23 მარტია, ორშაბათი, საშუალოზე მეტად თბილი დღე, თუმცა თბილისი ადამიანებისგან გამოიხშირა — სამსახურები დაკეტილია, პარკინგები ცარიელი.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სასურსათო მაღაზიების გარდა, თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა. გარეთ გასვლას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გვირჩევენ. როგორც აღმოჩნდა, ამ გზას თვითგადარჩენისთვის ბევრი მიმართავს.

გლდანში, სადაც 220 ათასი მოსახლე და 37 ათასი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს, დაკეტილ სავაჭრო ცენტრებს თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი ისეა, როგორც კორონავირუსამდე. ახმეტელის მეტროს მიმდებარედაც ქუჩები კვლავ გადატვირთულია, არის საცობი და ხალხმრავლობა ტროტუარებზე, ავტობუსის გაჩერებებზე. და რა თქმა უნდა, უცვლელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გზებზე.

ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

მგზავრები გლდანის ერთ-ერთ ავტობუსში თავს პირბადით იცავენ.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

მოხუცი ქალი პირბადით, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ გადათხრილ გზებზე.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკეტილი და ცარიელია ქალაქის ორი დიდი სავაჭრო ცენტრი, თბილისი მოლი და ისთ ფოინთი. ტერიტორიაზე მხოლოდ ჰიპერმარკეტი, ბანკები და აფთიაქი მუშაობს.

მიკროავტობუსების ცარიელი პარკინგი დახურულ თბილისი მოლთან.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ცარიელი საპარკინგე სივრცე სავაჭრო ცენტრ ისთ ფოინთთან.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"ბოლო მატარებელი"

მას შემდეგ, რაც საქართველოს ორ რაიონში კარანტინი გამოცხადდა, 24 მარტის შუაღამიდან აიკრძალა ქალაქებს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც, მათ შორის, სარკინიგზო მიმოსვლა. წინა საღამოს მგზავრებმა რეგიონში ჩასასვლელად ბოლო შანსი გამოიყენეს.

მგზავრები სადგურის მოედნის ბაქანზე თბილისი-ნიქოზის მატარებლის ბოლო რეისს ელოდებიან.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"დროზე ადრე მივდივარ თბილისიდან. დედას საჭმელი უნდა წავუღო, თორემ ის ვეღარ ჩამოვა და ვეღარაფერს იყიდის. დღეს მატარებლის ბოლო დღეა, უკანვე უნდა წამოვიდე დღესვე, ბავშვი დავტოვე სახლში", — ამბობს ერთ-ერთი მგზავრი, ციცინო, რომელიც სოფელ ქანში მიდის.

მგზავრები სადგურის მოედნის ბაქანზე თბილისი-ნიქოზის მატარებლის ბოლო რეისს ელოდებიან.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ბაქანზე შეკრებილი ადამიანების ნაწილი ვირუსისგან თავის დაცვას პირბადით ცდილობს, თუმცა ერთმანეთთან 1-2-მეტრიანი დისტანცია არ აქვთ. ამის საშუალება არც მატარებლის ვაგონში ექნებათ.

"სიცოცხლის და ჯანმრთელობის გულისთვის ბევრ რამეს ავიტანთ, აბა რა ვქნათ? ხომ არ გავწყდებით?", — გვეუბნება მგზავრი ნეჟნა, რომელიც ქვემო ხვითში მიემგზავრება. გვიყვება, რომ, რაც შეეძლო, ყველაფერი მოიმარაგა იზოლაციაში ყოფნისთვის. ისიც დროზე ადრე ტოვებს ქალაქს:

"ბავშვები სოფელში მყავს, ჰაერზე. გვითხრეს, გზა იკეტებაო და დავეშურეთ. აუცილებელი ყველაფერი შევიძინეთ და მიგვაქვს, მაგრამ აპრილამდე ძალიან გაგვიჭირდება. ან წამალი გვინდა, ან პროდუქტი...".

მგზავრების ნაწილი თბილისი-გარდაბნის მატარებელში პირბადის გარეშეა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

მგზავრები თბილისი-ნიქოზის მატარებელში.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ერთი დღით ადრე დაიკეტა ავტოსადგური ოკრიბაც, საიდანაც ყოველდღიურად ადამიანები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მგზავრობდნენ. გამგზავრების მოლოდინში მყოფებს მხოლოდ რამდენიმე კერძო მიკროავტობუსი და "მინივენი" დახვდათ, რომლებიც ბოლო მარშრუტს ასრულებდნენ რაიონებში.

მგზავრი დახურულ ავტოსადგურ ოკრიბასთან.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

სივრცე

სადგურებიდან თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე დაბრუნებულს განსხვავებული სურათი დამხვდა. პირველი განცდა არის "სივრცე", რაც რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე შეიძლება დაგეუფლოს. აქ მარტივია სოციალური დისტანცირებაც, რაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა. ქუჩაში გამვლელი რომ დაინახო, უნდა დაელოდო.

გოგო პირბადით და ხელთათმანებით ცარიელ რუსთაველის გამზირზე.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

შოთა რუსთაველის ძეგლთან ადამიანებისგან დისტანცირებული ძაღლი.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

რიგი მაკ-დრაივთან კაფე-რესტორნების დახურვის შემდეგ

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

დახურული ტარნსაცმლის მაღაზიები

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ცარიელი და ჩაბნელებული სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

პიკის საათის დროს [19:30] თავისუფლების მოედანზე გზები თავისუფალია.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა დაწესებული. უცნობია, კიდევ გაგრძელდება თუ არა მკაცრი შეზღუდვების, სწავლისა და ბიზნესის გაჩერების ვადა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი დღითიდღე მცირედით, თუმცა მაინც იმატებს. ამ დროისთვის სულ 67 დადასტურებული შემთხვევაა.