რატომ არ უნდა დამორჩილდე პანდემიით ნაკარნახევ პროდუქტიულობის მოთხოვნას
ტორონტოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, პოლიტოლოგი აიშა აჰმადი, პანდემიის პერიოდში იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის საშიშროებებზე გვაფრთხილებს, რომელიც დროის პროდუქტიულად გამოყენების მოლოდინითაა გამოწვეული.
აკადემიურ სფეროში მოღვაწე ჩემს კოლეგებსა და მეგობრებში COVID-19-ის მიმდინარე კრიზისადმი ერთნაირ საპასუხო რეაქციას ვამჩნევ. ისინი ნორმალურობის განცდის შენარჩუნებისთვის მამაცურად იბრძვიან — გადაეწყვნენ ონლაინ კურსებზე, მკაცრად იცავენ წერის განრიგს, საკუთარი სამზარეულოს მაგიდებზე მართავენ მონტესორის სკოლის ტიპის გაკვეთილებს. მათ იმედი აქვთ, რომ შეზღუდვების ამ პერიოდს — იქამდე, სანამ ყველაფერი უწინდელ ნორმას დაუბრუნდება — ბოლომდე ენერგიულად შეეჭიდებიან. და მე ყველას, ვინც ამ გზას ირჩევს, წარმატებასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ.
თუმცა ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი მათგანისთვის, ვინც ამ კრიზისს გამოცდის, პროდუქტიულობასთან მსგავსი ჭიდილის მიღმა საშიში ალბათობა იმალება. პასუხი ყველას მიერ დასმულ კითხვაზე — როდის დამთავრდება ეს ყველაფერი? — მარტივი და ცხადი, თუმცა მისაღებად რთულია — არასდროს.
გლობალური კატასტროფები სამყაროს ცვლის და მიმდინარე პანდემიაც მასობრივი ომის მსგავსია. მაშინაც კი, თუ COVID-19-ის კრიზისს რამდენიმე თვეში გადავლახავთ, მისი მემკვიდრეობა წლებისა და, შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაშიც კი გაგვყვება. ვერანაირად ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას ისე, თითქოს ეს ყველაფერი არასოდეს მომხდარა. ის შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას იმის მიმართ, თუ როგორ გადავაადგილდებით, ვვითარდებით, ვსწავლობთ და ვურთიერთობთ. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, ამ წუთისთვის პროდუქტიულობა თავს კარგად გაგრძნობინებდეთ, არაგონივრულია, მანიაკალურად ჩაეფლოთ საქმეებში და სამეცნიერო მუშაობის დაუცხრომელ სურვილს აჰყვეთ. მსგავსი მიდგომა სიტუაციის უარყოფა და თავის მოტყუებაა. ამ მდგომარეობისადმი ემოციურად და სულიერად ჯანსაღი საპასუხო რეაქცია იმისთვის მომზადებაა, რომ თქვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება.
სტატიის დრჩენილი ნაწილი მხოლოდ რეკომენდაციაა. კოლეგებმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მთხოვეს, გამეზიარებინა კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავების ჩემი გამოცდილებები. რა თქმა უნდა, მეც ადამიანი ვარ და ისევე მიჭირს პანდემიასთან მორგება, როგორც სხვებს. თუმცა, მე მიმუშავია და მიცხოვრია ომის, ძალადობრივი კონფლიქტების, სიღარიბისა და სხვა კატასტროფების პირობებში; გამომიცდია საკვების დეფიციტი, დაავადებების აფეთქებები, ფიზიკური იზოლაცია, მოძრაობისა და სხვა სახის შეზღუდვები; და მე ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ყოფნისას წარმიმართავს კვლევა, რომელმაც შემდეგ ჯილდოები დაიმსახურა; და ჩემი სამეცნიერო კარიერის განმავლობაში შენარჩუნებული პროდუქტიულობით ძალიანაც ვამაყობ.
იმედი მაქვს, ჩემი მოსაზრებების გაზიარებით, დავეხმარები სხვა მეცნიერებს სირთულეებთან გამკლავებაში. ოღონდ მხოლოდ ის რჩევები გაითვალისწინეთ, რომლებიც თქვენთვის მისაღები იქნება და ნუ მიაქცევთ სხვა დანარჩენს ყურადღებას.
ნაბიჯი 1: უსაფრთხოება
კრიზისის პირველი რამდენიმე დღე ან კვირა კრიტიკულია და მასთან ფსიქოლოგიურად მოსარგებად დროის მოზრდილი მონაკვეთი უნდა გამოუყოთ თავს. სრულიად ნორმალური და ადეკვატურია, თუკი ცვლილებების საწყის ეტაპზე თავს ცუდად ან უიმედოდ იგრძნობთ. კარგ ნიშნად ჩათვალეთ ის, რომ უარყოფის ფაზაში არ ხართ და თავს შფოთვის გაცნობიერების საშუალებას აძლევთ. არცერთი ჯანსაღი ადამიანი არ გრძნობს თავს კარგად გლობალური კატასტროფის დროს, ამიტომ მადლიერი იყავით, რომ საღად აღიქვამთ ამ დისკომფორტს. ამ ეტაპზე გირჩევთ, ფოკუსირდეთ მეგობრებზე, ოჯახზე, კვებასა და, შესაძლოა, ფიტნესზეც (ორ კვირაში ოლიმპიური ათლეტი ვერ დადგებით, ამიტომ წარმოუდგენელ მოლოდინებს ნუ შეიქმნით საკუთარი სხეულის მიმართ).
ამასთან, ყურადღება არ მიაქციოთ არავის, ვინც სოციალურ მედიაში პროდუქტიულობის ქება-დიდებას აღავლენს. არაუშავს, თუ შუადღის 3 საათზე იღვიძებთ; გავიწყდებათ, მიირთვათ ლანჩი; ზუმის იოგას კლასებს არ ესწრებით; და სამი კვირის განმავლობაში არ გადაგიხედავთ თქვენი კვლევისა თუ სტატიის ტექსტისთვის.
ყველა თავის გზას ადგას, ამიტომ დააიგნორეთ პოსტები იმის შესახებ, რომ ვინმე რამეს წერს ან პირიქით წუწუნებს, რადგან წერა არ შეუძლია.
გააცნობიერეთ, რომ არ მარცხდებით. უგულებელყავით ყველა უკიდურესად სულელური აზრი იმის შესახებ, თუ რას უნდა აკეთებდეთ ახლა და ამის ნაცვლად კონცენტრირდით თქვენს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ უსაფრთხოებაზე. ამ ადრეულ პერიოდში პრიორიტეტად დაისახეთ საკუთარი ბინის მოწესრიგება. მოიმარაგეთ საჭირო ნივთები საკუჭნაოსთვის, დაალაგეთ სახლი და შექმენით კოორდინირებული გეგმა ოჯახისთვის. განიხილეთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან შესაძლო ექსტრემალურ სიტუაციებთან გამკლავების გზები. და თუკი ისინი სასწრაფოს თანამშრომლები არიან ან სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა სფეროში მსახურობენ, არ დაიშუროთ ენერგია და პრიორიტეტად მათზე ზრუნვა დაისახეთ: გაარკვიეთ, რა სჭირდებათ და მზად იყავით ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
არ აქვს მნიშვნელობა, როგორაა მოწყობილი თქვენი ოჯახი — ამ პერიოდში, კვირების ან თვეების განმავლობაში, აუცილებლად დაგჭირდებათ ერთად შეკრული გუნდი. შეიმუშავეთ სტრატეგია, როგორ დაამყაროთ კონტაქტი ისეთ მცირერიცხოვან ჯგუფებთან, როგორიცაა ოჯახი, მეგობრები ან მეზობლები იმგვარად, რომ დაიცვათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოხელეთა მითითებები და ფიზიკური დისტანცირების პირობები. გამოავლინეთ თქვენს ახლო წრეში მყოფთაგან ყველაზე დაუცველნი და დარწმუნდით, რომ უსაფრთხოდ არიან.
გუნდის შესაქმნელად საუკეთესო გზაა, თავად იყოთ მისი კარგი წევრი. ამიტომ იმისთვის, რათა დარწმუნდეთ, რომ მარტო არ ხართ, საკუთარ თავზე აიღეთ ინიციატივა. თუ ამ ფსიქოლოგიურ ინფრასტრუქტურას სწორად არ გამართავთ, ფიზიკური დისტანცირების დასაცავად გაწეული ძალისხმევა მარცხით დასრულდება. ამიტომ ახლავე შექმენით უსაფრთხო და გამძლე სოციალური სისტემა.
ნაბიჯი 2: მენტალური გადაწყობა
თქვენი და საკუთარი გუნდის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ სტაბილურობის განცდა დაგეუფლებათ და თქვენი გონება და სხეული იმგვარად მოერგება სიტუაციას, რომ თავად გაგიჩნდებათ სურვილი, შეეჭიდოთ შედარებით რთულ გამოწვევებს. მოცემული დროისთვის თქვენი გონება შეძლებს, გადაეწყოს ახლებურ კრიზისულ გარემოებებზე და აღდგება თქვენი უნარი, შეასრულოთ ინტელექტუალურად მომთხოვნი სამუშაო.
აღნიშნული მენტალური ცვლილება შესაძლებელს ხდის, ექსტრემალურ პირობებშიც კი პროდუქტიულ სამეცნიერო მუშაობას დაუბრუნდეთ. თუმცა, ნაჩქარევად ნუ განსჯით საკუთარ მენტალურ მზაობას — განსაკუთრებით მაშინ, თუ მსგავსი კრიზისის პირისპირ პირველად აღმოჩნდით. ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური პოსტი ტვიტერზე, რაც ამ საკითზე მინახავს, მწერალმა ტროი ჯონსონმა გამოაქვეყნა: "კარანტინის პირველი დღე: 'ვაპირებ, ვივარჯშო და მედიტაციით დავკავდე'. მე-4 დღე: *უბრალოდ, ვურევ ნაყინს მაკარონში*" — სასაცილო კია, მაგრამ, ასევე, ათიანშია მორტყმული.
ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ უარი ვთქვათ პერფორმატიულობაზე და ვიყოთ გულახდილნი. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მენტალური ცვლილებები მოითხოვს თავმდაბლობასა და მოთმინებას. ნამდვილ შინაგან ტრანსფორმაციაზე ფოკუსირდით. ეს ადამიანური გარდასახვები იქნება გულწრფელი, უხეში, უშნო, იმედიანი, გამაწბილებელი, მშვენიერი და ღვთაებრივი. და ეს ყოველივე იმაზე ნელა მოხდება, ვიდრე შრომისმოყვარე მეცნიერები ვართ შეჩვეულნი. შეანელეთ ტემპი. მიეცით სიტუაციას საშუალება, გაგიფანტოთ ყურადღება და შეცვალოს თქვენი დამოკიდებულება იმაზე, თუ როგორ უყურებთ და აღიქვამთ სამყაროს. რადგან ახლა სწორედ სამყაროა ჩვენი სამუშაო. და ამგვარად, დაე, ამ ტრაგედიამ დაამსხვრიოს ჩვენი მცდარი მოლოდინები და მოგვცეს გამბედაობა ახალი, თამამი იდეების შემოსაკრებად.
ნაბიჯი 3: ახალ ნორმასთან შეგუება
ამ ცვლილებების მეორე მხარეს თქვენ თქვენი შესანიშნავი, შემოქმედებითი და მოქნილი გონება გელოდებათ. როდესაც საძირკველს გაამყარებთ, შექმენით ყოველკვირეული გეგმა, რომლის მიზანიც ოჯახის გუნდის უსაფრთხოების შენარჩუნება იქნება. ამის შემდეგ კი გაანაწილეთ დრო სხვადასხვა კატეგორიის საკუთარი სამუშაოსთვის: სწავლებისთვის, ადმინისტრირებისთვის, კვლევისთვის. პირველად მარტივი დავალებები შეასრულეთ და ასე გამოიმუშავეთ ძალა მძიმე სამუშაოსთვის. ადექით ადრე. ონლაინ იოგა და კროსფიტი ამ საფეხურზე უფრო გაგიმარტივდებათ.
რაღაცების კეთება მეტად ბუნებრივი გახდება. მუშაობის პროცესიც შედარებით აზრიან ფორმას მიიღებს და უკვე გაკეთებულის შეცვლასა თუ გადახაზვას უკეთ შეძლებთ. გონებაში ისეთი ახალი იდეები მოგივათ, როგორებიც არ გაგიჩნდებოდათ, უარყოფის ფაზაში რომ დარჩენილიყავით. განაგრძეთ მენტალური ცვლილებების გაცნოებიერება და მიღება. შეინარჩუნეთ რწმენა შემუშავებულ პროცესში. გვერდში ამოუდექით თქვენს გუნდს.
გაიაზრეთ, რომ ეს ყველაფერი მარათონს ჰგავს და თუ თავიდანვე სპრინტისთვის განეწყობით, თვის ბოლოს ჯანსაღ მდგომარეობაში ვერ მიაღწევთ. ემოციურად მოემზადეთ იმისთვის, რომ კრიზისი 12-18 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ამის მერეც ძალ-ღონის აღდგენის პროცესი ნელი ტემპით წარიმართება. თუკი ეს პროგნოზი არ გამართლდება და პანდემია უფრო ადრე დამთავრდება, სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით. ამ ეტაპზე კი, შექმნლი ვითარების დიდი ხნით გაგრძელების ალბათობის გათვალისწინებით, სიმშვიდის, პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის განმტკიცებასა და შენარჩუნებაზე იზრუნეთ.
სინამდვილეში, არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება ეს კრიზისი. ყველას გვსურს, რომ ყველაფერი მალე მორჩეს და ეს გაურკვევლობაა ის, რაც გვაგიჟებს.
რასაკვირველია, დადგება დღე, როცა პანდემია დამთავრდება; ჩავეხუტებით მეზობლებსა და მეგობრებს; დავუბრუნდებით საკლასო ოთახებსა და კაფეებს; ჩვენი ქვეყნების საზღვრებიც გაიხსნება; და ეკონომიკაც მიმდინარე და მოსალოდნელ რეცესიებს თავს დააღწევს.
თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მოგზაურობის დასაწყისში ვართ. ბევრ ადამიანამდე ჯერ არ დასულა ის ფაქტი, რომ სამყარო უკვე შეიცვალა. ზოგი მეცნიერი დაბნეულია და დანაშაულის განცდა აქვს, წერას და ონლაინ კურსებით სათანადოდ სწავლებას რომ ვერ ახერხებს; ზოგი, პირიქით, კარგად იყენებს სახლში ყოფნის დროს, წერს და კვლევებსაც პროდუქტიულად წარმართავს. მაგრამ სხვათა მაგალითებზე კონცენტრირებას მდგომარეობის უარყოფისა და საკუთარი თავის მოტყუებისკენ მივყავართ. და ახლა მდგომარეობის უარყოფა მხოლოდ აფერხებს სიტუაციასთან მორგების პროცესს. ჩვენი თავისთვის ახალ რეალობაში ადგილის პოვნა კი ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების აუცილებელი წინაპირობაა.
ამ მოგზაურობისა და მიმღებლობის მეორე მხარეს იმედი და სიცოცხლის ხალისი დგას. ჩვენ გავიაზრებთ, რომ ამ განსაცდელის გადალახვას მაშინაც კი შევძლებთ, თუ ის წლების განმავლობაში გაგრძელდება. შემოქმედებითი მიდგომითა და პასუხისმგებლობის განცდით ჩვენ შევძლებთ ჩაბნელებული კუთხე-კუნჭულების განათებას; ჩვენ ვისწავლით ახალ რეცეპტებს და შევიძენთ უჩვეულო მეგობრებს; ჩვენ შევეჭიდებით ისეთ პროექტებს, როგორებსაც ახლა ვერც კი წარმოვიდგენთ; ჩვენ შთავაგონებთ სტუდენტებს, რომელთაც ჯერ არც კი შევხვედრივართ; და ჩვენ დავეხმარებით ერთმანეთს. იმის მიუხედავად, თუ რა მოხდება მომავალში, ჩვენ მზად ვიქნებით მუშაობისა და დახმარებისთვის.
დასასრულს, მადლობას ვუხდი იმ კოლეგებსა და მეგობრებს, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში ადრეც ყოფილან და ვისაც ძნელბედობის განცდა ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი. გასულ დღეებში ჩვენ ვიცინეთ ბავშვობისდროინდელ ჭრილობებზე და გადატანილ განსაცდელში ვიპოვეთ შვება. ჩვენ მადლიერება გამოვთქვით იმ გამძლეობისთვის, რომელიც ომისდროინდელმა ჭრილობებმა გამოგვიმუშავეს. მადლობა ყველა მეომარს, ვინც ტანჯვით შობილ სიბრძნეს გვიზიარებს. რადგან განსაცდელი დიდებული მასწავლებელია.
კომენტარები