პიქსარის ანიმაციაში პირველ ღიად გეი პერსონაჟს ვხედავთ.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი Out, რომელიც Disney Plus-ზე პარასკევს გამოქვეყნდა, გრეგის ისტორიას გვიყვება. ის შეყვარებულთან ერთად აპირებს საცხოვრებლად გადასვლას, თუმცა უჭირს, დედას და მამას საკუთარი ორიენტაცია გაუმხილოს. დაძაბულობა იმატებს, როცა მშობლები გრეგს მოულოდნელად ესტუმრებიან.

9-წუთიანი შორტი SparkShorts სერიის ნაწილია, რომელიც დამოუკიდებელი პროექტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მანამდე რეჟისორ სტივენ კლეი ჰანტერს Finding Nemo-ზე და WALL-E-ზე აქვს ნამუშევარი.

Onward-ში, რომელიც ამ დროისთვის პიქსარის ბოლო სრულმეტრაჟიანი ანიმაციაა, ერთ-ერთი გმირი, პოლიციელი ქალი ახსენებს, რომ ქალი პარტნიორი ჰყავს, თუმცა მისი პერსონაჟი უმნიშვნელო როლს თამაშობს ამბების განვითარებაში. Toy Story 4-სა და Finding Dory-ში უკანა ფონზე გეი წყვილებს ვხედავთ, თუმცა ამ დრომდე პიქსარის ანიმაციებში გეი პერსონაჟი მთავარი გმირი არასდროს ყოფილა.