102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ოფიციალურად შეიქმნა. ეროვნულმა ყრილობამ საქართველოს დამოუკიდებლობა ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე გამოაცხადა.

პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ 3 წელი იარსება, მაგრამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის საბჭოთა არმია საქართველოში შემოიჭრა და პირველმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.

ამის შემდეგ თავისუფლება და დამოუკიდებლობა მეორედ მოვიპოვეთ, თუმცა საქართველო დამოუკიდებლობის დღეს მაინც 26 მაისს აღნიშნავს.

საქართველოს არსებობის ისტორიაში უამრავი საამაყო ფურცელია. დღევანდელი დღისთვის შევარჩიეთ 26 ისტორიული და თანამედროვე მონაპოვარი, რასაც ქართული შეგვიძლია ვუწოდოთ და რისი არსებობაც ყველაზე მეტად გვეამაყება. სია შეიძლება სრულყოფილი არაა, ამიტომ თქვენი ვერსიები კომენტარებში მოგვწერეთ.

1. განსაკუთრებული მდებარეობა

ფოტო: Jairph / Unsplash

როცა ჩვენს მდიდარ, უძველეს და საამაყო ისტორიაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად გვახსენდება ის, თუ რატომ ცდილობდნენ დიდი იმპერიები საქართველოს დაპყრობასა და ქვეყანაზე გავლენის მოპოვებას — აბრეშუმის გზა ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო მაგისტრალი იყო, რომელიც საქართველოზე გადიოდა. თუმცა სტრატეგიულმა განლაგებამ ჩვენი კულტურის მრავალფეროვნებაც განსაზღვრა.

2. ვეფხისტყაოსანი

ფოტო: Wikipedia

მე-12 საუკუნეში დაწერილი პოემა ასეულობით წელია ქართველების უსაყვარლეს წიგნად ითვლება. შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი დღეს მსოფლიო ლიტერატურის შედევრადაა აღიარებული.

3. ქართული დამწერლობა

ფოტო: Anano Kakhiani

"რა გვაქვს გამორჩეული?" — როცა ჩვენს თავს ამ კითხვას ვუსვამთ, დამწერლობა ერთ-ერთი პირველია, რაც თავში მოგვდის. ქართული ანბანის სამი სახეობა – ასომთავრული, ნუსხური და მხედრული 2016 წელს იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.

4. სტუმარ-მასპინძლობა

ფოტო: National Geographic

სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიშანია. გამოთქმა "სტუმარი ღვთისაა", ალბათ, ყველაზე უკეთ ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას სტუმრისადმი, ხოლო მისდამი გამასპინძლება ცალკე ხელოვნებაა. ქართულ ტრადიციაში სტუმარი არამხოლოდ უფლისმიერი, არამედ ხელშეუხებელიცაა.

5. რაგბის ეროვნული ნაკრები

ფოტო: Georgian Rugby

სპორტში ჩვენს მიღწევებზე ბორჯღალოსნების გარეშე ვერ ვისაუბრებთ. 2020 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებს შორის რეიტინგით მე-12 ადგილზეა.

6. ქართული ღვინო

2017 წელს მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენამ დაადასტურა, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა. გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, მეღვინეობა საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულმა ტომებმა ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ დაიწყეს. მოგვიანებით, საქართველოში აღმოჩენილ 8 000 წლის ქვევრში ნაპოვნი ღვინის ქიმიური ნალექი, როგორც უძველესი ღვინო, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

7. ნიკო ფიროსმანის შემოქმედება

"ყველაზე გავლენიანი უცნობი" — ქართველი თვითნასწავლი მხატვარი ნიკო ფიროსმანი პრიმიტივიზმი ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელია. მისი შემოქმედება საუკუნის შემდეგაც კი უამრავ ადამიანს აოცებს მთელ მსოფლიოში. ბოლო წლებში ფიროსმანის ნამუშევრები გამოფენილი იყო ალბერტინასა და ვან გოგის მუზეუმებში, ასევე მოდილიანისა და პიკასოს შემოქმედების გვერდით.

8. ბორჯომის წყალი

ფოტო: ბორჯომის მუნიციპალიტეტი

დაბადების დღეები, დღესასწაულები, ახალი წელი საქართველოში ვულკანური წარმოშობის მინერალური წყლის გარეშე წარმოუდგენელია. ის პოპულარული კურორტის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა და 1 500 წელზე მეტს ითვლის. ბორჯომის წყალი 8-10 კილომეტრის სიღრმიდან ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით ამოდის და მასში 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიცია გვხვდება. დღეს ბორჯომი 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

9. სვანური კოშკები

ფოტო: Aaron Huey

უძველესი სვანური კოშკი მე-8 საუკუნით თარიღდება, უახლესი კი მე-18 საუკუნით. ამ დროისთვის სვანეთში 3000-ზე მეტი კოშკია. რიყის ქვებით ნაშენებ ნაგებობებს ქართველები მტრის შემოსევის დროს თავშესაფრად იყენებდნენ.

10. ჯიმ შვანთე

ფოტო: Wikipedia

ჯიმ შვანთე (მარილი სვანეთს) რეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილის 1930 წლის ფილმია, რომელიც მან უშგულში გადაიღო. სურათში ასახულია აუტანელი პირობები, რომელშიც სვანეთის მოსახლეობას იმ დროს უხდებოდა ცხოვრება. იმის გამო, რომ ფილმი მაყურებელმა არ მოიწონა, ეკრანებზე ის მხოლოდ ოთხი დღე გადიოდა და შემდეგ მოხსნეს. თუმცა, უცხოელმა კინემატოგრაფისტებმა მარილი სვანეთს დადებითად შეაფასეს და მას ლუის ბუნიუელის უპურო მიწას ადარებდნენ.

11. ქართული სამზარეულო

ფოტო: Shutterstock

ქართული სამზარეულო ალბათ, ერთ ერთი პირველი რამაა რაც სიამაყეზე საუბრისას გვახსენდება. საინტერესოა, აჭარული ხაჭაპური უფრო მეტად გვიყვარს, თუ უფრო მეტად გვეამაყება? ამის გარკვევა არც ისე მარტივია, თუმცა ამ განსაკუთრებული კერძით აღფრთოვანებული უცხოელებიც არაერთხელ გვინახავს და უამრავჯერ წაგვიკითხავს მაღალი შეფასებები ისეთი გამოცემებში, როგორიცაა The Guardian, The New York Times, Washington Post, Wall Street Journal და ა.შ.

ხინკალი, ელარჯი, საცივი, ლობიო, კუბდარი და სხვა კერძები კი ქართული ტრადიციული სუფრის უცვლელი და გამორჩეული ნაწილებია და მათი ქება (ისევე, როგორც ჭამა) დაუსრულებლად შეიძლება.

12. ვარძია

კლდეში გამოკვეთილი მხატვრული ძეგლი დღემდე აღფრთოვანებას იწვევს დამთვალიერებელში. საუკუნეებით დათარიღებული კომპლექსი კლდოვანი ქალაქის 50 მეტრის სიღრმეშია განთავსებული.

13. ქართული მუსიკა

ფოტო: Shutterstock

ქართული მუსიკა, როგორც ფოლკლორი, ისე კლასიკური თუ თანამედროვე მდიდარია ნამუშევრებით, რომლებიც დღემდე ეხება ადამიანების გულებს. ჩაკრულო მრავალხმიანობის ერთ-ერთი კლასიკური ნიმუშია, რომლითაც სიამაყის კიდევ ერთი დიდი მიზეზი გვაქვს — 1977 წელს ქართული მუსიკალური საგანძური, საბჭოელების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, კოსმოსში დედამიწის სხვა ხმებთან ერთად გაგზავნეს.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქართული მუსიკა მსოფლიოსთვის მხოლოდ მრავალხმიანობასთან ასოცირდება. ერთ-ერთი ცხადი მაგალითი იმისა, რომ ქართული მუსიკა თანამედროვეცაა და უკვდავიც, გია ყანჩელია, რომლის მუსიკასაც შეუძლია, ნებისმიერი ეროვნებისა თუ გემოვნების ადამიანს შეეხოს.

14. პირველი წარმატებული მეწარმეები

ფოტო: 1TV

ქართული ბიზნეს ისტორია შეიძლება უსაზღვროდ შთამბეჭდავი არაა, მაგრამ მასზე დაკვირვებით შეგვიძლია მივხვდეთ, რა მისწრაფებები ჰქონდათ ქართველებს, სანამ საბჭოთა ტყვეობაში აღმოჩნდებოდნენ. 1907 წელს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ქართული უალკოჰოლო სასმელების პირველი კაფე-მაღაზია "ლაღიძის წყლები" გაიხსნა და ის ძალიან მალე იქცა დედაქალაქის სავიზიტო ბართად. "ლაღიძის წყლების" სახელი ძალიან მალე გასცდა საქართველოს ფარგლებს და მიტროფანე ლაღიძემ საერთაშორისო წარმატების მაგალითი შექმნა.

15. ლანდშაფტების მრავალფეროვნება

ბახმარო

ფოტო: EKATERINE PHOTOGRAPHY

საქართველოს ბუნება დამთვალიერებლის ყურადღებას და აღტაცებას ყოველთვის იწვევს. მიუხედავად მომცრო ზომისა, ის ლანდშაფტისა და ეკოლოგიის მრავალფეროვნებით გამოირჩევა — საქართველოში 12 განსხვავებული კლიმატური ზონაა. აქ ნახავთ მთებს, მყინვარწვერს, ზღვას, ნახევარუდაბნოს... თანაც ერთმანეთთან ისე ახლოს, რომ მთიდან ზღვამდე ჩასასვლელად მხოლოდ 2-3 საათი დაგჭირდებათ და თუ ბახმაროს ეწვევით, საშუალება გექნებათ ალპურთან შერეული ზღვის სამკურნალო ჰავა შეიგრძნოთ.

16. პირველი ქართული სტამბა

იგივე "ვახტანგ VI-ის სტამბა" თბილისში 1708-1709 წლებში დაარსდა და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე შენობაში მოეწყო. პირველი წიგნი, რომელიც სტამბაში დაბეჭდეს, სახარება იყო. დაარსების პირველივე წელს დაიბეჭდა ვეფხისტყაოსანიც. იმის მიუხედავად, რომ სტამბაში მხოლოდ 19 წიგნი დაიბეჭდა, საამაყოა, რომ საქართველოში დაბეჭდილი პირველი წიგნების ხარისხი ევროპის სტამბებში გამოცემული წიგნების ხარისხს არ ჩამოუვარდებოდა.

17. დემნა გვასალიას წარმატება

ფოტო: Geoffroy Van De Hasselt / Getty Images

ფოტო: Vetements

ფოტო: Browns

დემნა გვასალია 2015 წელს ცნობილმა ესპანურმა მოდის სახლმა, ბალენსიაგამ კრეატიულ დირექტორად მიიწვია. აქედან დაიწყო ექსტრავაგანტული ქართველი დიზაინერის პოპულარობისა და წარმატების გრძელი გზა, რომელზეც საქართველოც აღმოჩნდა. დემნა მოდის გამოცემებმა წლის ადამიანად დაასახელეს, პრესტიჟული ჯილდოები გადასცეს, ის ერთადერთი დიზაინერია, რომელიც Vogue-ის ბოლო დეკადის 12 გამორჩეულ ჩვენებაში ორჯერ აღმოჩნდა. თავისი ყოფილი ბრენდის, Vetements-ის ჩვენებებზე დემნამ ქართული ანბანით დაბეჭდილი ტანსაცმელი წარადგინა, რომელთა ნაწილიც საქართველოს ისტორიას ყვებოდა.

18. ევროპის ყველაზე მაღალი სოფლები

უშგული

ფოტო: CamelKW / Flickr

ევროპის ყველაზე მაღალი სოფლები საქართველოში გვაქვს, კერძოდ კი თუშეთში და სვანეთში. ბოჭორნა და უშგული ზღვის დონიდან 2 345 და 2 160 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ორივე რეგიონში ზაფხული მოკლეა, ზამთარი კი ქარიანი და თოვლიანი. სოფლები იმითაც გამოირჩევა, რომ მოსახლეობა მათ არ ტოვებს. 1989 წლის ჩათვლით, ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად მიიჩნეოდა ყაზბეგში, თრუსოს ხეობაში მდებარე სოფელი რესი, რომელიც ზღვის დონიდან 2405 მეტრზეა. თუმცა, სოფლის დაცლის შემდეგ, ეს ტიტული ბოჭორნასა და უშგულს გადაეცა.

19. 1918 წლის არჩევნებში ქალების მონაწილეობა

ფოტო: ეროვნული არქივი

ქალებმა საქართველოდან, მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველებმა მოიპოვეს საარჩევნო ხმის უფლება. ეს მოხდა 1918 წლის 22 ნოემბერს, როდესაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ (1918 წლის 8 ოქტომბრიდან იწოდებოდა, როგორც პარლამენტი) დაამტკიცა კანონი — "დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა".

20. ქართული ცეკვა

რთულია დაივიწყო ემოცია, რომელსაც ქართული ცეკვა გვიტოვებს. ეროვნული საბალეტო ხელოვნება მუდამ განიცდიდა ცვლილებებს და ის სიახლეებს ახლაც გვთავაზობს. თუმცა, რაც მთავარია, ყოველთვის ტოვებს მაყურებელს შთაბეჭდილებების ქვეშ. ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მოძრაობებით მოცეკვავეები გვესაუბრებიან და სხვადასხვა შინაარსს გამოხატავენ. ქართული ცეკვა შეიძლება იყოს მეტოქეობრივ სიყვარულზე, საბრძოლო ხელოვნებაზე, მითოლოგიურ ღმერთზე, ფლირტზე და ა.შ.

21. პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში

ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge

საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში არსებობდა, როგორც რუსეთის იმპერიისგან თავის დაღწევისა და გაძლიერების ერთ-ერთი გზა. მისი დამაარსებელი და დაფუძნების ორგანიზატორი ივანე ჯავახიშვილი გახლდათ. კავკასიის პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წელს გაიხსნა, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე რამდენიმე თვით ადრე. უნივერსიტეტს 1989 წელს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

22. თამარ მეფე

მე-12 საუკუნეში თამარი გახდა საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი მმართველი, რომელმაც მეფის ტიტული მიიღო — ცხადია, დამსახურებულად. მან ყველაზე რთულ პირობებშიც კი შეძლო დაემტკიცებინა ქალების უსაზღვრო შესაძლებლობები. მმართველობის დასაწყისში, პოლიტიკოსი ქალების, კრავაი ჯაყელისა და ხვაშაქ ცოქალის დიპლომატიის წყალობით, თამარმა ურჩი ფეოდალები ჩაახშო. საუკუნეების შემდეგაც კი, თამარ მეფე წარმატებული ქალი მმართველის მაგალითია და მისი მეფობის საამაყო წლები ოქროს ხანადაა აღიარებული.

23. ძველი თბილისის კულტურული ცხოვრება

Burusi

ამქრები, უსტაბაშები, ყეენობის დღესასწაული, ორთაჭალის ბაღებში ქეიფი, კინტოები და ყარაჩოხელები, მტკვრის პირას მეთულუხჩეები, აბანოები, მოგვიანებით კი — ოპერა და თეატრი, გაზეთები "დროება" და "ივერია", ზოგადი მულტიკულტურული გარემო ის ნიშაა, რომელიც თბილისს სხვა ყველა ქალაქისგან გამოარჩევს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თბილისი თავისი მისწრაფებებით ყოველთვის ევროპული ქალაქი იყო.

24. ჰაგიოგრაფია

ფოტო: Mastsavlebeli.ge

შუშანიკის წამებამ, რომელიც ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ძეგლია, ფაქტობრივად განსაზღვრა, როგორი ლიტერატურა გვექნებოდა მომავალი საუკუნეების განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ძველი ნაწარმოების ჩვენამდე მოღწევაც საამაყოა, შუშანიკის წამების დახვეწილი ენა გვაფიქრებინებს, რომ ის ნამდვილად ვერ იქნებოდა პირველი ქართული ნაწარმოები.

25. აფხაზეთის სანაპიროები

ფოტო: On.ge

ფოტოზე, რომელიც 2018 წელსაა გადაღებული, გაგრას ხედავთ. აფხაზეთში შემავალი კურორტი რუსეთის მიერ 1992 წლიდანაა ოკუპირებული და საქართველოს მოქალაქეებს იქ ჩასვლა ეკრძალებათ. ვიმედოვნოთ, რომ როგორც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ხელმეორედ, ისევე დავიბრუნებთ ჩვენს ულამაზეს მხარესაც.

26. ტრადიციული ნუგბარი

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

და ბოლოს, ყველაზე გემრიელი ტკბილეული საახალწლო სუფრაზე — გოზინაყი და ჩურჩხელა. და კი, ბევრად მეტად გვიყვარს, ვიდრე გვეამაყება, თუმცა როდის გახსენდებათ ბოლო შემთხვევა, როცა უცხოელებთან შესახვედრად ხელს ღვინის გარდა გემრიელი ჩურჩხელა არ გააყოლეთ? და თუ შემთხვევით ასე მოიქეცით, შემდეგ ჯერზე აუცილებლად გამოასწორეთ.