არ ვიცით, წარმოსახვაში ვცხოვრობთ თუ რეალობაში, მაგრამ პატარა ნორვეგიელი მომღერალი ანჯელინა ჯორდანი სცენაზე დაბრუნდა. ფეხშიშველა თეთრკაბიანი გოგონა 7 წლის იყო, როდესაც ნორვეგიის ტალანტ-შოუში პირველად გამოჩნდა და ბილი ჰოლიდეის Gloomy Sunday-ის თავისი ასაკისთვის წარმოუდგენლად ღრმა და ემოციური შესრულებით, მსოფლიო გააოცა. 2014 წელს ის შოუს გამარჯვებულიც გახდა.

ამჯერად ის ამერიკის ტალანტ-შოუში მონაწილეობს. ორშაბათს ანჯელინა NBC-ის ეთერში გამოჩნდა და ქუინის ბოჰემური რაფსოდიის საკუთარი არანჟირებული ვერსია შეასრულა.

ვიდეოს ყურების შემდეგ, ალბათ არ გაგიკვირდებათ მაყურებლის რეაქცია და ოქროს ღილაკი, რომელიც მოდელისგან და ჟიურის წევრისგან ჰეიდი კლუმისგან მიიღო.

ანჯელინა სცენაზე მუდამ ფეხშიშველი გამოდის, ამის მიზეზი უსახლკარო ბავშვები არიან, რომლებსაც ფეხსაცმელები არ აქვთ. 2015 წელს გამოცემული ილუსტრირებული წიგნის (Mellom to hjerter) მიხედვით, ანჯელინა 6 წლის იყო, როდესაც აზიაში უსახლკარო, ობოლ ბავშვს თავისი ჩექმები მისცა, ამის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ აღარასდროს გამოვიდეს ფეხსაცმლით სცენაზე, სანამ ყველა ბავშვი უსაფრთხოდ არ იქნება.

ანჯელინას პირველი გამოსვლა სცენაზე / Gloomy Sunday

Fly Me To The Moon

2014 წელს ანჯელინამ ინტერვიუში თქვა, რომ მისი ოცნება იყო ნობელის მშვიდობის პრემიის კონცერტზე შესრულება, რომელიც მან მალევე აისრულა. სიმღერა What A Wonderful World მან მალალა იუსაფზაის მიუძღვნა.