ეს დაკეცვადი რობოტები ჭიამაიებივით დაფრინავენ
როდესაც ჭიამაია ფრენას იწყებს, მისი ფრთები წამის მეათედში იხსნება, ძალიან სწრაფი მოძრაობის შედეგად კი ჭიამაია ჰაერში გაჩერებას დაბრკოლებების გარეშე ახერხებს.
სეულის რობოტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი, კიუ-ჯინ ჩო ამბობს, რომ მწერის ეს თვისებები მფრინავი რობოტების შექმნით დაინტერესებული მეცნიერებისთვის შთაგონების წყაროა. მან და მისმა კოლეგებმა ისეთი რობოტები ააწყვეს, რომლებიც ფრენისთვის ჭიამაიის მეთოდებს იყენებენ.
ჩოს თქმით, თავიანთ რობოტებში მკვლევრები ბუნებრივი ფრენის საფუძველში არსებული პრინციპების იმიტირებას ცდილობენ.
მეცნიერების მიერ შექმნილი პატარა ფრთები ორიგამის ფურცელივით იშლება და იკეცება. კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მსგავსი მსუბუქი მფრინავი მექანიზმები მომავალში სამაშველო და სადაზვერვო ოპერაციებში გამოადგებათ.
ჭიამაიების ფრენის მექანიზმი უნიკალური არ არის, ის სხვა მწერებში, მაგალითად, ხოჭოებშიც გავრცელებულია. თუმცა, "ჭიამაიებისგან განსხვავებით, ხოჭოების ფრთები ასე სწრაფად არ იშლება", — ამბობს ჩო.
ჭიამაიის ფრთების გაშლის სისწრაფის საიდუმლო, მათ სპეციალიზირებულ ვენებში იმალება. ხვეული ვენები ელასტიური ენერგიის შენახვის შესაძლებლობას იძლევა და მწერის ფრთებს სიმყარებს მატებს.
ჩომ და მისმა კოლეგებმა 33 სანტიმეტრიან რობოტულ ფრთებს ხელოვნური ვენები გაუკეთეს და პატარა რობოტ მწერებს მიამაგრეს. აღმოჩნდა, რომ ეს ვენები რობოტებს თავიანთ მასაზე 150-ჯერ მძიმე ტვირთის გადატანაში ეხმარებოდნენ.
მკვლევრებმა რობოტები სხვადასხვა სიმაღლიდან გაუშვეს. შედარებით დაბალი სიმაღლიდან გაშვებული რობოტი მიწასთან მიახლოებისას ფრთებს ჭიამაიის მსგავსად სწრაფად კეცავდა და მიწაზე გადაადგილებას უპრობლემოდ აგრძელებდა.
მკვლევრები ამბობენ, რომ ჭიამაიის და მათ მაგალითზე შექმნილი რობოტების ვენების ფორმა, კერძოდ კი "ხვეულები", ზამბარის მსგავსად მოქმედებენ. ანუ იჭიმებიან და შემდგომ მოდუნებისას ჩვეულ ფორმას პრაქტიკულად მომენტალურად უბრუნდებიან.
ბოლო დროს, ბევრი მეცნიერი მფრინავი რობოტების შექმნისას შთაგონებას ბუნებიდან იღებს. ამას კი თავისი მიზეზები აქვს.
ბუნებრივი ფრენის იმიტაციით მკლვევრები მნიშვნელოვან გაკვეთილებს სწავლობენ. მათი მიზანია შექმნან ისეთი რობოტები, რომლებიც ენერგიის მინიმალური დანახარჯებით, მაქსიმალურ გამოსავლიანობას მიაღწევენ.
ჩო იმედოვნებს, რომ მომავალში, AI-ის დახმარებით ჭიამაია-რობოტი უფრო ავტონომიური გახდება და გადაადგილებას შედარებით დამოუკიდებლად შეძლებს.
კომენტარები