საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ეკლესია პოლიტიკაში ხშირად არ ერევა. მან აღნიშნა, რომ დიდ პატივს სცემს ეკლესიას, მაგრამ ყოველთვის არ ეთანხმება. მაგალითად მან სასულიერო პირები მოიყვანა, რომლებიც კორონავირუსზე ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან.

"არ ერევა ხშირად და როცა ჩაერევა იცოდეთ, რომ ვიტყვი, როგორც დღეს. ზოგჯერ ჩემზედაც [მოგისმენიათ პოლიტიკური შეფასებები], მაგრამ ჩემს რეაქციას მოვახდენ, როცა ჩავთვლი, რომ მართლა მნიშვნელოვანი არის და საჭირო არის. ჩვენც ვერევით ზოგჯერ", — განაცხადა მან.

სასულიერო პირები, ისევე, როგორც თავად საპატრიარქო არაერთხელ ჩაერიენ მთავრობის გადაწყვეტილებაში. მაგალითად, მათ გააპროტესტეს მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი და აქციებით იმუქრებოდნენ. პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობას კანონპროექტის უკან გაწვევა მოუწია. ასევე, ბოლო პერიოდში მათ გააპროტესტეს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები და საეკლესიო დღესასწაულები კანონის გვერდის ავლით, მთავრობის მინიჭებული პრივილეგიით, აღნიშნეს. ამ გადაწყვეტილების მიღებასაც წინ უძღოდა მთავრობის წევრების შეხვედრა პატრიარქთან.