ოკეანის ფსკერზე მიკროპლასტმასის მაღალი დონე იპოვეს
იტალიასთან ახლოს, ხმელთაშუა ზღვაში მეცნიერებმა მიკროპლასტმასის ყველაზე მაღალი დონე დააფიქსირეს. მანჩესტერის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, თითოეულ კვადრატულ მეტრზე 1,9 მილიონი პლასტმასის ნაწილაკი გვხვდება.
მეცნიერთა გამოკვლევების მიხედვით, მიკროპლასტმასი ოკეანის ფსკერზე ღრმა დინენების მიერ სპეციფიკურ ადგილებში კონცენტრირდება.
"ეს დინებები ქვიშის დიუნების მსგავს ნალექებს აშენებს. ისინი, შესაძლოა, ათობით კილომეტრის სიგრძისა და ასობით მეტრის სიმაღლის იყვნენ.", — განმარტავს დოქტორი იან კეინი.
ოკეანეებში ყოველწლიურად დაახლოებით 4-დან 12 მილიონ ტონამდე პლასტმასის ნარჩენი ჩაედინება, ძირითადად მდინარეების მეშვეობით. ჩვენთვის ხილული ამ დაბინძურების მხოლოდ 1%-ია, დანარჩენი 99%-ის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.
მკვლევართა აზრით, ნარჩენების გარკვეული ნაწილი უდაოდ წყლის არსებებმა გადაამუშავეს, თუმცა მისი უდიდესი წილი დიდი ალბათობით ფრაგმენტირებულია და ოკეანის სიღრმეებშია ჩაძირული.
კეინის გუნდის მიხედვით, ღრმაწყლოვანი თხრილებისა და ოკეანის კანიონების დანალექებში მიკროპლასტმასის საკმაოდ მაღალი კონცენტრაციაა.
"ჩვენ ახლა ვიწყებთ იმის შესწავლას, როგორ გადააქვს დინებებს ეს მიკროპლასტმასი", — აცხადებს დურჰამის უნივერსიტეტის პროფესორი ფლორიან პოლი.
მსგავსი ღრმა წყლის დინებები, რომლებიც ტემპერატურისა და მარილიანობის განსხვავებული მაჩვენებლებით ხასიათდება, მსოფლიოს უამრავ ნაწილში გვხვდება. როგორც აღვნიშნეთ, ოკეანის ფსკერზე დანალექები სწორედ ამ დინებებით ნაწილდება, თუმცა ასევე ისინი ღრმა წყლის არსებებს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. ამან კი, შესაძლოა, წყალში არსებულ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
კომენტარები