მეცნიერებს ოკეანეების გამოსაკვლევად "კიბორგი მედუზების" გამოყენება სურთ
სტენფორდისა და კალტეკის მეცნიერებმა "ბიოჰიბრიდული რობოტების" შექმნის მიზნით მედუზებს მიკროელექტრონული კომპონენტები მიამაგრეს, რამაც მათი გადაადგილების სიჩქარე სამჯერ გაზარდა.
"ბიოჰიბრიდი" მედუზების მიზანი მარტივია: იცხოვრონ ჩვეული ცხოვრებით, ოღონდ იცურონ უფრო სწრაფად და მიმაგრებული სენსორების მეშვეობით მეცნიერებს ჩვენი პლანეტის ოკეანეების სიღრმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. ყოველ შემთხვევაში, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ამის გაკეთება მალე იქნება შესაძლებელი.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მოუქნელ და ტლანქ წყალქვეშა ნავებთან შედარებით, ოკეანის ამგვარად შესწავლა ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება.
ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა მცირე ელექტრული მუხტის დარტყმით მედუზებს უფრო სწრაფად და ეფექტიანად ცურვა "აიძულეს."
"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მედუზებს ბევრად სწრაფად გადაადგილების უნარი აქვთ და ეს მათ მეტაბოლიზმზე არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს. ჩვეულებრივ, ისინი ნელა იმიტომ მოძრაობენ, რომ მათ უფრო სწრაფად ცურვის საჭიროება უბრალოდ არ აქვთ", — აცხადებს კვლევის თანაავტორი ნიკოლ შუ.
მარტივი დიზაინის გამო, აღნიშნული ელექტრონული კომპონენტები ბევრად უფრო ნაკლებ ენერგიას საჭიროებენ, ვიდრე, მაგალითად, ნებისმიერი სხვა წყალქვეშა სენსორული რობოტი.
მკვლევრები ამბობენ, რომ მედუზების სპეციალური სენსორებით აღჭურვის შემთხვევაში, ოკეანის ტემპერატურის, მჟავიანობის, ჟანგბადით გაჯერებულობის და სხვა მრავალი ფაქტორის მონიტორინგი უწყვეტად და ძალიან იაფად მოხერხდება. თითო მედუზის აღჭურვა შეიძლება უბრალოდ რამდენიმე დოლარი დაჯდეს.
ცვალებად გარემოში მსგავსი დაკვირვებების წარმოება მეცნიერებს ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე პროცესების შესახებ ფასდაუდებელ ინფორმაციას მიაწოდებს.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები