სატურნის თანამგზავრის გარშემო ელექტრომაგნიტური ტალღები დააფიქსირეს
ფოტო: NASA/JPL/Space Science Institute
სატურნის რიგით მეექვსე უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრი ენცელადია, რომლის დიამეტრიც სულ რაღაც 500 კილომეტრია. ახალი კვლევის მიხედვით, ამ ყინულოვანი ობიექტის ელექტრომაგნიტური ტალღების გავლენა მილიონობით კილომეტრ მანძილზე ვრცელდება და რგოლებიანი პლანეტის პოლუსებს უკავშირდება.
ასტრონომებმა ზონდ Cassini-ს მიერ 13 წლის განმავლობაში მოპოვებული მონაცემები გააანალიზეს, კერძოდ მისი 4 ინსტრუმენტის მიერ ენცელადის გეიზერების ელექტრომაგნიტური ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეისწავლეს. ესაა წყლის ორთქლისა და მტვრის ნაწილაკების ჭავლები, რომლებიც ობიექტის ზედაპირზე იფრქვევა. რადიაციულ პირობებში წყლის მოლეკულები ძლიერად იმუხტება და პლაზმას წარმოქმნის, რომელიც სატურნის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებს.
ამის შედეგად ჩნდება ელექტრომაგნიტური ტალღების სტრუქტურები, რომლებსაც ალფვენის ფრთა ეწოდება. ისინი სატურნის პოლუსებისა და ენცელადის დამაკავშირებელი მაგნიტური ველის ხაზებს მიუყვება და რთულ "ქსელს" ქმნის. ამ სისტემის ასეთი მასშტაბურობა მეცნიერებისთვის მოულოდნელი იყო.
პირველადი ასეთი ტალღა უბრალოდ სატურნამდე არ ვრცელდება და არ ქრება; ის პლანეტის პოლუსების მიმდებარე იონოსფეროსა და ენცელადის ორბიტის პლაზმურ სტრუქტურას შორის "ირეკლება" და დამატებით ტალღებს წარმოქმნის. სწორედ ამის შედეგად მიიღება ერთგვარი ელექტრომაგნიტური ქსელი, რომელიც სატურნის ეკვატორულ სიბრტყეზე ვრცელდება და ჩრდილოეთ/სამხრეთ განედებამდე აღწევს.
Cassini-მ ამ ტალღების კვალი 36-ჯერ დააფიქსირა, თანაც ისეთ დისტანციებზე, როგორსაც მეცნიერები ვერც წარმოიდგენდნენ — ენცელადიდან 504 000-ზე მეტი კილომეტრის მოშორებითაც კი. ეს ნიშნავს, რომ სატურნის პატარა თანამგზავრი "პლანეტარული მასშტაბის ალფვენის ტალღების გენერატორია".
მეცნიერებმა მთავარი "ფრთის" დეტალური სტრუქტურაც გამოავლინეს; აღმოჩნდა, რომ ტურბულენტური გარემო მას ფილამენტებად (ძაფისებრ სტრუქტურებად) გარდაქმნის, რისი მეშვეობითაც ეს ტალღები ენცელადსა და სატურნს შორის უფრო მარტივად მოძრაობს. ამგვარი ურთიერთქმედების შესწავლა სატურნისა და მისი სხვა თანამგზავრების სისტემების უკეთ შესწავლაშიც დაგვეხმარება.
ნაშრომი გამოცემაში Journal of Geophysical Research: Space Physics გამოქვეყნდა.
კომენტარები