ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის არსებული მონაცემებით, პანდემიის პირობებში შრომითი ურთიერთობა 78 000 დასაქმებულს შეუწყდა ან შეუჩერდა. სამინისტროს ინფორმაცია დასაქმებულების შესახებ 20 000-მდე დამსაქმებელმა მიაწოდა, თუმცა, უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები", — აღნიშნულია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურ აღნიშნავს, რომ დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ისინი ამოწმებენ აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გადასცემს.სააგენტო დასაქმებულებზე კომპენსაციას 10 დღის ვადაში გასცემს.