უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ვახტანგ გომელაურის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნაზე ოპოზიციის შეფასებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან თანამდებობაზე ვინმეს დანიშვნა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნისას ლოგიკურია.

"ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც არის ჩვენს გუნდში, რომელიც არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სადმე დაინიშნება, შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან. აბა, სააკაშვილის გარემოცვიდან ხო არ დაინიშნებოდა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ადამიანი ამ თანამდებობაზე? ანუ რა ლოგიკას ავითარებთ? სააკაშვილის გარემოცვიდან უნდა დანიშნულიყო ადამიანი თუ რა უნდა მომხდარიყო", — განაცხადა მდინარაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას შეითავსებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, დღეს, 19 თებერვალს განაცხადა.