ციცინათელებს გადაშენება ემუქრებათ — ჩვენ მათ ადგილს აღარ ვუტოვებთ
ციცინათელები ღამეებს მსოფლიოს მრავალ სხვადასხვა კუთხეში ანათებენ, ამ საოცარ არსებებს კი გადაშენების საფრთხე ემუქრებათ. ამის მიზეზი მეტწილად პესტიციდები, ციცინათელების საცხოვრებელი არეალის განადგურება და სინათლით დაბინძურებაა.
საცხოვრებელი არეალის დაკარგვა პრობლემას არაერთი ცხოველისთვის წარმოადგენს. კვლევის ავტორის, სარა ლევისის თქმით, ციცინათელის უამრავ სახეობას სიცოცხლის ციკლის შესასრულებლად სპეციფიკური გარემო სჭირდება, რომელიც მუდმივი საფრთხის ქვეშაა.
მაგალითად, მალაიზიური ციცინათელისთვის მანგროს ხეები და ჭაობები სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი. მალაიზიაში სამწუხაროდ მანგროს ჭაობები მეტწილად პლანტაციებად და აკვაკულტურის ფერმებად გარდაიქმნა, რამაც მალაიზიურ ციცინათელებს საცხოვრებელი დააკარგვინა.
ციცინათელების "ნათების" უნარი მათი გამრავლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. მდედრი ციცინათელა სხეულში წარმოქმნილ სინათლეს მამრის ყურადღების მისაქცევად იყენებს. თუმცა, ჭარბი ხელოვნური განათების გამო, ციცინათელის მკრთალი სინათლე მამრისთვის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს.
ხელოვნურ სინათლეში ძირითადად ანთროპოგენური აქტივობისას წარმოქმნილ სინათლეს ვგულისხმობთ, როგორიცაა ღამის განათებები, ქუჩაში განთავსებული ეკრანები და ა.შ.
ზოგ ქალაქებში განათებები ისეთი კაშკაშაა, რომ სავსე მთვარეც კი ფერმკრთალი ჩანს.
"გარდა იმისა, რომ სინათლის დაბინძურება ხელს უშლის ცხოველების, მათ შორის ჩვენს ბიორითმს, ის ცუდად მოქმედებს ციცინათელების შეჯვარებაზეც", — ამბობს კვლევის თანაავტორი ავალონ ოუენსი.
კვლევის მიხედვით, დედამიწის 23% ღამით ხელოვნური სინათლით არის დაფარული. კვლევის ავტორები ასევე დაუკავშირდნენ 350 მკვლევარს, რომლებიც ციცინათელებს იკვლევენ, რათა მსოლფლიოს გარშემო ციცინათელებისთვის შექმნილ საფრთხეზე უკეთესი წარმოდგენა შექმნოდათ.
მკვლევრების თქმით, ციცინათელების ხანგრძლივი მონიტორინგით და მონაცემების შეგროვებით უკეთ გვეცოდინება, რამდენად სწრაფად იკლებს ციცინათელების პოპულაცია.
სასექსის უნივერსიტეტის პროფესორის, დეივ გოულსონის თქმით, საცხოვრებელი არეალის მოსპობა და პესტიციდები მწერების რაოდენობის კლების მთავარი მიზეზია.
როგორც ჩანს, სინათლის დაბინძურება, სხვა ბევრ მწერთან შედარებით, ციცინათელებზე უფრო მეტად აისახება:
"რა თქმა უნდა, ციცინათელებისთვის სინათლის დაბინძურება, სხვა მწერებთან შედარებით მეტად პრობლემურია" - ამბობს გოულსონი.
როგორც ჩანს, უკანასკნელი წლები მწერებისთვის არც ისე სახარბიელო იყო. მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად მწერების რაოდენობა 2,5%-ით მცირდება. UK Wildlife Trust-ის კვლევის მიხედვით, მწერების 41%-ს გადაშენება ემუქრება.
ციცინათელებს დამატებით საფრთხეს ტურიზმიც უქმნის. მაგალითად, იაპონიაში "ციცინათელების ტურიზმი" ძალიან პოპულარულია. ღამით ციცინათელების დიდ ჯგუფებზე დასაკვირვებლად წელიწადში 200 000 ადამიანი იკრიბება. მსგავსი ხალხმრავლობა ციცინათელებზე უარყოფითად აისახება.
ტაილანდში კატერებით მგზავრობა და ტურისტების მაღალი რაოდენობა ციცინათელების საცხოვრებელ არეალებში ციცინათელებს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მთავრობებთან და მიწათმფლობელებთან თანამშრომლობით და კონსერვაციული ზომების მიღებით ციცინათელების პოპულაციის კლება შეფერხდება.
კომენტარები