Covid-19-ის გადატანისას მაიმუნებს დამცველობითი ანტისხეულები უმუშავდებათ — კვლევა
ზუსტად რთულია იმის თქმა, რამდენად ხანგრძლივ იმუნიტეტს გამოიმუშავებენ ადამიანები SARS-CoV-2-ით ერთხელ ინფიცირების შემდეგ. აღნიშნული საკითხი მკვლევართა რამდენიმე ჯგუფისთვის, რომლებიც ამჟამად პლაზმის თერაპიაზე მუშაობენ, ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
მსგავსი თერაპიის დროს გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლის პლაზმას, რომელიც ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს შეიცავს, დაინფიცირებულ ადამიანს უსხამენ, რათა მათ ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარონ.
ახლახან, მაიმუნებში ჩატარებულმა კვლევამ დამაიმედებელი შედეგი აჩვენა. სამი მაკაკა რეზუსი, რომელიც კვლევაში იღებდა მონაწილეობას, კორონავირუსით ერთხელ ინფიცირების შემდეგ ვირუსით მეორედ აღარ დაავადებულან. აღნიშნული შედეგის მიხედვით კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრიმატებს პათოგენის მიმართ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ხანმოკლე იმუნიტეტის განვითარება მაინც შეუძლიათ.
გუნდმა კვლევა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ვირუსის გავრცელების ძირითად არეალს ჩინეთი წარმოადგენდა. თებერვლის დასაწყისში, პაციენტების მცირე რაოდენობამ, რომლებიც COVID-19-სგან განიკურნენ, მოგვიანებით ვირუსისადმი ისევ დადებითი შედეგი აჩვენა.
ამის გამო ჩუან ქინი და კოლეგები, რომლებიც მანამდე მაიმუნებში MERS-ის შემთხვევებს სწავლობდენ, კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების შესაძლებლობით დაინტერესდნენ.
გუნდმა საკვლევად ოთხი ზრდასრული მაკაკა რეზუსი შეარჩია. თავდაპირველად, მეცნიერებმა ვირუსის მაღალი კონცენტრაცია მაიმუნების ცხვირებსა და ყელში შენიშნეს, რაც სამი დღე გაგრძელდა. ამას გაძლიერებული მადა, წონის კლება და გახშირებული სუნთქვა მოჰყვა. ერთ-ერთი მაკაკის გაწირვისა და აუტოფსიის შემდეგ მკვლევრებმა ვირუსი სხეულის მრავალ ქსოვილში დააფიქსირეს. შემდეგ, დარჩენილი სამი მაიმუნისგან სისხლის შრატი აიღეს, რათა შეემოწმებინათ გამოიმუშავეს თუ არა მაკაკებმა ანტისხეულები.
როგორც აღმოჩნდა, მაკაკებმა ისეთი ანტისხეულების გამომუშავება შეძლეს, რომლებიც ვირუსის ზედაპირზე არსებულ ცილებს თავს ესხმიან — ადამიანების უჯრედებში შესაღწევად ვირუსი სწორედ ამ ცილებს იყენებს. ინფექციის პირველი კვირის განმავლობაში ანტიხეულების დონე საგრძნობლად დაბალი იყო, თუმცა შემდეგ ის მნიშვნელოვნად გაიზარდა.
SARS-CoV-2-ით დაინფიცირებიდან ერთ თვეში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცხოველები ვირუსისგან განიკურნენ.
ახლა მათ ორგანიზმებში ვირუსის მეორედ შეყვანის დრო დადგა, მათი იმუნიტეტის გამოსაცდელად.
კორონავირუსის მეორე დოზის შეყვანის შემდეგ მაიმუნებს დაბალი სიცხე აღენიშნებოდათ, თუმცა სხვა დამახასიათებელ სიმპტომებს ადგილი არ ჰქონია. ვირუსი ვერც ცხვირიდან და ყელიდან აღებულ ნიმუშებში იპოვეს. ერთ-ერთი მათგანის გაკვეთისას კი დადგინდა, რომ ვირუსი სხეულის სხვადასხვა უბანში გავრცელებული არ ყოფილა.
მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ წარმოქმნილმა ანტისხეულებმა მაიმუნები ხელახალი დაინფიცირებისგან დაიცვა. შედეგებზე დაყრდნობით, გუნდი ეჭვქვეშ აყენებს იმ ცნობებს, რომლის მიხედვითაც ის ადამიანები, რომლებიც Covid-19-სგან განიკურნენ და საავადმყოფოდან გაწერეს, შემდეგ კვლავ ინფიცირდებოდნენ.
მათი აზრით, მსგავსი შემთხვევები ჰოსპიტალებში არსებული PCR ტესტის უზუსტობის ბრალია და მიიჩნევენ, რომ დიაგნოსტიკის მეთოდებს დახვეწა სჭირდება.
კოლუმბიის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ანჟელა რასმუსენი აღნიშნულ ინტერპრეტაციას ეთანხმება.
"კვლევის მიხედვით, ხელახალი ინფიცირება ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ ხდება, ეს ფაქტი ვირუსის მიმართ იმუნიტეტის არსებობაზე მიუთითებს, ყოველ შემთხვევაში მცირე დროით მაინც", — განაცხადა მან.
თუმცა, უცნობია ვირუსის მიმართ იმუნიტეტი რამდენ ხანს გრძელდება. ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე დაზუსტებით საუბარი, ეს დამცველობითი ეფექტი ორგანიზმში ანტისხეულების თავდაპირველი წარმოქმნის "გვერდითი ეფექტია", თუ საქმე ხანგრძლივ იმუნურ მეხსიერებასთან გვაქვს.
უფრო მასშტაბური კვლევები, რომლის ფარგლებშიც ცხოველებსა და ადამიანებს ინფიცირებიდან სამი თვის ან უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაინც დააკვირდებიან, დაგვეხმარება რომ გავცეთ პასუხი კითხვას — წარმოიქმნება თუ არა ორგანიზმში ახალი კორონავირუსის მიმართ ხანგრძლივი იმუნიტეტი.
სხვა კორონავირუსებთან მიმართებაში ხანგრძლივი იმუნიტეტის კვლევისას შედეგები სხვადასხვაგვარია. მაგალითად, SARS-ის შემთხვევაში ანტისხეულები რამდენიმე წელიწადში რჩება, შემდეგ კი უჩინარდება.
კვლევა პრეპრინტ სერვერზე bioRxiv-ზე 14 მარტს გამოქვეყნდა.
კომენტარები