კარანტინში კითხვის დახვეწილი ტკივილი
"წიგნები — იმიტომ, რომ ისინი ჩვენს სრულ ყურადღებას ითხოვენ — შეიძლება, სოციალური დისტანცირებით გამოწვეული ფსიქოლოგიური წნეხის საუკეთესო ანტიდოტები იყვნენ", — ამერიკელი მწერალი, კონორ გუდვინი, კარანტინში წიგნების კითხვის სარგებელსა და გამოწვევებზე გვიყვება.
ტერმინი ბიბლიოთერაპია პირველად The Atlantic-ის 1916 წლის სტატიაში, ლიტერატურული კლინიკა, გამოჩნდა. სამუელ მაკკორდ ქროთერსის მიერ დაწერილი ეს სახალისო ესე სატირის ჟანრშია შესრულებული და აღწერს ვიზიტს მეგობარ ბაგსტერთან, რომელიც "ბიბლიოფატურ ინსტიტუტს" მართავს. "წიგნი", — გვმოძღვრავს ბაგსტერი, — "შეიძლება იყოს სტიმულანტი, დამამშვიდებელი, გამაღიზიანებელი ან მომდუნებელი". ლექტორი წიგნებს, მათ მიერ მკითხველზე მოხდენილი ეფექტის მიხედვით, პაციენტებისთვის გამოწერილ წამლებს ადარებს. "წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩვენ თავს განსხვავებულად ვგრძნობთ და ხშირად განსხვავებულადაც ვიქცევით". სანამ ბაგსტერი ლექციას დაასრულებდეს, მას იმ პაციენტის სანახავად მიიხმობენ, რომელსაც "ომის ლიტერატურის ზედოზირება" მოუვიდა.
ადრეც და ახლაც, ვინმესთვის წიგნის წამლად რჩევა თაღლითი მეწარმის ჯანმრთელობის ინდუსტრიაში საქმიანობასაც კი წააგავს. თანაც, ტელევიზიის ოქროს ხანად წოდებულ პერიოდში საერთოდ რატომ უნდა ავიღოთ წიგნი ხელში? მაგრამ კორონავირუსის კრიზისმა მოდუნება რთული გახადა — თუ შეუძლებელი არა. მსოფლიოს გარშემო ადამიანთა უმეტესობა კარანტინის გამო შენობებშია გამოკეტილი, რამაც ყოველდღიური რუტინები თავდაყირა დააყენა. ახლა, როცა ჩვეულ ყოფას დავშორდით, დრო გახდა მოლიპულიც და ჩამთრევი ქვიშასავით სქელიც.
ამ სიცარიელის შესავსებად, იმ იღბლიანებმა, რომლებსაც სახლში დარჩენის ფუფუნება გვაქვს, უკვე ვუყურეთ Tiger King-ს, ვისწავლეთ გემრიელი პურის გამოცხობა და ზუმის მეშვეობით მეგობრებთანაც მოვაწყვეთ განსატვირთი საღამოები. მაგრამ კარანტინში რამდენიმე კვირის გატარების შემდეგ ზოგიერთი ჩვენგანი, შეიძლება, ისეთი საქმით დაკავების სურვილმა აიტანოს, რომელიც აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს; რაღაც ისეთით, რაც მთელ ჩვენს ყურადღებას დაიპყრობს და ბოლომდე ჩაგვითრევს. მაშინ, როდესაც სიტკომის ყურება ზედმეტად პასიური ხდება, შეიძლება, სულ უფრო გაგვიწიოს გულმა წიგნებისკენ — ზუსტად იმიტომ, რომ კითხვა ჩვენგან სრულ ჩართულობას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურული კლინიკა სატირად იყო ჩაფიქრებული, ის მაინც შეიცავს მყარ ჭეშმარიტებას: კითხვა თერაპიული შეიძლება იყოს. სინამდვილეში, ის, შესაძლოა, სოციალური დისტანცირებით გამოწვეული ფსიქოლოგიური წნეხის საუკეთესო ანტიდოტსაც კი წარმოადგენდეს.
ამას წინათ მანიაკალურად ვათვალიერებდი ტვიტერს უახლესი ამბებისა და პანდემიის შესახებ მიმების სანახავად, როდესაც შევნიშნე, რომ არაერთი ვირტუალური წიგნების ჯგუფი გამოჩნდა ჩემს თაიმლაინზე: მაგალითად, ტოლსტოი ერთად, რომელიც რომანისტის, იუნ ლისა და ლიტერატურული ჟურნალის, A Public Space, პარტნიორობითაა შექმნილი. ამ გვერდის მომხმარებლები ყოველდღიურად ათეულობით გვერდს კითხულობენ ომი და მშვიდობიდან — კლასიკური ნაწარმოებიდან, რომელსაც თავად ლი პირადი კრიზისის მომენტებში არაერთხელ მიბრუნებია. "დიდი წიგნი", — მითხრა ლიმ მეილში, — "მოითხოვს მოთმინებას, თანმიმდევრულობას და ყურადღებას და ჩვენს გონებას საჭირო თავშესაფარს აძლევს".
რობერტ მაკფარლეინმა, გარემოსდაცვითმა მწერალმა და წიგნის, ანდერლენდი: ღრმა დროის მოგზაურობა, ავტორმაც განაცხადა, რომ ისიც ჩაუდგებოდა სათავეში სამკითხველო ჯგუფს, რომლის წევრებიც ნან შეფერდის მთამსვლელის მემუარებს, ცოცხალ მთას, ერთობლივად წაიკითხავდნენ. ანდერლენდით მოხიბლუმა, მომინდა, მეც წამეკითხა ამბავი, რომელიც ყოველი ახალი გვერდის გადაფურცვლისას სიუჟეტურად არ დამძიმდებოდა. ამიტომაც ამ ჯგუფში გავწევრიანდი.
შედეგად მიღებული გამოცდილება ხან გამაოგნებლად სიღრმისეული მეჩვენა, ხანაც — პროგნოზირებულად იმედგამაცრუებელი. მაგრამ უმთავრესი, რაც მან მომცა, ყოველდღიურად სასიამოვნოდ გასატარებელი დროის მოსვლის მოლოდინი იყო. ადამიანები მთელი მსოფლიოდან ვიკრიბებოდით ტვიტერზე, რათა ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა შთაბეჭდილებები, ტოპოგრაფიული შეკითხვები და ჩვენი ფოტოები რამდენიმე თემის გარშემო, რომლებიც ერთად ჰეშთეგით, #CoReadingVirus, იყო შეკრული. ერთ-ერთმა მომხმარებელმა, სკაუტების ლიდერმა, გამოაქვეყნა წიგნში ხშირად ნახსენები ადგილის, ქეირნგორმსის ეროვნულ პარკში მდებარე ლოქ ეივონის ფოტო და თქვა, რომ ერთ დროს მამამისი შეფერდს აქ სეირნობისას ახლდა თან. სხვა მომხმარებელმა, პოეტმა, აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების გრაფიკი წააგავს "მოძრავ მთას". პირადად მე კი, ერთი მხრივ, მაღლობებისადმი შეფერდის მიჯაჭვულობასა და, მეორე მხრივ, ინფექციის "მრუდის გასწორების" ჩვენს დღევანდელ ძალისხემვაზე დავფიქრდი.
მაკფარლეინმა მომწერა, რომ მკითხველთა ეს ჯგუფი იმისთვის წამოიწყო, რათა "გვახსოვდეს Covid-19-ის მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა არსებული სამყარო". იგი იმედოვნებდა, რომ კითხვის შედარებით ნელი ტემპი დაეხმარებოდა ადამიანებს, ეპოვათ ყოფისა და აზროვნების ახალი რითმი, რომელიც ცოტათი მაინც დაამშვიდებდა და გააძლიერებდა მათ.
ტვიტერზე ცოცხლად გამართულ დისკუსიას მხოლოდ ერთხელ დავესწარი. თემები სწრაფად გაიშალა, გამოხმაურებებიც ტალღებივით წამოვიდა. აღმოვაჩინე, რომ დინების საწინააღმდეგოდ ვცურავდი და წყლის ზედაპირზე ძლივს ვახერხებდი გაჩერებას. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გაცვლა ინტელექტუალურად გამამდიდრებლი და გასაოცრად დინამიკური იყო, აღმოვაჩინე, რომ ამ გზით ჩემი ვერცერთი სოციალური დანაკლისი ვერ შევივსე. ვარჩიე, დისკუსიაში მას შემდეგ ჩავრთულიყავი, რაც განხილვა ჩაცხრა და ალგორითმმა ყველაზე მეტი პასუხის მქონე კომენტარები გამოაჩინა, რომელთა თვალიერებაც წყნარად შემეძლო. უკან დახევამ ჩემი აზრების დალაგების საშუალება მომცა.
კითხვას, როგორც მძიმე სიტუაციასთან გამკლავების საშუალებას, დიდი ხნის ისტორია აქვს ამერიკაში. პირველი მსოფლიო ომის დროს ბიბლიოთეკარებს სამხედრო ბანაკებსა და საავადმყოფოებში აგზავნიდნენ, რათა სამხედროებისთვის წიგნები დაერიგებინათ. ბანაკებში მყოფებს წიგნები სახლის მონატრებას უმსუბუქებდნენ და მოწყენილობისგან ათავისუფლებდნენ; საავადმყოფოში მყოფებს კი — გამოჯანმრთელებასა და მწვავე სტრესის შემსუბუქებაში ეხმარებოდნენ.
წიგნის თერაპიული ღირებულება შეიძლება გამომდინარეობდეს როგორც კითხვის პროცესიდან, ასევე ისტორიის მორალიდან ან ტექსტის კითხვისას რეალობისგან ყურადღების გადატანიდან. მაგალითად კვლავ ცოცხალი მთა ავიღოთ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწერა. ეს პატარა წიგნი მიეძღვნა ქეირნგორმს, დაბალ, ფართო არეას აღმოსავლეთ შოტლანდიის მთიანეთში. "პლატო არის ამ მთების ნამდვილი მწვერვალი", — წერს შეფერდი პირველივე თავში და მაშინვე სრულიად ახალ მიმართულებას ქმნის სამთო ლიტერატურაში, რომელიც ტრადიციულად მწვერვალების დამპყრობელ კაცებს ჰქონდათ დასაკუთრებული. უფრო მეტად ფეხით მოსიარულემ, ვიდრე მთამსვლელმა, შეფერდმა შინაგანი ბილიკი ამჯობინა აღმავალ გზას. მისი მიზანი არ ყოფილა, ამ მთების საუკეთესო მცოცავი გამხდარიყო, არამედ — ჩასწვდომოდა მათ არსებით ბუნებას.
შეფერდი თავის სხეულს ისე ეპყრობა, როგორც ექიმი. ცოცხალი მთა სხეულებრივი აზროვნების ფილოსოფიას გვასწავლის, სადაც სხეული შემგრძნობი მთლიანობაა, გრძნობები კი — ცოდნისკენ მიმავალი გზა. დახვეწილ პროზაში შეფერდი შეგრძნებებზე — ხმაზე, სუნზე და, უპირველესად, შეხებაზე — იმგვარი ძლიერი თვითშეცნობით წერს, რომ ყველაფერი, რასაც იგი აღწერს, ხელთუქმნელი და მყისიერი ჩანს. კითხვისას ამგვარ პასაჟებში ჩაძირული, თავს ერთდროულად სიცოცხლით სავსედ და სხეულისგან განცალკევებულად ვგრძნობდი ხოლმე.
"შეფერდისთვის", — წერს მაკფარლეინი ცოცხალი მთის შესავალში — "სხეული ყველაზე კარგად მაშინ ფიქრობს, როდესაც გონება ჩერდება, როდესაც ის 'განცალკევებულია' სხეულისგან". ეს წიგნის დასაწყისშივე ცხადი ხდება, როდესაც შეფერდი მოგვითხრობს ისტორიას ენთუზიასტი მთამსვლელის შესახებ, რომელმაც მას უთხრა, რომ "რასაც ის აფასებს, არის დავალება, რომელიც მისგან მოითხოვს ყველაფერს, რაც აქვს და რაც არის, შთანთქავს და ასე ათავისუფლებს მას მთლიანად". მთამსვლელობა მისთვის გათავისუფლებაა. კითხვასაც შეუძლია, რაიმე მსგავსის გაკეთება? შეუძლია მკითხველს დინებით მდგომარეობაში შესვლა? ქმედებაში სრულმა შთანთქმამ შეიძლება გამოიწვიოს თავდავიწყება, რომლის დროსაც სამყარო, საკუთარი თავი და დროც ნადგურდება (ეს გარდასახვითი გამოცდილება განსხვავდება "გვირაბისებური მხედველობისგან", რომელიც ზეფოკუსირების ნეგატიურ მხარეს მიემართება).
შეფერდისთვის სიარულის დროს "წმინდა ყურადღების" ასეთი მომენტები არაა დაკავშირებული სპორტულ მიღწევებთან, არამედ — სწავლასთან. ასეთი მომენტები მისთვის დგება "ყველაზე ხშირად საათობით გაუჩერებელი სიარულის შემდეგ, რომლის დროსაც შენარჩუნებულია მოძრაობის ხანგრძლივი რითმი მანამ, სანამ მოძრაობა მხოლოდ ტვინის მიერ კი არაა გააზრებული, არამედ შეიგრძნობა როგორც არსებობის 'წყნარი ცენტრი'". იგივე შეიძლება ითქვას კითხვაზე. იდეები მწერალსა და მკითხველს შორის მოძრაობს და ამ დროს ხმათა გადაძახილები ინტიმურად ერწყმიან ერთმანეთს. ზოგჯერ ეს ხმები ერთ, მთხრობელ ხმად იქცევა, და ესეც რითმიდან იბადება.
"ლიტერატურათმცოდნის ჭეშმარიტი ფუნქცია არ არის წიგნების განსჯა", — ამბობს ბაგსტერი — "არამედ იმ პიროვნების მდგომარეობის დიაგნოზირებაა, ვინც ეს წიგნი წაიკითხა". ეს თუ სიმართლეა, მაშ, როგორია ჩემი მდგომარეობა?
ზუსტად ისე, როგორც სხეული გადის აკლიმატიზაციას ახალ სიმაღლეებზე, ისინიც, ვინც ახლა თავს სახლებს აფარებენ, მოერგებიან მკაცრად შეზღუდულ ახლა ნორმას. ჩვენი მწვერვალი არ არის თოვლიანი — ის კორონავირუსის შემთხვევათა ამსახველი ჯერ კიდევ მზარდი მრუდია. ამ ავადმყოფი მთის ჩრდილში მე გამიჭირდა შეფერდის წიგნზე კონცენტრირება. ვგრძნობდი მოუსვენრობას, შფოთვას და გაღიზიანებული ვიყავი.
მაგრამ კითხვისას, როგორც სიარულის დროს, სიჩქარე არ არის საჭირო. სინამდვილეში, უკეთესიც კია, თუ არ იჩქარებთ. როდესაც ჩემი სხეული და გონება საბოლოოდ დამშვიდდა, უდაბლესი სიხშირეები შიგნიდანაც და გარედანაც შევიგრძენი. მე ღრმად შევყევი კითხვას, საკუთარ თავს და ერთი წუთით თავი ვიგრძენი წიგნში აღწერილი ტბასავით — "რეალობისგან მოწყვეტილად და წყნარად".
კომენტარები