კრის ჰედფილდი NASA-ს ცნობილი ასტრონავტია, რომელიც კოსმოსში სამჯერ გაფრინდა სპეციალური მისიით და კოსმოსის საერთაშორისო სადგურზე მეთაურად მსახურობდა. ცოტა ხნის წინ მას სთხოვეს, რომ იმ ცნობილ ფილმებზე ესაუბრა, რომლებიც კოსმოსის შესახებაა გადაღებული: იქნება ეს კრისტოფერ ნოლანის ინტერსტელარი თუ სტენლი კუბრიკის 2001: კოსმოსური ოდისეა.

როგორც აღმოჩნდა, მსგავსი თემატიკის ფილმებს შორის ამ ცნობილი ასტრონავტის განსაკუთრებული კრიტიკა ალფონსო კუარონის 2013 წელს გამოსულმა ოსკაროსანმა ფილმმა, გრავიტაციამ დაიმსახურა: მისი თქმით, ამ ფილმის ბევრი მონაკვეთი "რეალობას სრულიად აცდენილია".

კრის ჰედფილდი პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ფილმში ფიზიკის კანონები დარღვეულია და ის იმ სცენას იხსენებს, როცა სატელიტი კოსმოსურ სადგურს ეჯახება:

"სატელიტი ამ დროს დაახლოებით საათში 120 მილის სიჩქარით მოძრაობს, სინამდვილეში კი სატელიტი გაცილებით სწრაფად გადაადგილდება და მისი ასე მარტივად შემჩნევა არ შეგიძლია, როგორც აქ ხდება".

მისივე თქვით, ასევე არალოგიკურია, როცა სანდრა ბულოკის პერსონაჟი მექანიკური მკლავისგან თავს ითავისუფლებს და მოულოდნელად სწრაფად გაფრინდება სივრცეში.

"საიდან მოქმედებდა მასზე უკვე მოძრავი მექანიკური მკლავისგან განსხვავებული გრავიტაცია?", — კითხულობს კრის ჰედფილდი.

ფოტო: Giphy

ამ ყველაფრის მიუხედავად, კრის ჰედფილდისთვის განსაკუთრებულად სამწუხარო ის იყო, თუ როგორ არის წარმოდგენილი ასტონავტებს შორის ურთიერთობა: მისი თქმით, ასტრონავტთა ჯგუფი მსგავსად არ იქცევა და მათი ქმედებები ფილმში არალოგიკურადაა განვითარებული.

ის განსაკუთრებულად იმედგაცრუებული სანდრა ბულოკის პერსონაჟის რეპრეზენტაციითაა:

"ამერიკის ისტორიაში ყველაზე გამოცდილი ასტროვანტი ქალია — პეგი უიტსონი. ფილმში სანდრა ბულოკის პერსონაჟს ასტრონავტობის ერთ წელზე ნაკლები გამოცდილება აქვს და როცა პრობლემას აწყდება, პანიკაში ვარდება და წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა გააკეთოს. ჯორჯ კლუნის პერსონაჟი კი კოსმოსურ კოვბოიდ გვევლინება, რომელიც ერთადერთია, ვინც იცის, თუ რა ხდება იქ. ვფიქრობ, ეს პატარა გოგოებზე ასტრონავტი ქალების შესახებ არასწორ წარმოდგენას აყალიბებს და მათ კოსმოსში წასვლის სურვილს შეაფერხებს".

მისი თქმით, ფილმის შემქმნელებს უკეთესად შეეძლოთ ასტრონავტების წარმოჩენა მაყურებლებისათვის:

"სანდრა ბულოკი შესანიშნავად ასრულებს როლს, მაგრამ პერსონაჟმა, რომელიც მისთვის შექმნეს, იმედი გამიცრუა. უმჯობესი იქნებოდა, ასტრონავტები ისეთები წარმოეჩინათ, როგორებიც ნამდვილად არიან და შემდეგ აეგოთ მათ ირგვლივ ფილმის სიუჟეტი. არ უნდა შექმნა ასტრონავტი ქალის პერსონაჟი, რომელიც საფრთხეში ვარდება და მხოლოდ კაცს (ჯორჯ კლუნი) შეუძლია მისი გადარჩენა და იმის სწავლება, თუ რა არის სწორი".

კრის ჰედფილდის სრული შეფასების ნახვა ამ ვიდეოში შეგიძლიათ: