ჰაერის დაბინძურება ალცჰაიმერთან იმაზე მეტად არის დაკავშირებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
ფოტო: Getty Images
ჰაერის დამაბინძურებელი ნაწილაკები შეიძლება იმაზე მეტს აკეთებდეს, ვიდრე ჩვენი ფილტვების დაზიანებაა. ახალი კვლევა PM2.5 ნაწილაკებს ალცჰაიმერის მაღალ რისკს უკავშირებს. მკვლევრების თქმით, ეს ნაწილაკები თავის ტვინს იმაზე უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე ეს აქამდე ვიცოდით.
მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის დაბინძურება აქამდეც იყო დაკავშირებული ისეთ კონდიციებთან, რომლებიც შეიძლება ალცჰაიმერს იწვევდეს (სისხლის მაღალი წნევა და დეპრესია), ახალი კვლევა უფრო წინ მიდის. მკვლევრების მიხედვით, ალცჰაიმერის დაავადების ბევრი შემთხვევა შეიძლება პირდაპირ ნაწილაკოვანი მატერიით იყოს გამოწვეული.
კვლევა აშშ-ში, ემორის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს და ის წინა შრომას ეფუძნება, რომელმაც PM2.5-სა და ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს შორის კავშირი აღმოაჩინა.
"ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ის მზარდი საფრთხეა, განსაკუთრებით ხანდაზმულ მოსახლეობაში. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ PM2.5-ის ზემოქმედება პირდაპირ დაკავშირებული იყო ალცჰაიმერის დაავადების რისკების ზრდასთან", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
მკვლევრებმა 65 წელს გადაცილებული 28 მილიონი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს. ჰაერის დაბინძურების მაღალ დონესა და ალცჰაიმერის დაავადებების რისკის ზრდას შორის დიდი კავშირი იყო და ეს შესამჩნევი დარჩა მაშინაც კი, როდესაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გათვალისწინება მოხდა.
მეცნიერებმა ზუსტად ჯერ კიდევ არ იციან თუ რა იწვევს ალცჰაიმერს. სწორედ ამიტომ, მსგავსი კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ დამაბინძურებელი ნაწილაკები ტვინის ქსოვილებს პირდაპირ აზიანებს, რაც საბოლოოდ ალცჰაიმერის გამომწვევი ხდება.
კვლევა ჟურნალში PLOS Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები