2024 წლის მთვარის მისიისთვის 35 მილიარდი დოლარია საჭირო — NASA
ათი თვის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა NASA-ს ადამიანების მთვარეზე გაგზავნა სთხოვა. მისი დავალებით, ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოს ასტრონავტები მთვარეზე 2024 წელს უნდა გაეშვა.
მისიისთვის 25,2 მილიარდი დოლარი იყო გამოყოფილი, თუმცა NASA-ს განცხადებით, Artemis-ის პროგრამის ფარგლებში სააგენტოს დამატებით 35 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
დამატებითი 35 მილიარდი დოლარი მთვარეზე ასტრონავტების გაშვების გარდა, NASA-ს მნიშვნელოვანი გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობას მისცემს. კოსმოსური სააგენტო იმედოვნებს, რომ მომავალში მთვარის პოლუსებიდან ყინულის მოპოვება გახდება შესაძლებელი, რაც მასზე მუდმივი ბაზის განთავსებას შეუწყობს ხელს.
NASA-ს ფინანსური დირექტორი ჯეფ დევიტი მიიჩნევს, რომ ნასას დამატებით დაფინანსების მოპოვების კარგი შანსი აქვს, თუმცა ბევრი მაინც სკეპტიკურად არის განწყობილი.
ლოვეროს თქმით, კოსმოსური ფრენა მთვარეზე ასტრონავტების პირველად გაშვების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა.
"60-70-იან წლებში ძალიან ცოტა ბიზნესი იყო ისეთი, რომელიც კოსმოსურ მოგზაურობაში ფულს ჩადებდა", — ამბობს ლოვერო — "შესაბამისად, მთვარის მისიებს მთლიანად NASA აწარმოებდა. დღეს კი ვითარება შეცვლილია."
NASA-ში იმედოვნებენ, რომ ასტრონავტების მთვარეზე გაშვებას კომერციული კოსმოსური ფრენის კომპანიები მხარს დაუჭერენ, რაც პროცესს ბევრად გაამარტივებს.
ვაშინგტონის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, კომერციული რაკეტის გამშვები სისტემის გამოყენებით (როგორიცაა, მაგალითად, Falcon Heavy), მთავრობა 1,5 მილიარდ დოლარს დაზოგავს.
მთვარის მისია კოსმოსური სააგენტოებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია — მისიის წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა, ასტრონავტები მარსზეც გაემგზავრონ, რაც კოსმოსის კოლონიზაციას დაუდებს საფუძველს.
კომენტარები