მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიკრობი, რომელმაც, შესაძლოა, მალარიის გავრცელება შეაჩეროს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, 2018 წელს მალარიით 228 მილიონი ადამიანი დაავადდა, 405 000 კი გარდაიცვალა. თუმცა, ახალი კვლევის წყალობით, შესაძლოა, ეს რიცხვები შეიცვალოს და დაავადების გავრცელება საბოლოოდ შეჩერდეს.
მკვლევართა გუნდმა მალარიის გამავრცელებელ კოღოებში ერთუჯრედიანი მიკრობი აღმოაჩინა, რომელსაც Microsporidia MB უწოდეს. მიკრობს შესანიშნავი უნარი აქვს — მას პლაზმოდიუმის, მალარიის გამომწვევი ერთუჯრედიანის გადატანის შეჩერება შეუძლია.
როგორც ჩანს, მიკრობი არც კოღოს აზიანებს, ეს კი მნიშნავს, რომ თუკი კოღოების ადგილობრივ პოპულაციებში Microsporidia MB-ის რაოდენობას გავზრდით, ამან, შესაძლოა, მალარიის გავრცელება შეაჩეროს. თან ისე, რომ ეკოსისტემაში არეულობა არ გამოვიწვიოთ.
"რადგანაც მიკრობი პლაზმოდიუმის გადაცემას ასუსტებს და იგი ასევე არც საზიანოა, მისი მალარიასთან საბრძოლველად გამოყენება შესაძლებელია", — ნათქვამია კვლევაში.
კოღოს მიკრობის დაავადების წინააღმდეგ გამოყენების იდეა ახალი ნამდვილად არ არის. მაგალითად, ვოლბახიამ, ბაქტერიამ, რომელიც კოღოებში ბუნებრივად ჩნდება, დენგეს ცხელების შეჩერებაში საოცრად დიდი პოტენციალი აჩვენა.
"დენგეს ცხელების გასაკონტროლებლად ჩვენ უკვე ვიყენებთ ვოლბახიას, ბაქტერიას, რომელიც ვირუსის გადაცემას ბლოკავს", — განაცხადა გლაზგოს უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა სტვენ სინკინსმა.
მიმდინარე კვლევა ამჟამად დაწყებით ფაზაშია. თუმცა როდესაც გუნდმა საკვლევ ტერიტორიებზე მდებარე კოღოები გამოიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ Microsporidia MB-ის მქონე კოღოებს მალარიის პარაზიტი არ ჰყავდათ. მათ, ასევე, კოღოებს ინფიცირებული სისხლი მიაღებინეს, ამ დროს მიკრობის მქონე კოღოებს ინფექციის დაბალი დონე აღმოაჩნდათ და არც მალარიის პარაზიტის სპორები შეუმჩნევიათ.
ამჟამად მკვლევართა გუნდს იმედი აქვს, რომ დამატებითი კვლევებით გავიგებთ შესაძლებელია თუ არა კოღოების პოპულაციაში მიკრობის რაოდენობის გაზრდა.
"ამ კვლევების შედეგები მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს, რომელსაც მიკრობის გამოყენებით მალარიასთან ბრძოლისთვის გამოვიყენებთ", — განაცხადა მიკრობიოლოგმა ჯერემი ჰერენმა.
კვლევა 4 მაისს ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები