ამანდა

პანდემიის დროს თბილისიდან ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ბინის ქირა შედარებით იაფია. პანდემია როგორმე რომ გადააგოროს, სანამ რამე გამოჩნდება. ამბობს, რომ საკუთარი საცხოვრებელი ადგილი ტრანსგენდერი ადამიანებიდან თითქმის არავის აქვს და როცა ბინის გადასახადს ვეღარ იხდიან, ათასი აზრი მოსდით თავში. ბათუმში გადასვლით თვეში 100 ლარს მაინც დაზოგავს, რასაც საკვებში დახარჯავს, ეკონომიურად.

ბინის გამოცვლა აქამდეც ხშირად უწევდა, არა ფინანსური, არამედ ტრანსფობიური მიზეზებით. სანამ მეპატრონე მისი ნამდვილი იდენტობის შესახებ გაიგებდა, პრობლემა არ არსებობდა. როგორც კი შეიტყობდნენ, ანტიდისკრიმინაციული კანონის შიშით "ტკბილი ენით" ეუბნებოდნენ, რომ "ოჯახის წევრი ჩამოდის უცხოეთიდან" და ბინა უნდა დაცალოს. ამის მიუხედავად, ისეთ ადამიანებსაც შეხვედრია, რომლებსაც ასეთი პრობლემა არ ჰქონდათ.

მე ვარ ტრანსგენდერი ქალი, სულით. ჩემთვის არასასიამოვნო ფაქტია, თუმცა რეალობაა, რომ ქალი ვარ კაცის სხეულში. ამიტომ მიწევს ხანდახან ნიღბის მორგება, მაღაზიაში ან სადმე ჩასასვლელად. ვერიდები მაინც, ვინმეს თვალში რომ არ მოვხვდე.

ამანდა

ერთ-ერთი ბოლო ინციდენტისას, სანამ კორონავირუსის გამო ყველაფერი დაიკეტებოდა, დილის 6 საათზე სახლში დაბრუნებულს მეზობლები მოკვლით დაემუქრნენ. ამანდამ პოლიცია გამოიძახა და საჩივარი დააფიქსირა, თუმცა შემდეგ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მაინც მოუწია. ამბობს, რომ ვერავის დაუმტკიცებდა, თუკი ერთ დღესაც რომელიმე მეზობელი რამეს დაუშავებდა.

ამანდა ის ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2018 წელს, ორთაჭალის ავდოსადგურთან ტრანსფობიურ ნიადაგზე სცემეს. მისი თქმით, თავდამსხმელები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ. ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ დაზარალებულს კომპენსაცია გადაუხადეს. მანამდე, ერთი თვით სახლიდან ვეღარ გავიდა — ზედა ტუჩზე 8 ნაკერი დაადეს, ქვედაზე — 4. იხსენებს, რომ ასე სასტიკად მხოლოდ მისი იდენტობის გამო გაუსწორდნენ, ეუბნებოდნენ "შენნაირების ადგილი ამ ქვეყანაში არ არისო". ბევრი არასასიამოვნო ინციდენტი გადახდენია და ბევრი საქმე დევს თაროზე. საუბრობს პოლიციელების უმოქმედობის შემთხვევებზეც.

"ბევრს არაფერს ვითხოვთ"

ამანდა მხატვარია, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია. ამბობს, რომ ერთხელ სამი ნახატი გაყიდა და თანხა მთლიანად ლეიკემიით დაავადებულთა ბავშვთა ფონდში გადაარიცხინა.

უკვე 18 წელია ტრანსგენდერი ქალია. 32 წლის ასაკში, თავის გადარჩენა სექს სამუშაოთი უწევს, თუმცა დღეს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, არც ამის შესაძლობლობა აქვს.

პრობლემა კი არის, როდესაც მშიერი იძინებ, მაგრამ ეს ასატანია. ჭერი რომ არ გაქვს თავს ზემოთ, ეს უფრო ძნელია. ერთ ცალ ვაშლს შეჭამ დღეში, მშიერი არ მოკვდები და რაღაც კალორიას მაინც მიიღებს ორგანიზმი.

ამანდა

იხსენებს, რომ ბოლო პერიოდში თემის წევრები ორჯერ დაეხმარნენ — საკვები მიაწოდეს, თუმცა ეს მხოლოდ ერთ კვირის მარაგი იყო. ბევრჯერ დაუძინია მშიერს. ყიდულობდა ყველაზე იაფფასიან სიგარეტს, 2 ცალ ერთჯერად ყავას და ამით იკლავდა შიმშილის გრძნობას. ჰყვება, რომ პროსტიტუციაში ჩართული ტრანსგენდერი ქალების 90 პროცენტი ასე ცხოვრობს.

ამანდას უნდა ხელისუფლებამ ისინი ისეთივე მოქალაქეებად აღიქვას, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. ამბობს, რომ ბევრს არაფერს ითხოვენ, მათაც ეკუთვნით დახმარება, ისევე როგორც სხვას. მიაჩნია, რომ ასეთ დროს, გამოსავალი იქნებოდა თავშესაფარი ტრანსგენდერი ან ლგბტ ადამიანებისთვის, ზუსტად ისეთი, როგორც ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის არსებობს.

ბარბარე

ბარბარე ტრანსგენდერი ქალია, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს. თავის დროზე ოჯახმა მისი იდენტობა მიიღო და ამიტომ სახლში დარჩენაც შეძლო. ამის შემდეგ სამხატვრო აკადემიაც დაამთავრა. სტუდენტობას პოზიტიურად იხსენებს და ამბობს, რომ გოგოებთან მეგობრობდა, ბიჭები კი "ალმაცერად" უყურებდნენ. იქ ჩაგვრა არასდროს უგრძვნია.

პროფესიით დიზაინერია, მაგრამ მუშაობა ვეღარსად დაიწყო. ყოველთვის ეძებდა საქმეს ხელოვნებაში, თუმცა არავინ მიიღო, ამბობს რომ "თავს იკავებდნენ". გასაუბრებაზე ჯერ აკვირდებოდნენ, გრძნობდნენ, რომ მათთვის უცხო იყო, შეიძლება, იქვე გაეცინათ-კიდეც. დასაქმება კიდევ უფრო შეუძლებელი ხდებოდა, როცა დამსაქმებელთან მიდიოდა, როგორც ქალი და პირადობის მოწმობაში ეწერა "მამრობითი". ამბობს, რომ ამის გამო გამოუგდიათ-კიდეც გასაუბრებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის გარეშე სახელმწიფო ტრანსგენდერი პირის იდენტობას არ ცნობს, ბარბარეს ამის გაკეთება არ სურს. ფიქრობს, რომ სქესის შეცვლა სიცოცხლეს გაუნახევრებს, სიცოცხლე კი ძალიან უყვარს. ამიტომ კაცის სასქესო ორგანო დისკომფორტს არ უქმნის:

"კარგი იქნებოდა, ნატურალური დავბადებულიყავი, მაგრამ მოჭრილი და მიკერებული ჩემთვის საინტერესო არ არის. ვიცი, რომ ამით შვილს ვერ გავაჩენ, გათხოვების ან პირადი ცხოვრებისას კი არასოდეს დაიმალება, რომ ოდესღაც იყავი სხვა. ამიტომ მე ერთ რამეს მივხვდი: შენ თუ შეუყვარდები ადამიანს ისეთი, როგორიც ხარ, ეყვარები ისეთივე".

"არ ვიცი, ვის მივმართო, რადგან არ არსებობს ასეთი"

ბარბარე ჰყვება, რომ ამ ეტაპზე შემოსავალი ერთი თეთრიც კი არ აქვს, სახლიდან ვეღარ გადის. ფიქრობს, რომ სახელმწიფო, იდენტობიდან გამომდინარე, მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს. სულ მალე კრიზისი დაეწყება და არ იცის ვის მიმართოს, მისთვის ასეთი არავინაა. ამბობს, რომ სადმე რომც დაასაქმონ როგორც ქალი, იქ მომუშავე ხალხი ამას არ დაუშვებს, აჯანყდება. თუკი ხალხი აჯანყდება, უფროსს ძალაუნებურად მოუწევს მისი გათავისუფლება. ამიტომ, ფიქრობს, რომ პირველ რიგში მასზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

21-ე საუკუნეა და ხალხმა უნდა გაიგოს, რომ როგორც შავკანიანები, ჩინელები, მაღლები, დაბლები, ყველანაირი ადამიანები ვცხოვრობთ.

ბარბარე

ბარბარე მთავრობას სთხოვს, რომ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ყოველ თვე დახმარება გამოყოს, ისევე, როგორც პენსიონრებისთვის ან დევნილებისთვის. ამბობს, რომ ისინი ამ დახმარების გარეშე იღუპებიან, რომ არავის მოსწონს "ათი ათას კაცთან შეხვედრა", რათა პურის ფული იშოვოს, ან კომუნალური გადაიხადოს:

"[ტრანსგენდერი ქალების] ყოველი გასვლა არის სიკვდილთან ჩახედვა — არ იცი, ვინ დახვდება ქუჩაში, ვინ მანქანას დაგაჯახებს, ვინ დანას გაგიყრის".

სანდრა

მარტო ცხოვრობს და ძირითადად საკუთარ თავსა და ცხოველებზე ზრუნავს. 13 წლის იყო, როცა პირველად ქუჩაში ისე გავიდა, როგორც ქალი. მისი თქმით, მაშინ 90-იანები იყო, "ტრანსგენდერი ქალის" მნიშვნელობა კი არც თავად ესმოდა და არც სხვებს.

მე ყოველთვის თავს ვიკავებ, ყოველთვის მინდა, ადამიანებს დავანახო, რომ ნორმალურები ვართ და არა ისე...

სანდრა

იხსენებს, რომ წლების განმავლობაში, სხვადასხვა მთავრობის პირობებში, პოლიციელების მხრიდან ძალადობა — იარაღი ან კონდახი თავში, ფინანსური გაჭირვება და ტრანსფობიური ჩაგვრა გამოიარა და დღემდე არ არის "ნორმალურად", ვერანაირად ახერხებს საკუთარი თავის ისე წარმოჩენას, როგორც სურს. ერთადერთ გამოსავლად ევროპაში წასვლა მიაჩნია:

"იქ, სადაც პატიოსნად ვიმუშავებ და ოჯახიც მეყოლება. ეს მინდა, მეტი არაფერი. ვის არ უნდა ეს?!"

სანდრა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ბარში მუშაობდა. დღეს სამუშაო აღარ აქვს და არც "შავი დღისთვის" გადანახული დანაზოგი, მხოლოდ მეგობრის დახმარების იმედადაა. იხსენებს, რომ რამდენჯერაც მუშაობის დაწყება სცადა, არ გამოვიდა, რადგან დოკუმენტებში "მამრობითი" სქესი უწერია.

"ტრანსგენდერ ქალებს სამუშაოდ არსად მიიღებენ. [...] თუ იმუშავებ, სტილისტად ან დამლაგებლად. [...] ხალხს ბიზნეს იდეებს უმტკიცებენ, ჩვენ ვინ დაგვიდგება გვერდით, არც ბანკი და არავინ. სახელმწიფო თუ დაგვიდგა, რომ ელემენტარულად რაღაც [მცირე ბიზნესი] გავხსნათ".

ლგბტ აქტივისტი, ნიკოლო ღვინიაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობის ბაზაში 75 ტრანსგენდერი ადამიანია, რომელთაც დახმარება სჭირდება. მათ შორის 8 ტრანსგენდერი კაცია, 15 ადამიანი რეგიონშია, დანარჩენი — თბილისში.

როგორც ნიკოლო ღვინიაშვილი გვიყვება, საგანგებო მდგომარეობის პირველ თვეში, ტრანსგენდერ ადამიანებს ბინის ქირის გადასახადი ორგანიზაციებმა და საზოგადოებამ შეუგროვეს. მეორე თვის ქირა 24 ტრანსგენდერ ქალს ნატა ფერაძის მიერ მოგროვებული ფულით გადაუხადეს, სახელმწიფო კი მხოლოდ ერთჯერადად დაეხმარა კვების კალათით. კერძოდ, დახმარების მოლოდინში მყოფი ტრანსგენდერი პირების რაოდენობის გასაგებად, თანასწორობის მოძრაობას პრემიერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში, ლელა აქიაშვილი დაუკავშირდა.

"მაშინ 60 ადამიანი მყავდა და ეს სია ყოველდღიურად ახლდება. ადამიანები, რომლებიც ადრე დამალულები იყვნენ და არ ვიცოდით, რომ ტრანსგენდერი პირები იყვნენ, ამ პანდემიამ, გაჭირვებამ და დახმარების მოთხოვნილებამ "დააქამინგაუთა". თბილისში მყოფებს დაურიგდათ მხოლოდ სახელმწიფოს დახმარება, რეგიონებში მყოფები ისევ ისე დარჩნენ. ახლა ისევ თვის ბოლო მოდის და ანალოგიური პრობლემის წინაშე დადგებიან ეს ადამიანები. თუ დააცლევინეს ბინა, ისინი კომენდანტის საათს დაარღვევენ და განმეორებით შემთხვევაში ციხე დაემუქრებათ", — ამბობს ნიკოლო ღვინიაშვილი.

ხელისუფლების საჯარო რეაქცია

პირველ მაისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ტრანსგენდერ ადამიანებს დახმარება შესთავაზა. დეპუტატმა საჯაროდ, ფეისბუქგვერდზე დაპოსტა, რომ თუ გადაუდებელ დახმარებას ვერ მიიღებენ, პირადად მას მიმართონ. 3 დღით ადრე, ერთ-ერთმა ტრანსგენდერმა ქალმა კარანტინის პირობებში მძიმე სოციალური პრობლემების გაპროტესტებისას, სახელმწიფოს ყურადღების მისაქცევად თვითმკვლელობა სცადა.

სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ On.ge-ს უთხრა, რომ სოფო კილაძეს დახმარებისთვის არაერთი ტრანსგენდერი ქალი დაუკავშირდა, თუმცა დეპუტატმა ისინი მუნიციპალიტეტებთან გადაამისამართა, როგორც შეჭირვებული მოქალაქეები. არაერთი ცდა, გაგვერკვია, რა გზებს მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თემის წევრების დასახმარებლად, უშედეგოდ დასრულდა.

კოალიცია თანასწორობისთვის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ლგბტ+ პი­რე­ბი 2019 წელ­საც აწ­ყდე­ბოდ­ნენ არაერთ სის­ტე­მურ დაბ­რკოლე­ბას, სტე­რეო­ტი­პე­ბი­დან და სტიგ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ხელ­მწი­ფო კი ვერ ას­რუ­ლებ­და თა­ვის პო­ზიტიურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. ანგარიშის თანახმად:

  • ისევ ხდება სი­ძულ­ვი­ლით მო­ტი­ვი­რებული და­ნა­შაუ­ლები, რა­საც თან ახ­ლდა პო­ლი­ციელ­თა მხრი­დან დის­კრიმი­ნა­ციუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა;
  • პრობლემურია ლგბტქი ჯგუ­ფი­სათ­ვის შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ციის უფ­ლე­ბის, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის რეა­ლი­ზე­ბა;
  • ად­გი­ლი ჰქონ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო თუ აღ­მას­რულე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ჰო­მო­ფო­ბიუ­რი და ტრან­სფო­ბიუ­რი სიძულ­ვი­ლის ენის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვებ­საც.

2020 წლის 17 მაისს შეკრებასა და გამოხატვას ხელს უკვე პანდემიაც უშლის. აქტივისტები ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ონლაინ დემონსტრაციას გეგმავენ.