გახადე ისტორია ხელშესახები — ქართული ქსოვილის პროექტი თიბისისგან
არის პატარა დეტალები, რომლებსაც ხშირად არ ვაკვირდებით, არ ვიცით საიდან გაჩნდნენ ისინი ჩვენს ცხოვრებაში და როგორ გახდნენ მისი განუყოფელი ნაწილი. ეს პატარა დეტალები გროვდება, ერთმანეთს ემატება, ავსებს, ამრავალფეროვნებს და საბოლოოდ რაღაც ისეთ მნიშვნელოვანს ქმნის, როგორიც ისტორიაა.
პირველად ისტორიის ხსენებისას ალბათ ომები, მეფეები და დიდი დროით დაშორებული ეპოქები გახსენდებათ. სინამდვილეში ისტორია ყველაზე პატარა ნაწილებიდან იწყება.
ამ სტატიაში ქართული ისტორიის ისეთ გამორჩეულ ნაწილზე მოგიყვებით, როგორიც ქსოვილია.
ქსოვილი, როგორც ისტორიის ნაწილი
აბრეშუმი, ბამბა, ტილო, ატლასი, ნაქარგები, ორნამენტები, ბუნებრივი საღებავები თუ სპეციალურად ხელით დამუშავებული დეტალებით — ქსოვილები მრავალფეროვანია და მრავალფეროვანია ის ეთნოკულტურაც, რომელიც საქართველომ წლების მანძილზე დააგროვა.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქსოვილების უმდიდრესი და უმნიშვნელოვანესი საცავი საქართველოში თეატრის კინოს მუსიკისა და ხელოვნების მუზეუმია. ხელოვნების სასახლეში ინახება ისეთი ნიმუშები, როგორიცაა მაგალითად, მეხუთე საუკუნის კოპტური ქსოვილები თუ პეტრე ოცხელის მიერ შექმნილი სასცენო კოსტიუმები, ქართული ისტორიული და დეკორატიული კოსტიუმების უნიკალური კოლექცია. ეს ყველაფერი არ არის — მუზეუმი ინახავს იმ ნიმუშებს, ესკიზებსა და ჩანახატებს, რომლის მიხედვითაც არაერთი სასცენო სამოსი შეიქნა.
"ჩვენი იდენტობის, ისტორიის, კულტურის მაღალი დონის განმსაზღვრელი, არც მეტი, არც ნაკლები, ხშირად, ქსოვილია. დააკვირდები ადამიანის ჩაცმულობას და ხვდები, ძალიან ბევრ რამეს: გემოვნებას, განწყობას, მის ხასიათს. ასევეა ერის ისტორიაც, ქსოვილს და სამოსს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იმიტომ რომ ის ერის კულტურულ ისტორიას განსაზღვრავს", — ამბობს On.ge-სთან ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.
მუზეუმმა გადაწყვიტა, რომ უძველესი დროიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით, მთლიანად შეესწავლათ ქართული ქსოვილები. ამ მიზეზით მუზეუმის თანამშრომლები საქართველოს ყველა რეგიონის ყველა დიდ ეკლესია-მონასტერს ესტუმრნენ, გადმოხატეს 600-ზე მეტი ფრესკა, სადაც კი ქსოვილი გამოჩნდა, აიღეს ნიმუშები ქართული მინიატურებიდან და მუზეუმის კოლექციის ცოცხალი ქსოვილებიდან, შემდეგ კი მათი გრაფიკული ასლები შექმნეს. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა თავი "ქართული ქსოვილების" ორტომეულში მოიყარა, რომელმაც 2019 წელს კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო, ევროპა ნოსტრა მიიღო.
ეს კიდევ ყველაფერი არ არის, ამ უდიდესი შრომის შემდეგ მუზეუმმა საკუთარ საამქროში ყველა ქსოვილის ნიმუშს ახალი სიცოცხლე მიანიჭა.
ქსოვილის, როგორც ისტორიის გაცოცხლება
ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია გვიყვება, რომ მათი მთავარი მიზანი საუკუნეების წინანდელი ქსოვილების ყოველდღიურობაში გადმოტანა იყო. ალბათ, ახლა უკვე შეუძლებელია გავიგოთ ვინ ქმნიდა იმ ლამაზ ქსოვილებს და ვინ კერავდა ტრადიციულ ქართულ სამოსს, მეფე-დედოფლებს თუ ისტორიულ გმირებს რომ ეცვათ.
გამოტყდით, რამდენჯერ გდომებიათ მუზეუმის ვიტრინაში დანახული კოსტიუმი ჩაგეცვათ, ცოტა ხნით მაინც გამხდარიყავით იმ ეპოქის ნაწილი. გვინდა გაგახაროთ — თიბისისა და თეატრის კინოს მუსიკისა და ხელოვნების მუზეუმის ერთობლივი პროექტით ეს ყველაფერი შესაძლებელი ხდება.
მუზეუმმა ყველა გრაფიკული ორნამენტის ნიმუში თანამედროვე ქსოვილზე გადმოიტანა, ოღონდ კი არ დაპრინტა, არამედ ზუსტად იმ ხერხით დაამუშავა, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ამ ყველაფერზე მუზეუმის საამქრო მუშაობს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ თამარ მეფის მოსასხამის, დავით აღმაშენებლის კვართის ან დადიანების სამოსის იდენტური ქსოვილი.
"ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მუზეუმის ვიტრინის მიღმა დადებულ ნივთებს ხელი მოვკიდოთ, ან ჩავიცვათ, მაგრამ ნუ დავუმალავთ საკუთარ თავს, რომ ბევრჯერ გაგვჩენია სურვილი, თუნდაც ხელი მოგვეკიდებინა მისთვის და რაღაცნაირად გვეგრძნო ისტორია. ეს ადამიანის კანონზომიერი მოთხოვნაა, რომ როდესაც რაღაც ლამაზს, მისთვის განსაკუთრებულს ხედავს უჩნდება სურვილი რომ მას შეეხოს, ანუ მისი ცხოვრების ნაწილი გახადოს", — გვიყვება გიორგი კალანდია.
ხელშესახები ისტორია
როგორც ხელოვნების სასახლის დირექტორი On.ge-სთან საუბრისას ამბობს, საამქროში დიდი პოპულარობით სარგებლობს დადიანების სასახლის ბალიშის პირები. მაგრამ გულწრფელები რომ ვიყოთ, თქვენს შორის რამდენმა იცოდა, რომ შეიძლება თქვენს შარფზე ისეთივე ქსოვილი და ორნამენტები ყოფილიყო, როგორიც მე-15 საუკუნეში რომელიმე სამეფო კარის წარმომადგენელს ჰქონდა?
საბედნიეროდ, ეს ფაქტი არ გამოჰპარვია თიბისის, რომლისთვისაც კულტურული პროექტების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ თიბისისა და ხელოვნების სასახლის თანამშრომლობით, სულ მალე, საუკუნეების წინანდელი ქსოვილების ისტორია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
იმისთვის, რომ ქართული ქსოვილის ნიმუშები ყოველდღიურობაში გადმოვიდეს, თიბისი დიზაინერებსა და სტარტაპერებს შესაძლებლობას აძლევს წიგნში თავმოყრილ ტექსტურებზე დაყრდნობით, ყოველდღიური სამოსი თუ აქსესუარები შექმნან.
"ჩვენ ვნახეთ ხელოვნების სასახლის მიერ გამოშვებული წიგნი, ვნახეთ, რომ არსებობს არაჩვეულებრივი ტექსტურები, რომელიც დგას დაკარგვის საფრთხის წინაშე. საფრთხე ისაა, რომ ჩვენ არ ვიცნობთ ამ ტექსტურებს, ხშირად ვერც კი მიხვდებით, რომ ის ქართულია. ჩვენი მიზანია ამაღლდეს მათი ცნობადობა, შემორჩეს ის მომავალ თაობებს და გააგრძელოს სიცოცხლე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეციფრულებინა ეს ქსოვილები", — ამბობს კოკა ქამუშაძე, თიბისის შემოქმედებითი ლიდერი.
თიბისიმ შეკრიბა ქართველი დიზაინერები და სტარტაპერბი, სთხოვა, მათ შთაგონებად ქართული ქსოვილები, ნიმუშები, ტექსტურები გამოეყენებინათ და მათგან შეექმნათ რაღაც ახალი, თანამედროვე პროდუქტი.
"თუ ეს ქსოვილები ისევ ჩოხებსა და სარიტუალო და სადღესასწაულო ტანსაცმელზე დარჩება, დიდი შანსია, რომ დაიკარგოს. ამგვარად, ამ ქსოვილების შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეს თანამედროვე ნივთებზე , მაგალითად, შეიკეროს პერანგი, რაღაც ნაწილი გადავიდეს ჯინსზე, ქუდზე, ჰუდზე, კერამიკულ ნაწარმზე, სახლის აქსესუარებზე თუ სხვა. ამგვარად ყოველდღიურობაში დამკვიდრდება ის ქსოვილები და ორნამენტები, რომლებიც ისტორიულად გვეცვა", — ამბობს კოკა ქამუშაძე.
საინტერესოა ისიც, რომ ძველი ქსოვილები საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება და ერთი შეხედვით ვერც მიხვდებით, რა ისტორია და წარსული დგას მათ უკან. თიბისისთვის პრიორიტეტია, რომ მემკვიდრეობა ახალი თაობისთვის ხელშესახები გახდეს. ამისთვის თიბისი დიდი ციფრულ პლატფორმას ქმნის, სადაც პროდუქცია განთავსდება და მათი შეძენა ყველას შეეძლება.
ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქართველები მრავალფეროვანი კულტურის და ისტორიის ერია. მისი თქმით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით და მომავლშიც ვიქნებით ხალასი, ფერადი ხალხი. ეს პროექტი კი, ყველას, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის ყოველდღიურობას მრავალფეროვნებისკენ შეცვლის.
სანამ ყველანი ერთად მოუთმენლად ველოდებით როდის გვეცმევა მეფეთა სამოსის ორნამენტებით გაწყობილი ჰუდები, როგორ გადმოვა შუა საუკუნეების ორნამენტები ჩვენს ჯინსებზე თუ როგორ ვაჩუქებთ საყვარელ ადამიანებს იმავე თავსაბურავებს, როგორსაც ბანოვანები ხმარობდნენ, შეგიძლიათ ქართულ ქსოვილებზე ჩვენი ტესტი გააკეთოთ:
იქნებ წინასწარაც შეარჩიოთ როგორი ორნამენტი შეგეფერებათ.
კომენტარები