ეს, სავარაუდოდ, ყველაზე გრძელი არსებაა, რომელიც ოკეანეში გვინახავს
მეცნიერი ნერიდა ვილსონი კვლევითი ხომალდის კომპიუტერს თვალს ვერ წყვეტდა, როცა 600 მეტრის სიღრმეზე კამერამ სპირალური ფორმის უზარმაზა, 46 მეტრის სიგრძის არსება დააფიქსირა.
"ამოუცნობ ციურ სხეულს გავდა", — იხსენებს Western Australian-ის მუზეუმის მკვლევარი.
ვილსონმა და მისმა კოლეგებმა უცნაური ორგანიზმის დაფიქსირება, SuBastian-ის, ღრმა ოკეანის შემსწავლელი უპილოტო მართვადი რობოტის მეშვეობით, მარტში შეძლეს. მკვლევრები მოწყობილობის მეშვეობით ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროების სიღრმეებს იკვლევდნენ, როცა გიგანტური სიფონოფორი აღმოაჩინეს.
აქამდე აღმოჩენილი ყველაზე დიდი წყალში მცხოვრები ორგანიზმი 26 მეტრის საცეცების მქონე მედუზა იყო. შედარებისთვის, ყველაზე მასიური ცხოველი, ლურჯი ვეშაპი ზომაში 30 მეტრს აღწევს.
სიფონოფორი უცნაური ორგანიზმია: ის ინდივიდუალური მიკროსკოპული ცხოველების, ზოოიდების გიგანტური კრებულია, სადაც თითოეული ზოოიდი გაყოფით მრავლდება და კოლონიას წარმოქმნის.
Falkor-ის ხომალდზე მომუშავე მკვლევრებმა, SuBastian-ის დახმარებით, 181 საათის ვიდეო მასალა ჩაიწერეს. გიგანტური სიფონოფორის გარდა მათ უამრავი უცნაური ცხოველი იპოვეს და მომავალი კვლევებისთვის ოკეანის სიღრმეებიდან მასალები შეაგროვეს.
"მსოფლიოს ეს ნაწილი გასაოცარი იმიტომაა, რომ აქამდე ის პრაქტიკულად შეუსწავლელი იყო", — ამბობს Schmidt Ocean Institute-ის დირექტორი, ჯიოტიკა ვირმანი. "ოკეანის ამ ნაწილში ჩასვლისას ყოველ ჯერზე ახალი აღმოჩენა კეთდება. ისეთ რაღაცეებს ვნახულობთ, თითქოს უცხო პლანეტაზე აღმოვჩნდით".
Falkor-ის კვლევითმა ხომალდმა 30-მდე ახალი სახეობა აღმოაჩინა. ამასთანავე მკვლევრებმა წყალში, სპეციალური ფილტრებით დნმ-ის ნარჩენები და მიკრონაწილაკები შეაგროვეს, რომელთაც მოგვიანებით ლაბორატორიაში სეკვენირებას გაუკეთებენ.
ეს მათ საშუალებას მისცემს გაიგონ, რა ცხოველები ბინადრობენ ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროს სიღრმეებში.
მეცნიერთა გუნდი კალმარის ბიოლუმინისცენტურ სახეობასაც (Taningia danae) გადააწყდა, რომელიც პერიოდულ ნათებას ასხივებდა და საკმაოდ სწრაფად გადაადგილდებოდა.
"თითქოს მორზეს კოდით საუბრობს", — ამბობს ვილსონი.
"ამ მიგნებებზე და სანახაობაზე დაკვირვება და მათი გაზიარება უბრალოდ მაგიურია", — განაცხადა ახალგაზრდა მკვლევარმა.
ოკეანის და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მიხედვით, ოკეანის 95 პროცენტი და ოკეანის ფსკერის 99% შეუსწავლელია.
ვინ იცის, სიღმრეებში კიდევ რა იმალება.
კომენტარები