არის თუ არა სექსომნია ნამდვილი აშლილობა
ბევრი რამაა, რაც მრავალ ჩვენგანს ძილს გვიფრთხობს, მაგრამ ამ ჩამონათვალში, როგორც წესი, ძილის დროს სექსი არ შედის ხოლმე. სანაცვლოდ, სიზმრების დამაფრთხობელი ჩამოფარებული ფარდებიდან შემოპარული ციმციმა სინათლე ან კატა თუა ხოლმე, რომელიც უარს აცხადებს, შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მას არასდროს ჰქონია და არც არასდროს ექნება საუზმე გამთენიის 4:15 საათზე.
თუმცა ადამიანებისთვის, რომლებსაც განვითარებული აქვთ სექსომნია, — მდგომარეობა, რომლის დროსაც სექსუალური სახის ქცევები ძილის დროს ვლინდება, — ძილის დამაფრთხობელი მოვლენა ეროტიკული ხასიათისაა. დიახ, ეს რეალური ფენომენია და მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეამ ზოგში, შესაძლოა, ღიმილი გამოიწვიოს, სექსომნიის მქონე ადამიანებისათვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეს საკითხი მრავალი პრობლემის გამომწევი შეიძლება გახდეს; განსაკუთრებით იმიტომ, რომ მან, შესაძლოა, საკუთარ თავზე ან სხვაზე ძალადობის ფორმა მიიღოს.
არ არსებობს სტატისტიკური მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენ ადამიანს აქვს სექსომნია. სავარაუდო რიცხვის დადგენა ძალიან რთულია, რადგან ხალხი ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობს. როგორც წესი, ადამიანები ერიდებიან ძილის კლინიკებში იმ მიზეზით მისვლას, რომ მათ სექსომნიისაგან განკურნება სურთ. "თუმცა, რეალურად, თუ ძილის კლინიკის პაციენტებს სისტემატურად ვკითხავთ, ძილის დროს სექსუალური ქცევის ნიშნები ხომ არ გამოუვლენიათ, დადებით პასუხს ხშირად მოისმენთ", — ამბობს ლონდონის ბრიჯის საავადმყოფოს ნევროლოგ-მრჩეველი და წიგნის, ღამით აქტიური ტვინი, ავტორი, დოქტორი გაი ლესჩინერი, — "სავარაუდოდ, სექსომნია არც ისე იშვიათია, როგორც ჩვენ გვგონია".
მართალია, სექსომნიაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ ძილის ექსპერტებს უკვე აქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ რატომ ვითარდება ეს მდგომარეობა, რა იწვევს ადამიანებში ძილის დროს სექსს და რა უნდა მოვიმოქმედოთ, როდესაც დავეჭვდებით, რომ ამგვარ სიმპტომებს ვავლენთ.
ძილის ციკლი რამდენიმე გამოხატულ ეტაპად შეიძლება დაიყოს. არსებობს თვალების სწრაფად მოძრაობის, ეგრეთ წოდებული REM ძილი, რომლის დროსაც სიზმრებს ვხედვათ. არაფხიზლად ყოფნის 75 პროცენტის განმავლობაში კი ჩვენ თვალების სწრაფი მოძრაობის გარეშე, იმავე NREM ძილით გვძინავს.
NREM ძილი, თავის მხრივ, სამ ფაზად იყოფა. პირველი ორი, N1 და N2 საფეხური, არსებითად, ჩაძინების პროცესია (თქვენი სუნთქვისა და გულის ცემის ტემპი რეგულარულია, თუმცა გარემოს ვეღარ აღიქვამთ და სხეულის ტემპერატურა ოდნავ ვარდება). N3 საფეხურზე, რომელიც NREM ძილის უკანასკნელი ფაზაა და ნელი ტალღის ძილის სახელითაც არის ცნობილი, თავის ტვინის აქტივობა იცვლება. ეს, როგორც წესი, ყველაზე ღრმა და აღმდგენელი ძილის ფაზაა.
პარასომნია, — ძილის დარღვევა, რომელიც უცნაური ქცევებით ხასიათდება, — ადამიანებმა როგორც REM, ასევე NREM ძილის დროს შეიძლება განიცადონ. როცა ეს REM ძილის ფაზაში ხდება, თქვენ, მართალია, სრულად გათიშული ხართ და სიზმრებს ხედავთ, მაგრამ ტვინის ის ნაწილები, რომლებიც, ჩვეულებრივ, გიცავენ იმისგან, რომ სიზმარში მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ მოძრაობა არ დაიწყოთ, სათანადოდ არ ფუნქციონირებენ. ძილის პარალიზი REM პარასომნიის მაგალითია. NREM პარასომნიები კი მაშინ ემართება ადამიანს, როდესაც ტვინის ერთ უბანს სძინავს, ხოლო სხვა ნაწილი ღვიძილის მდგომარეობაში იმყოფება. როგორც ლესჩინერი ამბობს, ეს, როგორც წესი, ნელი ტალღის ძილის განმავლობაში ხდება. ამ მოვლენის მაგალითებია ძილის დროს საუბარი, მთვარეულობა და, როგორც ჩანს, სექსომნიაც.
NREM პარასომნიის ბევრ ფორმას, მათ შორის სექსომნიასაც, ახასიათებს ქცევები, რომლებსაც ავტომატიზმებს უწოდებენ. "ავტომატიზმები, შესაძლოა, კომპლექსური მიზანმიმართულების და კოორდინაციის გარეშე გამოვლინდეს. მთვარეული, უბრალოდ, უმიზნოდ იხეტიალებს, კარს გააღებს ანდაც დაჯდება, მაგრამ რთულ ქმედებებს ვერ შეასრულებს", — ამბობს ნევროლოგი და ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვექსნერის სამედიცინო ცენტრის ძილის სპეციალისტი, ჯესი მინდელი, — "ისეთი სექსუალური ტიპის ქცევები, როგორიცაა თეძოების მოძრაობა, მასტურბაცია და თავად სექსიც კი, ამ ტიპის აქტივობებს განეკუთვნება". უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უმეტეს შემთხვევაში, ადამიანებს, რომლებიც NREM პარასომნიას განიცდიან, გამოღვიძებისას არ ახსოვთ თავიანთი ნამოქმედარი.
თუმცა არსებობს თეორიები ამ მდგომარეობის გამომწვევი პოტენციური მიზეზების შესახებ. სქესობრივი მედიცინის საერთაშორისო საზოგადოების (ISSM) მიხედვით, სექსომნიის მქონე ადამიანებს ხშირად ძილის სხვა დარღვევებიც აწუხებთ. 2016 წელს ჟურნალ Current Opinion in Pulmonary Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბრიტანეთში არსებული გაის და წმინდა თომას ძილის დარღვევის ცენტრში 2008-2014 წლების განმავლობაში სექსომნიის მქონე 41 პაციენტის 73 პროცენტს პარასომნიის სხვა ფორმებიც აღენიშნებოდათ, მათ შორის, მთვარეულობა ან დაბნეულობითი აღგზნება, — მდგომარეობა, რომლის დროსაც გაღვიძებისას ადამიანები უცნაურად იქცევიან ან ძილ-ბურანში მყოფი პირისთვის უჩვეულო ქმედებით, მათ შორის სექსით, კავდებიან.
როგორც კვლევა ააშკარავებს, სექსომნიასა და ძილის აპნოეს შორის კავშირიც იკვეთება. ძილის აპნოე ეწოდება დარღვევას, რომელიც მაშინ იჩენს თავს, როდესაც ადამიანს ძილისას მოკლე პერიოდებში სუნთქვის შეჩერებები აღენიშნება. ასეთ დროს ნელი ტალღის ძილის პერიოდში ტვინი ფხიზლდება. ძილის მსგავსი მცირეხნიანი შეწყვეტები დაბნეულობითი აღგზნების წარმოქნისათვის იდეალურ გარემოს ქმნის.
ასევე, გასათვალისწინებელია ძილის უკმარისობის ფაქტორიც. როდესაც საკმარისად არ გძინავთ ან თქვენი ძილი ზედმეტად ფრაგმენტულია, ძილ-ღვიძილის ციკლებს შორის ეფექტიანი მონაცვლეობა ფერხდება. მისურის შტატის მედიცინის ასოციაციის ჟურნალში 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ხარისხიანი ძილის ნაკლებობას NREM პარასომნიის ისეთი ფორმების გამოწვევა შეუძლია, როგორიც სექსომნიაა.
ისეთ ადამიანებში, რომლებსაც ნელი ტალღის ძილის დარღვევა აქვთ, სექსომნიის განვითარებას, შესაძლოა, ალკოჰოლის მოხმარებამაც შეუწყოს ხელი. 2017 წელს ჟურნალ Clinical Sleep Medicine-ში გამოქვეყნებულ გამოკითხვაში ვკითხულობთ, რომ ძილის კლინიკის 126 პაციენტიდან ალკოჰოლის რეგულარულად მიმღებთა 91.7 პროცენტმა განაცხადა, რომ სასმელმა მათი პარასომნიები უფრო ხშირი გახადა. მართალია, ძილის დარღვევის ექსპერტები თვლიან, რომ ამგვარ აშლილობათა გამომწვევ მიზეზად ალკოჰოლის მიჩნევა სადავო საკითხია, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლი ადამიანებში ნელი ტალღის ძილისა და დაბნეულობითი აღგზნების რიცხვს ზრდის (საუბარია შემთხვევებზე, როდესაც იღვიძებ, თუმცა კოგნიტურად ბოლომდე გამოფხიზლებული არ ხარ). ასევე, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ისეთი მედიკამენტები, როგორებიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs), რომლებიც თავის ტვინში სეროტონინის რაოდენობას არეგულირებს, ასევე ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება იყოს. SSRIs REM ძილს თრგუნავს და, შესაძლოა, ძილის ფრაგმენტაციაც გამოიწვიოს.
"ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ პარასომნია მემკვიდრეობითაც გადაიცემა", — ამბობს ლესინჩერი, — "ამიტომ ადამიანები, რომლებსაც ისეთი ძილის დარღვევები აწუხებთ, როგორიც სექსომნიაა, ხანდახან ამ აშლილობისადმი გენეტიკურად არიან მიდრეკილნი".
"რადგან ადამიანებს, რომლებსაც NREM ძილის დარღვევები აქვთ, ხშირად არ ახსოვთ, რომ ძილისას უჩვეულოდ იქცეოდნენ, ისინი მხოლოდ ირიბი მინიშნებების საფუძველზე ეჭვდებიან თავიანთ მდგომარეობაში", — ამბობს დოქტორი მინდელი, — "მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ძილის დროს ჭამენ, წონის მომატებას ან სახლში უჩვეულო არეულობას ამჩნევენ. მთვარეულებმა, შესაძლოა, იმ გზით გაიგონ, რომ დარღვევა სჭირთ, თუ მათ ძილში სიარულის დროს სხვა ადამიანები შეამჩნევენ ან საკუთარ თავს დააზიანებენ. როდესაც საქმე სექსომნიას ეხება, ადამიანების უმეტესობა მხოლოდ იმიტომ იგებს ამ აშლილობის ქონის შესახებ, რომ პარტნიორი, რომელიც მათთან საწოლს იზიარებს, შესაბამის ქცევაზე მიუთითებს".
ამ გარემოებას კი სექსომნიის შესახებ არსებულ მნიშვნელოვან საკითხამდე მივყავართ: მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა ხუმრობასავით შეიძლება ჟღერდეს, მას სერიოზული პრობლემების გამოწვევის პოტენციალიც აქვს. მაგალითისათვის, სექსუალურ აქტივობაში ბოლომდე გამოუღვიძებელ მდგომარეობაში ჩართვისას მარტივია, რომ სხეულის ნაწილი დაიზიანოთ. ამასთან, ადამიანებმა, რომლებმაც სექსომნიის ეპიზოდები გამოსცადეს, შესაძლოა, თავი დამნაშავედ თუ შერცხვენილად იგრძნონ ან, სულაც, დეპრესია განუვითარდეთ. და რაც განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, როდესაც სექსომნიის ეპიზოდს განიცდით და ამ აქტში სხვაცაა ჩართული, თქვენ გაცნობიერებული თანხმობის არც გაცემა შეგიძლიათ და არც — მიღება.
"არსებობს ამ მდგომარეობის სამედიცინო მხარე, მაგრამ ასევე სერიოზულად გასათვალისწინებელია სამართლებრივი მხარეც", — ამბობს დოქტორი მინდელი. სამართლებრივი ასპექტი კი განსაკუთრებით ანგარიშგასაწევი იმის ფონზეა, რომ სანამ ზუსტი კლინიკური სურათი არ შეიქმნება, გაუპატიურებაში ბრალდებულებმა, შეიძლება, ამ მდგომარეობის გამოყენება საკუთარი, ცნობიერ მდგომარეობაში ჩადენილი ძალადობის გასამართლებლად სცადონ.
"მსგავსი დარღვევები უმიზეზეზოდ არ ვითარდება. უბრალოდ, უნდა გამოიკვლიო, რასთან გაქვს საქმე და შემდეგ მოაგვარო ის", — აცხადებს მინდელი. ეს სათქმელად კი ადვილია, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ თუ ფიქრობთ, სექსომნია გჭირთ, ნამდვილად ღირს დახმარების თხოვნა. "თუ ძილის სპეციალისტი ჯერ არ გყავთ, შეგიძლიათ, პირად ექიმს მიმართოთ რეკომენდაციისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენს ექიმს შეეძლება, სრული გამოკვლევა ჩაგიტაროთ და დაგისახელოთ სექსომნიის გამომწვევი შესაძლო მიზეზები, — მაგალითად, ძილის უკმარისობა, — გასათვალიწინებელი ჯანმრთელობის საკითხები, მედიკამენტები ან ცხოვრების სტილთან დაკავშირებული ისეთი ფაქტორები, რომელთაც მდგომარეობის გამწვავება შეუძლია", — ამბობს ის, — "შესაძლოა, ექიმთან ისეთ მედიკამენტებზე დალაპარაკებაც ღირდეს, როგორიც ქლონაზეპამია. ამ უკანასკნელს შეუძლია, დაამშვიდოს თქვენი ცენტრალური ნერვული სისტემა და შეამციროს დროის ის მონაკვეთები, რომლის განმავლობაშიც ყველაზე ხშირად იჩენს თავს NREM ფაზისთვის ნიშნეული დარღვევები".
ასევე, მთლიანი ძილის ჰიგიენის შეცვლისთვის გარჯაც ღირს. ეს მოიცავს ალკოჰოლის მოხმარებაზე ლიმიტის დაწესებას და დარწმუნებას იმაში, რომ თქვენი ძილ-ღვიძილის ციკლი მოწესრიგებულია. ასევე რეკომენდებულია საღამოს დამამშვიდებელი იმგვარი რიტუალები, როგორიცაა გრილი შხაპის მიღება ან კითხვა. ყოველი ზემოაღნიშნული ქმედება ძილის ზოგადი ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული და იმ ფაქტორებს ამცირებს, რომლებსაც ძილის შეფერხება შეუძლიათ.
სექსომნიის გამომწვევი მიზეზების გამოვლენის პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ იმ ადამიანების გვერდით იძინოთ, რომლებიც თქვენს მდგომარეობაში გარკვეულნი არიან. თუ თქვენი სექსომნიის შესახებ სწორედ პარტნიორისგან გაიგეთ, დიაგნოზის დადგენა საშუალებას მოგცემთ, მასთან მეტად გათვითცნობიერებული და დეტალური საუბარი გქონდეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ შექმნილ მდგომარეობას. ასევე, სრულიად ნორმალურია, თუ სექსომნიის მქონე პირის პარტნიორი ძილს სხვა ოთახში არჩევს (ასეთ დროს კარის შიგნიდან ჩაკეტვაც რეკომენდებულია, რადგან ამ აშლილობის მქონე ადამიანები მთვარეულებიც არიან ხოლმე), რათა აირიდოს არასასურველი კონტაქტი ან თავი დაიცვას ფიზიკური შევიწროებისგან.
ამ ყველაფრის მერე, შესაძლოა, სექსომნია ერთობ საშიშ აშლილობად მოგეჩვენოთ, მაგრამ აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ის ხშირ შემთხვევაში მკურნალობის სწორ კურსს ემორჩილება, დახმარების თხოვნა კი არასოდესაა სასირცხვილო.
ამავე თემაზე:
ინსომნიასთან ბრძოლა — რჩევები უკეთ გამოძინებისთვის;
10 ცვლილება, რომელიც უკეთესად ძილში დაგეხმარებათ;
ძილთან დაკავშირებული 6 მითი, რომელიც ჯანმრთელობისათვის საზიანოა.
კომენტარები