მოსკოვის მკვიდრმა, რომან მასლენიკოვმა რუსული ტელეცენტრის, Останкино-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მასლენიკოვი ცელეცენტრს ეთერში გაშვებული პროგრამებით "მოსახლეობის დაჩლუნგებაში" სდებს ბრალს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო RIA NOVOSTI ავრცელებს.

"Останкино-ს წინააღმდეგ საჩივარი შევიტანე - მორალური ზიანისთვის და "მოსახლეობის დაჩლუნგებისთვის სატელევიზიო პროგრამებით, რომელთაც კომპანია აწარმოებს". - ამბობს მასლენიკოვი.

სააგენტო RIA-ს ცნობით, მასლენიკოვი საჩივარში წერს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სატელევიზიო პროგრამებზე, რომლებიც რუსული ტელეარხების ეთერში გადის, დამოკიდებული გახდა:

"თუ დღეში 30 წუთით მაინც არ ვუყურებ ტელევიზორს, ჩემი ხასიათი მკვეთრად უარესდება, მიქვეითდება მადა და შესაბამისად ირღვევა ნივთიერებათა ცვლა მთელს ორგანიზმში. ექვსი თვის განმავლობაში დღეში ორი საათით ვუყურებდი ტელევიზორს. ასე მივედი დასკვნამდე, რომ ჩემი ინტელექტის დონე ძალიან დაეცა და მნიშვნელოვნად გამიუარესდა მახსოვრობა."

მასლენიკოვი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის აღნიშნულ კომპანიას 987 ათასზე მეტ რუბლს სთხოვს, რაც დაახლოებით 38 ათას ლარს უდრის. მოსარჩელე ასევე ითხოვს, კომპანიას ვალდებულება დაეკისროს, რომ მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებლებს იმის შესახებ, რომ სატელევიზიო პროგრამების ყურება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.