"ხელოვნური ინტელექტი ჩაგვანაცვლებს?" — ეს შიში დასაქმებულთა მენტალურ ჯანმრთელობას ვნებს
ფოტო: Getty / Futurism
ხელოვნური ინტელექტი (AI) უკვე უამრავ სფეროში გამოიყენება და არამხოლოდ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, არამედ სამსახურებრივი საქმიანობის ნაწილიც ხდება. დასაქმებულებს სულ უფრო ხშირად ესმით, რომ ასეთი ტექნოლოგიებით მათი ჩანაცვლების რისკი არსებობს, მაგრამ არავინ საუბრობს, რა გავლენა აქვს ამ შიშს ადამიანებზე.
გამოცემა Cureus-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სწორედ ეს საკითხი შეისწავლეს. მათ მსგავს მენტალურ მდგომარეობას სახელი დაარქვეს — "AI-თ ჩანაცვლების დისფუნქცია (AIRD)". ესაა მუდმივი შიში, რომ ხელოვნური ინტელექტის გამო სამსახურს დაკარგავთ და ამას კონკრეტული სიმპტომებიც ახლავს თან: შფოთვა, პარანოია, უძილობა, იდენტობის დაკარგვა. მსგავსი ნიშნები შეიძლება მაშინაც გამოვლინდეს, თუ ადამიანს სხვა მენტალური პრობლემა არ აქვს.
ავტორები ამბობენ, რომ ეს "უხილავი კატასტროფაა", რომელიც ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად აისახება. მათ თქმით, მენტალურ ჯანმრთელობაზე მოქმედი სხვა ფაქტორების მსგავსად, საზოგადოების თანადგომა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, ანუ დახმარების შესაძლებლობა თერაპევტის კაბინეტს უნდა გასცდეს.
აქამდე მენტალურ ჯანმრთელობაზე AI-ს გავლენის მხრივ მეტი ყურადღება უშუალოდ ასეთი სისტემების გამოყენების ზემოქმედებას ექცეოდა. ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ ხელოვნურ ინტელექტთან სხვაგვარი სტრესიცაა დაკავშირებული, რომელიც უფრო სიღრმისეულ კლინიკურ შესწავლას საჭიროებს. გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მხოლოდ ამერიკაში ადამიანთა 71%-ს ჰგონია, რომ ბევრი დასაქმებული AI-ს გამო სამსახურის გარეშე დარჩება.
ამ შიშს თავად ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებებიც ამყარებს, რომლებიც ამგვარი სისტემების მიერ სხვადასხვა საქმის ავტომატურად შესრულების პერსპექტივას ეხება. შესაძლოა, ყველა შიში უსაფუძვლო არ იყოს, რადგან, მაგალითად, კომპანია Amazon ამ მიზეზით თავისი 14 000 თანამშრომლის დათხოვნას აპირებს.
ახალი კვლევის ავტორები ამბობენ, რომ AIRD თითოეულ ადამიანში სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის პროფესიული იდენტობისა და მიზნის დაკარგვით. არაა გამორიცხული, ზოგს ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმიც ჩამოუყალიბდეს და ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა მთლიანად უარყოს.
AIRD, როგორც დიაგნოზი, ჯერჯერობით აღიარებული არაა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ საკითხისადმი მეტი ყურადღების მიქცევაა საჭირო, რადგან მოსალოდნელია, რომ მსგავსი პრობლემები უფრო და უფრო მეტ ადამიანს შეაწუხებს.
კომენტარები