Lionsgate-მა ცოტა ხნის წინ საშინელებათა ჟანრის მოყვარულები მოულოდნელად გაახარა და ამ ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმების სერიის, Saw-ის ახალი ნაწილის ტრეილერი გაავრცელა.

მომავალი ფილმი Spiral-ის სახელწოდებით გამოვა და ძირითადად პოლიციის აგენტების ირგვლივ განვითარდება, რომლებიც სადისტური მკვლელობების გახმაურებულ შემთხვევებს იძიებენ.

Saw-ის ერთგული გულშემატკივრები ამ მოკლე ვიდეოდანაც მარტივად იცნობენ იმ მძიმე ატმოსფეროსა და დაძაბულ გარემოს, რომელიც ფრენჩაიზის წინა ფილმებისთვის იყო დამახასიათებელი.

ფილმის აღწერაში ვკითხულობთ, რომ პოლიციელების მიერ დაწყებული გამოძიება ქალაქის საშინელ წარსულს გამოაშკარავებს და გამომძიებლებს შემზარავ თამაშში ჩაითრევს. ამ ფილმების სერიის წინა ნაწილებში არაერთი საზარელი ისტორია გვინახავს და საინტერესოა, რითი გაგვაოცებენ ახალ ფილმში.

Spiral დარენ ბოუსმანმა გადაიღო, რომელიც ასევე რეჟისორია Saw-ის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებისა. მთავარ როლებს სემუელ ელ ჯეკსონი, კრის როკი და მაქს მინგელა ასრულებენ.

ფილმის პრემიერა 15 მაისს შედგება.