ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შესაძლო გავლენა საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი გობრონიძე ტრამპის გამარჯვების შესაძლო შედეგებზე გვესაუბრა
აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებები ანტიტერორისტული ხასიათის იყო, ძირითადად ISIS-ის განადგურებასა და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ ბრძოლისკენ იყო მიმართული. მისი პროგრამის მიხედვით, ამერიკამ უნდა დაასრულოს სხვა სახელმწიფოებში დემოკრატიის შენებისა და რეჟიმების ნგრევის სტრატეგია. როგორ გგონიათ, გაგრძელდება თუ არა საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა აქამდე არსებული ფორმატით და რას უნდა ელოდოს ჩვენი ქვეყანა აშშ-სგან ახლა?
ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად იქნება ქართული დიპლომატია მოწადინებული იმისთვის, რომ მოახდინოს აშშ-სთან ურთიერთობის ინტენსიფიკაცია. არ მგონია, დღეს იმის ნიშნები არსებობდეს, რომ აშშ-სთან თანამშრომლობის ან შესუსტება გვინდოდეს, ან იმ კავშირებისა და ვალდებულებების უარყოფა, რომელიც ორივე მხარეს გვაქვს აღებული.
საქართველო არის ანტიტერორისტული კოალიციის მნიშვნელოვანი წევრი ქვეყანა. დღესაც ავღანეთში მიმდინარე აშშ-ს ოპერაციის დროს, იქაური სამხედრო კონტიგენტის 12 პროცენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდანაა წარმოდგენილი. თუ გავითვალისწინებთ ტრამპის ანტიტერორისტული აქტივობების გააქტიურებასთან დაკავშირებულ დაპირებებს, არ მგონია, რომ ჩვენსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს რაიმე დაემუქროს.
ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ძირითადი პრობლემები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ექნებათ, რადგან მოსალოდნელია, რომ აშშ-მ საერთაშორისო პრობლემები უფრო ცალმხრივად გადაჭრას. ტრამპი, ობამასგან განსხვავებით, ეცდება ისევ წინ წამოსწიოს ამერიკული ფაქტორი და უფრო ნაკლებად გაითვალისწინოს ევროპელი პარტნიორების პოზიცია და უფრო მეტად ეცადოს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას. იგივე რასაც ნატოზე ამბობდა, რომ აშშ-ს კონტრიბუცია ყველაზე დიდია, ის დააყენებს საკითხს: ვინც მეტს იხდის, ის მეტად განსაზღვრავს დღის წესრიგს.
თქვენ საუბრიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობაზე რაიმე სახის გავლენას ხომ არ მოახდენს?
ტრამპს თუ სხვა დღის წესრიგი აქვს ევროპაში, ევროპასთან დიალოგი, ისევე როგორც ამერიკასთან, არის ჩვენი საგარეო-პოლიტიკური ამოცანა და აქიდან გამომდინარე, ჩვენ ურთიერთობა, როგორც ერთთან, ისე მეორესთან უნდა ვაწარმოოთ. თვალსაჩინოებისთვის, ამის მაგალითია ის ფაქტი, როდესაც საქართველო-ირანის ურთიერთობებში დადებითი გარდატეხა მოხდა, ამას ქართულ-ამერიკული ურთიერთობები საერთოდ არ დაუზიანებია. ზოგადად, ეს აშშ-სთან პარტნიორობის დამახასიათებელია - ის თავის მოკავშირეებთან უფრო მეტად სიმეტრიულია, როდესაც ორმხრივი ურთიერთობებისას, ითვალისწინებს თავისი პარტნიორის, თუნდაც შედარებით სუსტისა და პატარის, ინტერესებსაც, განსხვავებით რუსეთისგან.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, რიაბკოვმა, განაცხადა, რომ არჩევნების მიმდინარეობისას, რუსეთს ტრამპის გუნდთან კომუნიკაცია ჰქონდა და ეს მომავალშიც გაგრძელდება. პუტინის პრესსპიკერმაც თქვა, რომ ტრამპისა და პუტინის საგარეო პრიორიტეტები ერთმანეთს ჰგავს. რაზე მიუთითებს აღნიშნული და რა სახის გავლენა ექნება საქართველოზე აშშ-სა და რუსეთის პირველი პირების დაახლოებას?
ვერ ვიტყოდი, რომ მათი საგარეო პრიორიტეტები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, რადგან თუ გადავხედავთ მთლიანობაში ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას, ის ამბობს, რომ ამერიკა უნდა აქციოს ზესახელმწიფოდ. აშშ-ს გაძლიერებაზე ამგვარი საუბარი, თუნდაც საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე, ნიშნავს იმას, რომ მას რუსეთთან ინტერესების სერიოზული გადაკვეთა ექნება.
ტრამპი არის ახალი პოლიტიკური ლიდერი, რომელთანაც რუსეთს ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თუნდაც გაცნობის დონეზე, მასთან რაღაც შეხება ჰქონოდა, რაღაც ტიპის კავშირები დაემყარებინათ და ესაუბრათ გარკვეულ თემებზე იმ სტრატეგიულ ოპოზიციასთან, რომელსაც ჰქონდა პოტენციალი შეეცვალა არსებული ხელისუფლება.
ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციის ექნებოდა კომუნიკაცია ტრამპის გუნდთან ისევე, როგორც, ვთქვათ, ვარდების რევოლუციაში რუსეთის ჩარევა, თუნდაც ქართული ოპოზიციის სასარგებლოდ. ეს არ ნიშნავდა იმას, რომ სააკაშვილი იყო პრორუსი ლიდერი. მეტიც, მოგვიანებით ჩვენ ვნახეთ, რომ ორ მხარეს შორის კონფრონტაცია სწორედ სააკაშვილის პერიოდში მოხდა. ამასთან, ის, რომ რევოლუციამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოვიდა, სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ამ ორმა ქვეყანამ შეთანხმების წერტილებს მიაგნო.
რაც შეეხება პრიორიტეტების დამთხვევას, რუსეთის ფედერაცია უბრალოდ ცდილობს, რომ თავისი წარმომადგენლობა სირიაში დახატოს, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და როცა ტრამპი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობს, ეს დამთხვევა ჩნდება. თუმცა, თუ ტრამპი აღმოსავლეთში აშშ-ს ყოფნის გაძლიერებას გადაწყვეტს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ იქ რუსეთის სამხედრო ყოფნა შესუსტდება და მათი ინტერესებიც გადაიკვეთება.
შესაძლებელია თუ არა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში რუსეთისადმი დაწესებული სანქციები შემცირდეს?
მე მგონია, რომ ტრამპი, რაღაც მომენტში, რუსეთისთვის დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდება. მისი ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრჯერ კეთდებოდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპს რუსეთთან რაღაც კავშირები აქვს, თუმცა, გამოძების ბიურომ ეს კავშირები არ დაადასტურა. მიუხედავად ამისა, ტრამპს ამ შიშების გაფანტვა მაინც მოუწევს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის რუსეთთან მიმართებით უფრო მკაცრი გახდეს, რადგან ბრალდებები, რაც მის მიმართ ისმოდა, კიდევ უფრო მეტად გააქარწყლოს აშშ-ს საზოგადოებაში. არასერიოზულია, როდესაც ამბობენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი პრაქტიკულად კრემლმა დანიშნა, თუმცა, ეს საზოგადოებაზე მოქმედებს და ტრამპი ამ ბრალდებების მძევალიც გახდა.
როგორ შეიცვლება სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, უნდა ველოდოთ თუ არა ირანისთვის სანქციების ახალ ტალღას?
ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით სიტუაცია არაორდინალურია. ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის ერთგვარი პრაგმატიზაცია მოხერხდა. ერთ-ერთი დიპლომატიური წარმატება, რასაც ობამას ადმინისტრაციამ მიაღწია, ეს არის ირანთან ბირთვული შეათანხმების გაფორმება. თუმცა, ამან ამერიკა-ისრაელის ურთიერთობებიც დაძაბა. შესაბამისად, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკური გუნდი, ირანთან დაკავშირებით, უფრო გამკაცრდება. თუმცა, ცალსახად ამის მტკიცება ამ ეტაპზე ცოტა რთულია. ჯერ აჯობებს შევხედოთ, ვინ იქნება აშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივანი, რა პრიორიტეტებს ჩამოაყალიბებს და სხვ.
ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ტრამპი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, უფრო რადიკალური იყო, ხოლო როგორც პრეზიდენტი უფრო ზომიერი იქნება, რადგან მას მოუწევს, თავის პარტიას ანგარიში გაუწიოს. როგორია თქვენი მოსაზრება? შეასრულებს თუ არა ის თავის წინასაარჩევნო დაპირებებს?
ტრამპს მოუწევს, რომ სისტემას ანგარიში გაუწიოს. თუმცა, ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრამპი არ იყო ყველა რესპუბლიკელის მიერ მოწონებული კანდიდატი და მას ღიადაც უპირისპირდებოდნენ. ტრამპის პოლიტიკაში უფრო მეტ ინდივიდუალიზმსაც უნდა ველოდოთ. მნიშვნელოვანია, რომ ტრამპი აუცილებლად ეცდება გაითვალისწინოს იმ ჯგუფების ინტერესები, რომლებიც მის ძირითად მხარდამჭერებს წარმოადგენენ. ესენი ძირითადად არიან ამერიკელი მშრომელები, არა დიდი ქალაქის მოსახლეობა, ძირითადად თეთრკანიანები, უფრო მეტად კონსერვატორები და რელიგიურები. სხვათაშორის, ძალიან საინტერესოა, რომ საშუალო ფენის ინტერესის წარმოდგენა შეძლო ადამიანმა, რომელიც არის კორპორატიული ელიტების წარმომადგენელი და მილიარდერი.
წინასაარჩევნო პერიოდში, ტრამპი აჟღერებდა ანტისაემიგრაციო, დისკრიმინაციულ განცხადებებს, რაც მოგვიანებით, მისი გამარჯვების შემდეგ, შერბილდა. რაზე მიუთითებს ეს? შეიცვლება თუ არა აშშ-ს საემიგრაციო პოლიტიკა და ემუქრებათ თუ არა რაიმე რეალური საფრთხე იქ მცხოვრებ ემიგრანტებს?
აშშ-ს საემიგრაციო პოლიტიკა შესაძლოა გამკაცრდეს, სწორედ ამას დაუჭირა ტრამპის ამომრჩეველთა ნაწილმა მხარი. ცალკეულ შემთხვევაში, საშუალო ფენა, განსაკუთრებით თეთრი მშრომელები, ტოვებენ დემოკრატების მხარდამჭერთა რიგებს და მათ იმ შტატებში, სადაც ტრადიციულად დემოკრატები იგებდნენ, ხმა ამ შემთხვევაში ტრამპს მისცეს. ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით პრობლემაა ის, რომ ემიგრანტები, რომლებიც იაფი მუშა ხელია, მათ სამუშაო ადგილებს ართმევენ და ბუნებრივია, მათი მოლოდინია, რომ ტრამპმა ეს ვითარება შეცვალოს. თუმცა, კედლის აშენება, ხალხის მასობრივი დეპორტაცია და გაძევება არარეალურია, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ ამ მიმართულებით მეტად გაამკაცრებს თავის პოლიტიკას, რაც არა ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების მიზნებით იქნება განპირობებული.
კომენტარები