დინოზავრის ბულიონი და ტრადიციული მედიცინა: როგორ აღვივებენ მითები ეპიდემიებს
ჩინეთი ახალი კორონავირუსის პანდემიის წყარო გახდა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ Covid-19-მა დასაბამი უხანის ველურ ცხოველთა ბაზრიდან აიღო. უკვე წლებია, რაც აქტივისტები, კონსერვაციონისტები და მეცნიერები ველური ცხოველებით ვაჭრობის შეზღუდვას ითხოვენ.
მიუხედავად ამისა, ჩინეთში და აზიის სხვა ქვეყნებში ველური ცხოველების ბაზრობები საკმაოდ მრავალფეროვანი და მოთხოვნადია. ამას თავისი პოლიტიკური მიზეზები აქვს, თუმცა პოლიტიკის გარდა როლს კულტურაც თამაშობს.
ჩინური ტრადიციული მედიცინა კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და ის უკვე საუკუნეებია არსებობს. მეორენაირად მას ალტერნატიულ მედიცინას ეძახიან (მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილად არაა ალტერნატივა).
ჩინური ტრადიციული მედიცინა ერთ მნიშვნელოვან პოსტულატს ემყარება, რომელიც ანტიკური ფილოსოფიის "სულიერი ენერგიის" პრინციპიდან მომდინარეობს:
ანტიკური ჩინური ფილოსოფიის და რელიგიის მიმდევრებს სჯერათ, როცა ადამიანი იბადება, ის გაჯერებულია "ენერგიით", რომელიც დროთა განმავლობაში იწურება, რაც განაპირობებს სხვადასხვა სნეულებებს და საბოლოოდ სიკვდილს.
ამ ენერგიას, ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში "ჩი" (ჩინ. 氣 ) ეწოდება. ბევრს სჯერა, რომ "ჩის" ამოწურვის შეყოვნება სხვადასხვა ტრადიციული მკურნალობის მეთოდით შეიძლება, რაც ანელებს დაბერებას და დაავადებებს კურნავს.
ველური ცხოველების ჭამა ჩინური ტრადიციული მედიცინის ფილოსოფიის მიხედვით ადამიანებს ცხოველის კარგ თვისებებს აძლევს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პოპულარული დელიკატესი, რომელიც ჩინეთში მოიპოვება, ვეფხვის პენისია.
არ მოგესმათ, მართლა. ბევრს სჯერა, რომ ვეფხვის სასქესო ორგანოს მოხმარება მათ ერექციული დისფუნქციის დაძლევაში დაეხმარებათ. საინტერესოა, რომ სწორედ ერექციული დისფუნქციაა ის, რაც ბევრ ჩინელ კაცს ტრადიციული მედიცინისკენ უბიძგებს.
ამასთანავე, ეგრედწოდებული "ხალხური მედიცინა" მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩინეთში ხშირად ერთადერთი მკურნალობის ხერხი იყო. ჯერ სამოქალაქო ომით, შემდეგ კი მაო ძედუნის დიქტატურით განადგურებული ქვეყნის მოქალაქეებს სანდო ჯანდაცვაზე წვდომა იშვიათად ჰქონდათ.
მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში სიტუაცია გაუმჯობესდა და ჩინურმა მედიცინამ მასობრივი მოდერნიზაცია გაიარა, მმართველი კომუნისტური პარტია "ტრადიციულ მედიცინას" ეროვნული სულისკვეთების გაღვივების მიზნით ინარჩუნებდა.
"ჩინეთის მედიცინა და ფარმაკოლოგია დიდი საგანძურია", — ასეთი იყო მაოს ერთ-ერთი სლოგანი.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციული მედიცინის მომხმარებელთა დემოგრაფია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა, ეგზოტიკური ცხოველების ხორცს და ნაწარმებს უმეტესად უფრო შეძლებული მოქალაქეები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები მიირთმევენ ხოლმე.
მსგავსი მომხმარებლებისთვის ჩინეთში არაერთი სპეციალიზირებული რესტორანი არსებობს. Guo Li Zhuang ერთ-ერთი ასეთი რესტორანია, რომლის მენიუც მთლიანად სხვადასხვა ცხოველის პენისებისგან შედგება.
პრეისტორიული კერძი: დრაკონის ბულიონი (ბავშვებისთვის სასარგებლოა)
მიუხედავად იმისა, რომ ველური ცხოველების ხორცის "მკურნალი" ეფექტებისთვის მოხმარება ცოტა უცნაურად ჟღერს, ჩინეთში ბევრად უფრო უცნაურ კერძებსაც მიირთმევენ.
ცენტრალურ ჩინეთში, სოფლების მკვიდრნი წამლად განამრახებული დინოზავრის ძვლებსაც მიირთმევენ. დიახ, ნამდვილი დინოზავრის ძვლებს.
დიდი დროის მანძილზე ხალხს სჯეროდა, რომ დინოზავრის ვეება ძვლები დრაკონებს ეკუთვნოდათ. ამის მიზეზი გასაგებია, ჩინეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დიდი ხნის მანძილზე სასტიკ სიღარიბეში ცხოვრობდა და პალეონტოლოგიისთვის არავის ეცალა.
დრაკონს კი ჩინურ მითოლოგიაში და ანტიკურ რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
BBC-ის რეპორტაჟის მიხედვით, ეს "დრაკონის ძვლები", ხშირად ძალიან იაფად იყიდება: კილოგრამი 50 ცენტად. რაც დამეთანხმებით, პრეისტორიული ცხოველის ძვლისთვის საკმაოდ იაფია.
ჰინანის გეოლოგიური მუზეუმის მკვლევრის, ჟანგ ქინილაოს თქმით, ცენტრალური ჩინეთის მკვიდრნი დინოზავრის ძვლებს ძირითადად ქრონიკული თავბრუსხვევის ან ფეხის ტკივილების "სამკურნალოდ" იყენებენ.
სამკურნალო "პრეპარატი" მეტწილად სხვადასხვა ინგრედიენტებთან ერთად იხარშებოდა და საბოლოოდ ბულიონის ფორმას იღებდა.
2007 წელს ჩინეთში ჩატარებული პალეონტოლოგიური გათხრების შედეგად მკვლევრებმა 85-100 მილიონი წლის წინანდელი 18-მეტრიანი ბალახისმჭამელი დინოზავრის ძვლები აღმოაჩინეს, რომელსაც ბევრი დეტალი აკლდა.
მას შემდეგ, რაც აღმოჩენა საჯარო გახდა და მიმდებარე სოფლების მკვიდრებმა გაიგეს, რომ ძვლები დინოზავრს ეკუთვნოდა და არა დრაკონს, მოქალაქეებმა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის და პალეოანთროპოლოგიის ინსტიტუტს 200 კილოგრამამდე ძვლები ჩააბარეს.
როგორც ჩანს, დინოზავრის ძვლებისგან დამზადებული ბულიონი ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც მავნე (ყოველ შემთხვევაში, მომაკვდინებელი) არ არის, მეტწილად იმიტომ, რომ მილიონობით წლის ძვლებში, კალციუმის გარდა პრაქტიკულად არაფერია დარჩენილი.
ველური ცხოველების ბაზარი: ცრურწმენები და ეპიდემია
ცოცხალი ველური ცხოველების საკვებში და ტრადიციულ სამედიცინო პრეპარატებში გამოყენება კი ხშირად საშიშია. ველური ცხოველების ბაზარი არაერთი ეპიდემიის, მათ შორის SARS და MERS ვირუსული ინფექციების წყარო ყოფილა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის პანდემია სწორედ ველური ცხოველების ბაზარზე დაიწყო. ყველაზე გავრცელებული ვარაუდით, ადამიანებში SARS-CoV-2 ვირუსი ღამურებიდან გავრცელდა.
ეპიდემიის დაწყებიდან ძალიან მალე ჩინეთმა ველური ცხოველებით ვაჭრობა დროებით აკრძალა. მთავრობა მოტივირებულია, რომ აკრძალვა სამუდამო იყოს. ამის განხორციელება ძალიან რთული იქნება.
ამჟამად ველური ცხოველების ხორცით ვაჭრობის ბიზნესი 73 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ამ ბაზარზე კი მილიონზე მეტი ადამიანი მუშაობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთის ველური ბუნების კონსერვაციის ასოციაციის კვლევის მიხედვით, ჩინეთის დიდი ქალაქების მოსახლეობის მესამედი ველურ ცხოველებს საკვებისთვის, ტრადიციული მედიცინისთვის ან ტანსაცმლისთვის იყენებს.
ერთი მხრივ, ჩინეთი ველური ცხოველებით ვაჭრობის ბაზრის შეზღუდვას ცდილობს, მეორე მხრივ კი ოფიციალური პეკინი და პრეზიდენტი სი ძინპინგი "ტრადიციულ მედიცინას" მუდამ ახალისებს, რაც საზოგადოებაში მითების გავრცელებას ხელს უწყობს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა ზოგი ცხოველის ხორცით (მაგალითად, პანგოლინით) ვაჭრობა თითქმის ყველგან აკრძალა, ეს აკრძალვა ცხოველური ნაწარმის ტრადიციულ მედიცინაში გამოყენებას არ შეხებია.
კონსერვაციონისტის და აქტივისტის არონ უაიტის თქმით, ახალი შეზღუდვები "კრძალავს პანგოლინების ჭამას, მაგრამ არ კრძალავს მათი ბაკანის ტრადიციულ მედიცინაში გამოყენებას".
ჩინური ტრადიციული მედიცინის ბევრი პრაქტიკა არაეფექტურია, თუმცა აღსანიშნავია, რომ გარკვეულ შემთხვევებში მცენარეული წამლები თანამედროვე მედიცინაში დაინერგა და მკურნალობის ზოგიერთი "ტრადიციული" მეთოდი თანამედროვე მკურნალობასთან ერთად გამოიყენება. ეს ნიშნავს, რომ პაციენტი სათანადოდ გადამოწმებულ მკურნალობის კურსს გადის და ვინმეს თუ დამატებით უვნებელი მცენარეების ჭამაც უნდა, პრობლემა არაა.
თუმცა აშკარაა, რომ ველური ცხოველების ხორცი "სარგებლიანობით" არ გამოირჩევა. მეტიც, ველური ხორცის ბაზარი საკმაოდ მავნებელია არამხოლოდ ბუნებისთვის, არამედ ადამიანთა კეთილდღეობისთვისაც.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არქაული მკურნალობის მეთოდები თანამედროვე მედიცინით ბოლომდე ჩანაცვლდეს. ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ცრურწმენების დრო აღარ არის.
კომენტარები