2017 წელს LGBTQ თემის წარმომადგენლები ღიად ალაპარაკდნენ, რომ ჩეჩნეთში ადამიანებს სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ნიშნით დევნიან და არაადამიანურად ეპყრობიან.

მაშინ ეს ბევრს დაუჯერებლად ეჩვენებოდა, თუმცა ოსკარის ნომინანტმა რეჟისორმა, დევიდ ფრენსმა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელშიც ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენები დეტალურად არის ასახული.

Welcome to Chechnya-ს პირველი ტრეილერი, რომელშიც ძალიან ემოციური და შოკისმომგვრელი კადრებია თავმოყრილი, რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა:

ტრეილერში ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო კადრი ჩეჩნეთის მმართველთან, რამზან კადიროვთან ინტერვიუს ნაწყვეტია, როცა მას სექსუალური უმცირესობების წამებასთან დაკავშირებით ეკითხებიან, ის კი ამ ფაქტს უარყოფს და ასე პასუხობს: "ეს სრული უაზრობაა, ასეთი ადამიანები ჩვენთან არ არსებობენ".

ფილმის ოფიციალურ სინოფსისში ვკითხულობთ:

"ეს დოკუმენტური ფილმი შემაძრწუნებელი რეალური თრილერია მამაცი აქტივისტების შესახებ, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებენ, რათა რუსეთის რესპუბლიკა ჩეჩნეთში LGBTQ ადამიანების მიმართ სახელმწიფო რეპრესიას დაუპირისპირდნენ. ბოლო წლებში ათი ათასობით LGBTQ ადამიანი სახელმწიფოს მხრიდან პატიმრობის, წამებისა და ხანდახან მკვლელობის მსხვერპლიც კი გახდა".

რეჟისორ დევიდ ფრენსს მაყურებლები აქამდე გადაღებულ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმებით იცნობენ, რომლებიც ქვიარ ადამიანების პრობლემებს უკავშირდება. მათ შორის 2012 წელს გამოსულმა ფილმმა How to Survive a Plague ოსკარის ნომინაციაც დაიმსახურა.

მისი ახალი ფილმის Welcome to Chechnya პრემიერა 2019 წლის სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, სადაც მას საუკეთესო მონტაჟისთვის ჯილდო გადასცეს, მოგვიანებით კი ფილმი ბერლინალეზე მაყურებლების ფავორიტ კინოსურათად დასახელდა.

ფილმის სატელევიზიო პრემიერა HBO-ზე 30 ივნისს შედგება.