მშვიდობით — ხომალდმა BepiColombo-მ დედამიწას ჩაუფრინა და მერკურისკენ გაემართა
ევროპისა და იაპონიის გაერთიანებული მისიის ხომალდმა, BepiColombo-მ ახლახან დედამიწას ჩაუფრინა და მერკურისკენ მოგზაურობას შეუდგა, გრავიტაციულმა მანევრმა კი ხომალდს აჩქარების საშუალება მისცა.
2,6-მილიარდიანი მისია 2018 წელს გაეშვა და იგი ორ თანამგზავრს — მერკურის ევროპულ საპლანეტო ხომალდსა (MPO) და მერკურის იაპონურ მაგნეტოსფერულ ხომალდს (MMO) მოიცავს. MMO იაპონიის კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტოს (JAXA) მიერ, MPO კი ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ არის შექმნილი და იგი 11 ინსტრუმენტითაა აღჭურვილი. როდესაც ხომალდი საკუთარ პოზიციას დაიკავებს, თანამგზავრები პლანეტის გამოკვლევას შეუდგებიან.
თანამგზავრები მერკურთან მისვლის შემდეგ გაიყოფიან და სხვადასხვა როლის შესრულებას დაიწყებენ. MPO-ს საკვლევი ტერიტორიის რუკის შედგენა, პლანეტის ზედაპირისა და მისი შემადგენლობის შესახებ მონაცემების მოგროვება ევალება. MMO კი მერკურის მაგნიტურ ველს შეისწავლის — იგი ველის ქცევასა და მის მზიურ ქართან ურთიერთობას გამოიკვლევს.
მისია საბოლოოდ შვიდი წელი გაგრძელდება, ამ დროის უმეტეს ნაწილს კი ხომალდი შენელებას დაუთმობს. ამის მიზეზი ისაა, რომ მერკური მზესთან ძალიან ახლოს იმყოფება.
როდესაც ხომალდი პირდაპირ პლანეტისკენ მიემართება, მას მზე თავისკენ ექაჩება, რაც თავისთავად ხომალდის აჩქარებას იწვევს. აქედან გამომდინარე, BepiColombo-ს საკმაოდ ხშირად მოუწევს დამუხრუჭება, რათა კონტროლიდან არ გამოვიდეს და პირდაპირ მზისკენ არ აიღოს გეზი.
ხომალდი იონის ძრავით არის აღჭურვილი, თუმცა მერკურის ორბიტამდე მისაღწევად ძრავი საკმარის სიჩქარეს ვერ ავითარებს. პრობლემის მოსაგვარებლად მისიის გუნდის წევრებმა პლანეტების გამოყენება გადაწყვიტეს.
"ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია და ხომალდის შესანელებლად პლანეტების ენერგიას ვიყენებთ", — აცხადებს მისიის მენეჯერი ელზა მონტაგონი.
BepiColombo-მ მსგავსი მანევრი დედამიწის შემდეგ ვენერასთან ორჯერ, თავად მერკურისთან კი ექვსჯერ უნდა შეასრულოს, რომ საჭირო პოზიცია დაიკავოს.
მისიის მეცნიერებმა მანევრის დროს წყვილის რამდენიმე ინსტრუმენტი შემოწმების მიზნით ჩართეს. სამწუხაროდ, MPO-ს მთავარი კამერა ვერ ფუნქციონირებდა, თუმცა სხვა პატარა კამერებმა დედამიწისა და მთვარის რამდენიმე შავ-თეთრი ფოტოს გადაღება მაინც მოახერხეს. შემდეგ მანევრს კი ხომალდი ოქტომბერში, ვენერასთან განახორციელებს.
მეცნიერებს კი იმედი აქვთ, რომ მისიის ფარგლებში ორი თანამგზავრის პარალელური მუშაობის შედეგად მერკურის შესახებ ბევრი რამ გახდება ცნობილი.
კომენტარები