავს ყველაზე დაცულად. ამდენად, ლოგიკურია, რომ მსგავსი რამ მეგობრულ ურთიერთობებშიც მოხდეს".
რასაკვირველია, უთანხმოება სოციალური დისტანცირების გარშემო მხოლოდ წესების დაცვის საკითხის გამო არ წარმოიქმნება. პანდემიის დროს იმას, თუ როგორ დაიცავ სამედიცინო სფეროს ავტორიტეტების მიერ რეკომენდირებულ მითითებებს, პირდაპირი გავლენა აქვს იმაზე, თუ რამდენად ბევრი ადამიანი დაინფიცირდება მომაკვდინებელი ვირუსით. ამიტომაც ამაიასა და სტენლის მსგავსი ადამიანები თავიანთი მეგობრების ზერელე დამოკიდებულებას საყოველთაო ჯანდაცვის საკითხების მიმართ შეშფოთებით უყურებენ. მსგავსი რამ შეემთხვა 42 წლის რიკსაც, რომელმაც ახლახანს გააცნობიერა, რომ მისი ურთიერთობა კოლეჯში გაცნობილ მეგობართან დასასრულს მიუახლოვდა.
რიკმა და მისმა მეგობარმა დიდი ხანია იციან, რომ იდეოლოგიურ სპექტრზე სხვადასხვა ადგილს იკავებენ. რიკი თავს პროგრესივისტად თვლის, მაშინ, როცა მისი მეგობარი ლიბერტარიანელობისკენ იხრება. წარსულში პერიოდულად კი მოსვლიათ კამათი პოლიტიკურ საკითხებზე, თუმცა კოლეჯის მოგონებებისა და პოპ-კულტურაში მსგავსი გემოვნების ხარჯზე კონტაქტის შენარჩუნება მუდამ გამოსდიოდათ. მაგრამ მარტის ბოლოს რიკმა თავისი მეგობრის ფეისბუქ პოსტი წაიკითხა, რომელშიც ის წერდა, რომ სოციალური დისტანცირება ადამიანის პირადი არჩევანი უნდა იყოს და არა — სავალდებულო მოთხოვნა. მან პასუხი გასცა და აქედან დაიწყო უთანხმოებაც.
"მაშინაც კი, როცა ფუნდამენტურად არ ეთანხმებით ერთმანეთს ისეთ საკითხებში, როგორიცაა აბორტის უფლება ან ქორწინებაში თანასწორობა, მსგავსი თემები მაინც ჰიპოთეტურია ხოლმე. მაგრამ დღეს ყველა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იძლევა შედეგს. თუკი არაფრად ჩააგდებ სოციალური დისტანცირების პროტოკოლს, ამით საფრთხეში აგდებ ადამიანთა სულ უფრო მზარდ რაოდენობას", — ამბობს რიკი. მისთვის გარკვეული მკვეთრი ხაზი გაჩნდა მეგობრის იმ ღირებულებებს შორის, რომელთა მიღებაც შეეძლო და რომლებზეც თვალს ვერ დახუჭავდა. "ამის გააზრებამ გაამწვავა იმის შეგრძნება, რომ მის ამ კონკრეტულ დამოკიდებულებას ვერ მივიღებდი", — აღნიშნა მან და დაურთო, რომ არ არის დარწმუნებული, სურს თუ არა პანდემიის მერე მეგობართან ურთიერთობის აღდგენა.
რა თქმა უნდა, რთულია იმასთან შეგუება, რომ შენს მეგობარს ისეთი რაღაცების სწამს, რაც შენთვის მიუღებელია. "რატომღაც გადაუმოწმებლად ვთვლით ხოლმე, რომ ჩვენი მეგობრები ისევე ფიქრობენ, როგორც ჩვენ. ამიტომ ისეთ სიტუაციებში აღმოჩენისას, როცა მათი ქცევა ჩვენსას არ ემთხვევა, გაოცებულნი და იმედგაცრუებულნი ვრჩებით", — ამბობს კირმაიერი. მაგრამ საყოველთაო ჯანდაცვის მითითებების იგნორირება მეგობრობისთვის განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს. სოციალური დისტანცირება მაშინ მუშაობს კარგად, როცა მას ყველა მიჰყვება. ამ დროს შენი თავის დაცვით სხვასაც იცავ და, თავის მხრივ, სხვა ადამიანთა თავდაცვა გეხმარება შენც. თუ ადამიანთა ნაწილი საყოველთაო ძალისხმევაზე უარს იტყვის, მარტივია გეგონოს, რომ მათ უშუალოდ შენი დახმარება არ სურთ, თანაც მაშინ, როცა შენ თავად ზრუნავ მათზე. "ორმხრივობა კი სწორედ ისაა, რასაც მეგობრობისგან ველით", — დასძენს კირმაიერი.
მაშინ, როცა ყოველდღიური ცხოვრება მთლიანად ჩამოშლილია, სასიკვდილო დაავადება მძვინვარებს და ყველას ფინანსური მომავალი ბურუსითაა მოცული, განსაკუთრებით ცუდი დროა მეგობრების დასაკარგად. ამიტომ, როცა ახლობლები სოციალურ დისტანცირებას ეწინააღმდეგებიან, კირმაიერი გვირჩევს, რომ რამდენადაც შესაძლებელია, შევინარჩუნოთ ურთიერთობები და კონფლიქტის მოსაგვარებლად გაკიცხვის ნაცვლად მეტად ემპათიურები გავხდეთ.
ის თავის პაციენტებს მოუწოდებს, მოერიდონ ისეთ ბრძანებით ან ბრალდებით ფრაზებს, როგორებიცაა, მაგალითად, ეს არ უნდა გააკეთო ან არ მომწონს, ამას რომ აკეთებ. სანაცვლოდ კი ისეთი ღია დაბოლოებებიანი კითხვების გამოყენებას გვირჩევს, როგორიცაა, რომელი ღირებულების გამო არ იცავ [რომელიმე კონკრეტულ] წესს? ასევე მნიშვნელოვანია, დავანახოთ მათ, რომ არა მარტო საკუთარ, არამედ მათსავე უსაფრთხოებაზეც ვზრუნავთ.
იმ გრძნობებში გარკვევით, რომლებზე დაყრდნობითაც აქვს მეგობარს შენგან განსხვავებული შეხედულებები ჩამოყალიბებული, საუბარი ნაკლებად დაძაბული ხდება. "მსგავსი დიალოგისას სასარგებლოა იმის აღიარება, რომ ამ წესების დაცვა რთულია. არ უნდა ვამტკიცოთ, თითქოს სოციალური დისტანცირების მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულება მარტივი იყოს", — ამბობს კირმაიერი. ასევე შეგვიძლია, ვახსენოთ ისეთი გარემოებები, რაც პანდემიასთან გამკლავებას მეტად ართულებს; მაგალითად, როცა მეგობარი მარტო ცხოვრობს, ან არ ჰყავს პარტნიორი, ან შემოსავლის წყარო დაკარგა, ან ოჯახში დაძაბული სიტუაცია აქვს. "მსგავს საკითხებზე ყურადღების გამახვილება განაიარაღებს სიტუაციას და დაგვეხმარება, ზუსტად მივაწოდოთ ჩვენი სათქმელი მეგობრებს", — გვიხნის კირმაიერი.
სავარაუდოდ, მეგობრობაში შემოპარული დაძაბულობის გასანეიტრალებლად საუკეთესო გზა არის ისეთ საკითხებში აქტიურად დახმარება, რომელთა გამოც უჭირს მეორე მხარეს სოციალური დისტანცირების დაცვა. "მეგობრებს იმ საკითხების მოგვარება შესთავაზეთ, რის გამოც სოციალურ დისტანცირებას არასერიოზულად ეკიდებიან. მაგალითად, მიუტანეთ პროდუქტები ან მეტი დრო გაატარებთ მათთან ერთად ინტერნეტსივრცეში, რათა თავი ნაკლებად მარტოდ იგრძნონ".
ყურადღების ისეთი მარტივი გამოვლინებები, როგორიცაა მეგობართან ვიდეოზარი და საკვების ვირტუალურად ერთად მომზადება, მისთვის ნიღბების შეკერვა ან თუნდაც თმის ვარცხნილობებისა და შეღებვის ვიდეოების ბმულების გაზიარება, მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს. პანდემიის დროს ყოველდღიურ ცხოვრებას ის ართულებს, რომ ადამიანები ფიზიკურად ერთად ვერ არიან, მარამ ჩვენ მაინც შეგვიძლია, რომ ემოციურად შევხვდეთ მეგობრებს იქ, სადაც ისინი ამ მომენტში იმყოფებიან.
კომენტარები