სახალხო დამცველი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ფემიციდი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმა, ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა. მისივე თქმით, დღეს არსებული მდგომარეობა ნათლად მიუთითებს, რომ მხოლოდ სამართალდამცავი უწყებების ჩართულობით ფემიციდის პრევენცია არ ხერხდება.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაში ვკითხულობთ, გასულ ორ თვეში მომხდარი 8 ქალის გენდერული ნიშნით მკვლელობა და ოთხი მკვლელობის მცდელობა მიუთითებს, რომ არსებული სისტემა, რომელიც უმეტესად რეაქციულია და უკვე მომხდარ ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავი უწყების ჩართულობას გულისხმობს, არ არის ეფექტური.

"პრობლემები არსებობს როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე. ქალთა მკვლელობის საქმეთა ანალიზის შედეგებით ცალსახად იკვეთება, რომ ფემიციდი საზოგადოებაში არსებული გენდერული და სოციალური უთანასწორობის პირდაპირი შედეგია და მნიშვნელოვანია, ქალთა მკვლელობების პრევენცია დაიწყოს ბაზისური სოციალური სერვისების მიღების ეტაპზე, როგორიცაა მაგალითად ჯანდაცვა და განათლება", — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას, ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კრიტიკულად გააანალიზოს არსებული პრევენციის სისტემა მომხდარ ქალთა მკვლელობის საქმეებთან მიმართებაში და საკვანძო უწყებების, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ჩართულობით იმუშაოს კონკრეტულად ფემიციდის პრევენციის სისტემის შექმნისა და დახვეწის მიზნით.