იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე წარადგინა. საბჭოს 13 წევრიდან, რომელიც მონაწილეობდა კენჭისყრაში, ქადაგიძეს 12 წევრმა დაუჭირა მხარი.

არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ბიულეტენი გააუქმა, ანა დოლიძემ კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კანონდარღვევით შეირჩა და ამიტომ ვერ დაუჭერს მას მხარს. კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აღნიშნავს, რომ ქადაგიძე გამოცდილი მოსამართლეა, თუმცა ის ე.წ. სისხლიანი ცხრა წლის სისტემის მოსამართლე იყო.

ნინო ქადაგიძე ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა და საბჭოს კიდე ორმა წევრმა დააყენა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომამდე საბჭოს წევრებმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარეს. აღნიშნულ შეხვედრაზე თავმჯდომარეობის კანდიდატებად მოსამართლეებმა ნინი ქადაგიძე და შალვა თადუმაძე დაასახელეს, თუმცა საბჭო სხდომაზე საბოლოოდ მხოლოდ ქადაგიძის კანდიდატურა დაყენდა.

სხდომის შემდეგ იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ქადაგიძე გამოცდილი მოსამართლეა და მხოლოდ მისი პროფსეიონალიზმით იხელმძღვანელა.

ვინ არის ნინო ქადაგიძე

ნინო ქადაგიძე მოსამართლეების იმ 10-კაციან სიაში იყო, რომლის პარლამენტისთვის წარდგენას და განხილვას პროტესტი და საბოლოოდ ქართული ოცნების უმრავლესობის დაშლა მოჰყვა.

1994-2000 წლებში ნინო ქადაგიძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 2000 წელს იგი დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2013 წლის 17 ივნისიდან კი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 12 დეკემბერს კი ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

სწორედ ნინო ქადაგიძემ განიხილა სააპელაციოში, რამდენად კანონიერად გაანადგურა იუსტიციის სამინისტრომ საარჩევნო საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერები.

ამ შინაარსის სარჩელით სასამართლოს ნაციონალურმა მოძრაობამ მიმართა, რადგან საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. სამინისტრო უთითებდა, რომ აღნიშნულ აუდიო ჩაწერას ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი და გამოიყენებოდა მხოლოდ წერილობითი ოქმის შესადგენად. ნინო ქადაგიძემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

გაიგეთ მეტი ქადაგიძეზე: